„იფ, კნიაზჯან!“

„იფ, კნიაზჯან!“

ცნობილი ქართველი მსახიობის, ვასო აბაშიძის სახელთან ერთი ტრაგიკომიკური კურიოზია დაკავშირებული.

ერთხელ, როდესაც მორიგი ეკონომიკური გასაჭირის გამო ქართულ თეატრს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი ცნობილ ბანკირთან, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან მისულან და სპექტაკლის დასადგმელად სესხად 500 მანეთი უთხოვიათ.

თურმე, მუხრან-ბატონმა გაიცინა და ვასო აბაშიძეს ჰკითხა: “ შენ არ იყავი, გუშინწინ, წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო?” ”მე ვიყავი”, - უპასუხა მსახიობმა. ”აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ”.

შეურაცხყოფილი აბაშიძე სიბრაზისგან აცახცახდა. მესხმა კი იფიქრა, შეიძლება ამ შემთხვევით ვისარგებლოთო და აბაშიძეს ყურში ჩასჩურჩულა: “რა გენაღვლება, შეხტი, ეგებ ფული დავტყუოთ”.

ბატონი ვასოც მიუხვდა გულისწადილს და სიბრაზისგან გაწიწმატებული უფრო გამეტებით შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: “იფ, კნიაზჯან!” მუხრან-ბატონს სიცილი აუტყდა და ქართველ მსახიობებს 500 მანეთი უფეშქაშა.