ყველაზე მომგებიანი მეურნეობა: 200 მილიონი თხილიდან

ყველაზე მომგებიანი მეურნეობა: 200 მილიონი თხილიდან

სამეგრელოში წელს თხილის კარგი მოსავალია, უფრო სწორად განსაკუთრებული მოსავალი კი არა ფასია. წელს თხილიდან მიღებულმა შემოსავალმა ყურძნიდან მიღებულ შემოსავალს გაასწრო.

„წელს თხილის ძალიან კარგი მოსავალია, ფასიც საგრძნობლად გაზრდილია. უკვე რეალიზებულია 170 მილიონი ლარის ღირებულების თხილი. ჩვენ კიდევ დამატებით 30-40 მილიონი ლარის ღირებულების თხილის რეალიზაციას ველოდებით. წელს, ჯამში, 200 მილიონი ლარის ღირებულების თხილის რეალიზაცია განხორციელდება, რაც სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დამატებით მოტივაციას გაუჩენს ადამიანებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, წელს 160 მილიონი ლარი შევიდა კახეთის რეგიონში, 200 მილიონი შევა სამეგრელოში, რაც ადგილობრივ ფერმერებს მისცემს დამატებით მოტივაციას, რომ გააშენონ მეტი თხილის პლანტაციები, კახეთში კი – გააშენონ ვენახი.

ქართული თხილისთვის ახალი ბაზრები გახსნას. ექსპორტიორებიც ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, წელს თხილის მოსავალი გარემო-პირობების გამო შრშანდელთან შედარებით შემცირდა, თუმცა სტიქიამ მოსავალი მეზობელ თურქეთშიც კიდევ უფრო დაზიანა, შესაბამისად, საქართველოში როგორც სარეალიზაციო ფასი, ისე საექსპორტო ფასი გაიზარდა.

თხილის ექსპორტიორი კომპანია „ქესკიას“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გლეხებისგან ნედლეულის ჩასაბარებელი 8 ლარი და 50 თეთრია, ხოლო საექსპორტო ფასი კი დაახლოებით 13 დოლარს აღწევს. კომპანია წლის ბოლომდე 100–დან 200 ტონამდე თხილის ექსპორტს გეგმავს.

„შარშანდელთან შედარებით მოსავალი ცოტათი შემცირდა, იმიტომ რომ ეს გამოწვეული იყო გვალვებითა და ყინვებისგან, რომელიც სამწუხაროდ საქართველოშიც იყო, ისევე, როგორც თურქეთში. ამის გამო, ფასი გაიზარდა და ჯერჯერობით ისტორიას არ ახსოვს, რომ 1 კგ თხილი 9 ლარამდე ღირებულიყო.

მოსახლეობისთვის და მცირე ფერმერებისთვის ძალიან კარგი მომენტია იმიტომ, რომ მათ მიერ მოწეული მოსავალი საკმაოდ მაღალ ფასებში იყიდება. მოთხოვნა უკვე გაჩნდა, როგორც ევროპული, ასევე ახალი ბაზრებიც გაიხსნა, მაგალითად აზიური ბაზრები და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან უკვე დაინტერესებული მხარე თხილის ბიზნესში უკვე გაფართოებულია და ვფიქრობთ, რომ წარმოების გაზრდაზეც უნდა ვიფიქროთ“, - - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი მარი კოდუა.

სოფელ ხიბულას მცხოვრები მერაბ ნადარაია ამბობს, ამ პერიოდში, თხილის ფასი ასეთი მაღალი ჯერ არ ყოფილა: „გაოცებულები ვართ. ზამთარში მისი ფასი შესაძლოა, 15 ლარამდე ავიდეს. მოსავალი გვალვამ გააფუჭა, შესაბამისად, ხარისხიც არ უვარგა, თუმცა მყიდველი მაინც ბევრია“.

რაც შეეხება გალის ტერიტორიას, იქ თხილის დიდი მოსავალია, თუმცა აფხაზი სეპარატისტები, რუსი სამხედროების დახმარებით, ფასს ხელოვნურად აგდებენ და ადგილობრივებს თხილის იაფად გაყიდვას აიძულებენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1 კგ პროდუქტის ფასი 5 ლარამდეა.

წლევანდელმა სეზონმა გალელებს ახალი თავსატეხი გაუჩინა, მათ ქვეყნის გარეთ თხილის გატანა ეკრძალებათ. მართალია, შეზღუდვა ადრეც იყო და გლეხებს ტვირთის საზღვრიდან გადატანა ისედაც აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ ისინი ზუგდიდში თხილის გაყიდვას მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველა გამშვებ პუნქტზე რუს სამხედროებს სათვალთვალო კამერები აქვთ დამონტაჟებული და საზღვრიდან არათუ ადამიანის გასვლა, ჩიტის გაფრენაც არ გამოეპარებათ. გალში დაბრუნებულ მოსახლეობას კარგად ახსოვს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე თხილის ბიზნესს განკარგავდნენ. მათი უმეტესობა კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.