სამარცხვინო ნავთობბიზნესი

სამარცხვინო ნავთობბიზნესი

საქართველოში ნავთობიმპორტიორებმა ბიზნესის, კონკურენციისაა და სამართლიანი ფასის ყოველგვარი პრინციპი დაარღვიეს. მსოფლიოში საწვავი 25%-ით გაიაფდა, საქართველიში კი 3-4%-ით. რომ არა მედიის ზეწოლა, ესეც არ მოხდებოდა. ბოლო დღეებში ატეხილი ხმაურის შემდეგ მსხვილმა კომპანიებმა, ფასების შემცირება დაიწყეს, მაგრამ ეს სამარცხვინო ფასდაკლებაა.

17 ოქტომბრიდან კომპანია „გალფის“ ქსელში საწვავის ფასი 3 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, 1 ლიტრი G-F პრემიუმი - 2,22 ლარი, ევრო რეგულარი - 2,14 ლარი და რეგულარი - 2,04 ლარი ღირს. ჯერჯერობით არ გაიაფებულა დიზელის საწვავი

ფასები შეამცირა „ლუკოილმაც“, რომლის ქსელში ევრორეგულარის მარკის ბენზინი 1,99 ლარი ღირს, რაც ყველაზე დაბალი ფასია მსხვილი ქსელის მქონე კომპანიებს შორის. ევროსუპერი 2,24 ლარი ღირს, პრემიუმ ავანგარიდი - 2,16 ლარი, ევრო დიზელი - 2,16 ლარი.

ფასები შეამცირეს „ვისოლმა“ და „სოკარმაც“. „ვისოლის“ ქსელში ევრორეგულარი 2,04 ლარი ღირს, ეკო რეგულარი - 2,07 ლარი, ეკო პრემიუმი - 2,21 ლარი, ეკო სუპერი - 2,26 ლარი, ეკო დიზელი - 2,21 ლარი.

ზაფხულიდან მოყოლებული, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი მცირდება, რაც საშუალებას იძლევა, რომ საწვავი საქართველოშიც გაიაფდეს. 2014 წლის 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე 1 ბარელი ნავთობის ფასი კიდევ ერთხელ შემცირდა და ნიუ იორკში 81,78 დოლარი, ხოლო ლონდონში - 83,35, დოლარი შეადგინა. „პლატცის“ მიხედვით კი - 1 ტონა ბენზინის ფასი 800 დოლარის ფარგლებშია. ყველაზე მაღალი ფასი ბოლო პერიოდში ივნისის შუა რიცხვებში დაფიქსირდა, როდესაც ბენზინის საერთაშორისო ფასი 1055 დოლარი იყო.

მას შემდეგ უკვე 4 თვეა საწვავი განუწყვეტლივ იაფდება. საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები უკვე 25%-ით გაიაფდა. მსოფლის ყველა ქვეყანაში ფასი დაბლა მოიწევს, საქართველოს გარდა. ამ 4 თვის განმავლობაში ჩვენთან საწვავი უმნიშვნელოდ - სულ რაღაც 6-8 თეთრით გაიაფდა. ორიოდე კვირის წინ მენავთობეებმა ფასი 3-5 თეთრით დასწიეს, ამჯერად მხოლოდ 3 თეთრით. ორივე შემთხვევაში მსხვილფეხა ბიზნესმენების გადაწყვეტილება მედიის ზეწოლის გამო მოხდა. რომ არა ჟურნალისტების აქტიურობა, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა.

„ქართულ ოცნებას“ ამჯერად საწვავის ფასი აღარ აინტერესებს, არადა სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, თავგამოდებით ამტკიცებდნენ, რომ სანავთობო ბიზნესს არალეგალური წილებისგან გაათავისუფლებდნენ და ბენზინ-დიზელი საგრძნობლად გაიაფდებოდა. სხვათა შორის, მათი მმართველობის პირველ თვეებში რაღაც მსგავსი მოძრაობა ბაზარზე მართლაც შეინიშნებოდა. საწვავი ფასი 1,90 ლარამდეც კი ჩამოვიდა. მაშინ საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა ბენზინის საბითუმო ფასი 950 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, ქართველი ნავთობმაგნატებისთვის ზემოთაღნიშნული ფასი ხელსაყრელი იყო. ახლა „პლატცი“ 800 დოლარამდე დაეცა, მაგრამ საცალო ქსელში ფასი 1 ლიტრი 2-2,04 ლარი ღირს. მთავრობისა და მენავთობეების მხრიდან მომხმარებლის აბუჩად აგდება აშკარა და თვალნათელია.

მიახლოებითი გათვლებით ნავთობიმპორტიორები უკვე 50-თეთრიან მარჟაზე მუშაობენ. აშკარაა, რომ ნავთობის ქართულ ბაზარზე კარტელურ გარიგებებს აქვს ადგილი, რაც კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის დარღვევაა, მაგრამ ეს უკვე აღარავის აინტერებს.

ნავთობის ბიზნესში არსებულ კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე კი პირდაპირ აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტო საწვავს ვერ გააიაფებს, მან უნდა შეისწავლოს ეს ბაზარი და წარმოადგინოს ფაქტები, რომ კომპანიებს შორის მართლაც არის კარტელური გარიგებები.

„ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის“ გენერალური დირექტორი, ექპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე შექმნილ ვითარებას კარტელური გარიგების ყველა ნიშანი ახასიათებს.

„მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში საწვავის ფასებზე 25-%-იანი კლება აღინიშნა, საქართველოში კი ამ მასშტაბის კლება არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში კარტელური გარიგების ყველა ნიშანია. ბაზარზე ცოტა კომპანია საქმიანობს და მათ შორის კონცენტრაციის ხარისხიც მაღალია. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ შეთანხმებულად იმოქმედონ და იმაზე მეტი მოგების მარჟა მიიღონ, ვიდრე ეს ნორმალური, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი“, - აცხადებს ლექვინაძე სააგენტო „ბიპიენთან“ საუბრისას.

იგივე აზრისაა ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი:

„გავიხსენოთ ის დრო, როდესაც 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 140 დოლარი იყო. დღეს ეს ფასი 81 დოლარიდან 85 დოლარამდე მერყეობს. ლარში რომ გადავიყვანოთ, დასავლეთში ბენზინის ფასი, საშუალოდ, 1,45 ლარის ეკვივალენტია, ხოლო დიზელისა - 1,40 თეთრამდე. განსხვავება ხარისხის მიხედვითაა - ასეთია მსოფლიო ფასები უკვე დამუშავებულ ნავთობზე. ჩვენთან კი, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი იწყება 2,10 თეთრიდან და 2,35 თეთრამდე ადის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს არ შეუძლია დირექტივა გასცეს და მიუთითოს, რომ ფასი დასწიონ. თუმცა, ეს სხვაობა თვალსაჩინოა. მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ამ სფეროში კონკურენცია არის ძალიან დაბალი და ოლიგოპოლიურ-მონოპოლიური ტიპის წარმონაქმნთან გვაქვს საქმე, სადაც ფასები ხელოვნურად რეგულირდება“.

ნედლი ნავთობის ფასი მთელ მსოფლიოში მცირდება, ამ ტენდენციას ჩვენმა ქვეყანამაც უნდა აუწყოს ფეხი. თუმცა, აშკარაა, რომ ნავთობკომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ, ქვეყანაში მონოპოლიური სისტემა შეიქმნა და სახელმწიფო მდგომარეობის გამოსწორებაზე ან ნაკლებად ზრუნავს, ან ვერ მიაგნო ხერხს, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა.