სიკვდილიანობის შემცირების შემდეგ მთავრობა სოფლების განვითარებას გეგმავს

სიკვდილიანობის შემცირების შემდეგ მთავრობა სოფლების განვითარებას გეგმავს

20 მილიონი ლარი რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად - სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ეძლევათ შანსი, მცირე ბიზნესის წამოსაწყებად ან განსავითარებლად ხელისუფლებისგან საჩუქრად, 5 ათასი ლარი მიიღონ. პროექტი 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება და უშუალო სარგებელს დაახლოებით 5 ათასი მეწარმე მიიღებს. ნაწილს კი შესაბამის სფეროში გარკვეული განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემა. მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტი საწყისი კომპონენტი, სწორედ, მეწარმეებისა და მეწარმეობის მსურველებისათვის ტრენინგების ჩატარებაა.

„ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწარო და მთავრობის მიერ შემუშავებული ფინანსური მხარდაჭერის პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების მიზნებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს თითოეულ რაიონს წარმოების განვითარების იმაზე მეტი რესურსი გააჩნია, ვიდრე ამ რაიონის ადგილობრივ ბაზარს სჭირდება.

„ჩვენ დაგვხვდა დანგრეული სოფლის მეურნეობა, გაღატაკებული სოფელი, წარმოების არარსებობა რეგიონებში და ქვეყანა ორიენტირებული იყო იმპორტზე. ჩვენ დღემდე შემოგვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქცია მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენი გლეხების მიერ მოყვანილ ატამს ზაფხულში მეზობელი ქვეყნები ყიდულობენ, სამაცივრე მეურნეობებში ინახავენ და ზამთარში საქართველოში ხუთმაგ ფასად შემოაქვთ. ეს არის მარტივი მაგალითი, რა მდგომარეობაში იყო სოფლის მეურნეობა. გამოწვევები იყო ძალიან ბევრი, ჩვენ დავიწყეთ ამ გამოწვევებთან მუშაობა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა პირველ რიგში, სწორედ, იმპორტის ადგილობრივი მაღალხარისხიანი პროდუქციით ჩანაცვლება, შემდეგ კი პროდუქტის ექსპორტზე გატანაა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში სოფლის აღორძინება შეუძლებელი არ არის და ამას ისრაელის გამოცდილებაც ადასტურებს, სადაც ადამიანები ქალაქებიდან სოფლებში იმიტომ მიდიან, რომ იქ ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტექნოლოგიები არის განვითარებული.

„დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, განვავითაროთ კერძო სექტორი, ხელი შევუწყოთ მეწარმეობის განვითარებას, სოფლის მეურნეობას და იმას, რომ ქალაქიდან სოფელში წავიდეს მოქალაქე ბიზნესის განსავითარებლად, ისე როგორც ისრაელში ხდება. მჯერა, რომ ერთ დღეს ამას მივაღწევთ. კერძო სექტორს მოვუწოდებ, გაერთიანდეს სახელმწიფოსთან ერთად, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, გავაძლიეროთ სოფელი და ადგილობრივი წარმოება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნავს, ამის დასტურია 800 ათასი ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღება და სოფლის მეურნეობის სფეროში ბიუჯეტიდან 400 მილიონი ლარის დახარჯვა. წარმატებულ სამთავრობო პროექტებზე საუბრისას პრემიერმა საყოველთაო დაზღვევის პროგრამაც გაიხსენა და განმარტა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სიკვდიალიანობა შემცირდა.

„მოსახლეობა სულს ღაფავდა ელემენტარული პირობების არქონის გამო. დაახლოებით მილიარდი ლარით გავზარდეთ ჯანდაცვის ბიუჯეტი. დღეს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და აღარ ფიქრობს იმაზე, რომ თუ რამე სახის ოპერაცია დასჭირდება, ამის საშუალება არ ექნება. პირველად, 20 წლის განმავლობაში ჩვენ შევამცირეთ სიკვდილიანობა და წელს პირველად დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდა. წელს საქართველოში ნაკლები ადამიანი იღუპება, ვიდრე გასულ წლებში. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი, ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამის შედეგი, ჩვენ მივეცით საშუალებას ადამიანებს, თავისუფლად იცხოვრონ თავისუფალ საქართველოში და ეფექტი დაუყოვნებლივ გამოჩნდა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, სამუშაო ადგილებს მხოლოდ სახელმწიფო ვერ შექმნის და მთავრობა კერძო ბიზნესის განვითარების მიზნით პირობები უნდა შექმნას.

„გასულ წელს 6 მილიარდი მოგების სახით დაილექა საქართველოში კერძო სექტორში, ანუ არსებობს ფულადი და უამრავი უნიკალური რესურსი, რომელიც არ არის გამოყენებული. მე მინდა შევთავაზო ბიზნესს, პროექტების დონეზე, რისი წარმოება შეიძლება საქართველოში, რომ აკეთონ ბიზნესი თავისუფლად, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში. მხოლოდ მთავრობა ვერ გააკეთებს მათ გასაკეთებელს. უნდა გაერთიანდეს კერძო სექტორი და გახდეს თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის მშენებლობის პროცესში. სხვანაირად ქვეყანას ფეხზე ვერ დავაყენებთ. სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, რომ 2 მილიონ ადამიანს ერთ დღეში შევუქმნათ სიმდიდრე, ეს არის გამორიცხული, ჩვენ ამას არ ვიკადრებთ, არ მოვატყუებთ მოსახლეობას, არ დავპირდებით იმას, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, მაგრამ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ხშირად მთავრობის პროექტების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამდე სათანადოდ არ მიდის და ჟურნალისტები და არასამათავრობო ორგანიზაციები მთავრობის პროექტებით და მათი გაკონტროლებით მეტად უნდა დაინტერესდნენ.

ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტზე საუბრისას ყურადღებას რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ამახვილებს, სადაც ცხოვრების დონე განსაკუთრებით დაბალია.

„დღევანდელი გამოწვევა არის ის, რომ გვაქვს დიდი დისპროპორცია საქართველოში ქალაქსა და რეგიონში მაცხოვრებელ მოსახლეობაში და მათი ცხოვრების დონეში. ამიტომ დღევანდელი გამოწვევის გამკლავებისთვის აუცილებელია ეს პროგრამა, შემდგომში, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ეფექტიანობა გაიზრდება და შეიქმნება უფრო დიდი ზომის საწარმოები, რომლებიც განაწილდება სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობა“,- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი და აღნიშნავს, რომ მიკრომეწარმეობის პროექტში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართვა მათ ოჯახებს გამოკვების საშუალებას მისცემს.

პროექტის თანახმად საქართველოს რეგიონები 4 ლოტად არის დაჯგუფებული და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა - 20 მილიონი, თითოეულ ზონაში მცხოვრები ადამიანების მიხედვით, პროპორციულად არის გადანაწილებული.

კერძოდ კი, აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 6,1 მილიონ ლარს მიიღებს; კახეთი, მცხეთა მთიანეთი და შიდა ქართლის სავარაუდო ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იქნება; იმერეთი რაჭა-ლეჩუმი და ქვემო სვანეთი კი პროექტის ფარგლებში 4,5მილიონამდე ლარს მოიხმარს. ხოლო, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები მეწარმეები - 4,3 მილიონამდე ლარს.

სამთავრობო პროგრამას საკონსულტაციო კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები 26 თვის განმავლობაში განახორციელებენ. პირველი 4 თვე ტრენინგებსა და ბიზნესგეგმების მომზადებას დაეთმობა, 22 თვის განმავლობაში კი სამეწარმეო პროექტების დაფინანსება, ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი განხორციელდება.

ერთ მეწარმეზე გათვლილი მაქსიმალური თანხა 5 ათასი ლარია, ხოლო მეწარმეთა ჯგუფის კონსოლიდაციის შემთხვევაში 15 ათას ლარის მიღებაა შესაძლებელი. მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტში ბენეფიციარის თანამონაწილეობა 20%-ით არის განსაზღვრული.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მთავრობა რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიას შექმნის, რომელიც რეგიონების განვითარების შესახებ ახალ ხედვებზე იმუშავებს.