„სახელმწიფო ვალებს იღებს, ფულს ვერ ხარჯავს“

„სახელმწიფო ვალებს იღებს, ფულს ვერ ხარჯავს“

პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითურთ მთავრობას უკან დაუბრუნა, გადამშავებული ვერსია კი საკანონმდებლო ორგანოში 5 ნოემბრამდე შევა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პირობას დებს, რომ თუ ბიუჯეტის პროექტში დაფინანსების ალტერნატიული წყაროები გამოჩნდება, ეს თანხა სამინისტროებს გადაუნაწილდება. მათ შორის თავდაცვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

პარლამენტი ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს, მაგრამ მანამდე, მთავრობამ პროექტში დეპუტატების მირ გამოთქმული რეკომენდაციები და შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს.

თუ რა ცვლილებები მომზადდება ბიუჯეტის პროექტში, ამის თაობაზე მინისტრი ამ ეტაპზე არაფერს ამბობს, დოკუმენტს კი უკვე ოპოზიცია აკრიტიკებს და მის მხარდაჭერას არ აპირებს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა, არცერთი პრიორიტეტი, რომელიც მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი, პროექტში არ არის ჩადებული. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ იმ დაპირებებზე უნდა გასცეს პასუხი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა.

„თუნდაც, იპოთეკით დაზარალებულ პირებს იაფ, გრძელვადიანი კრედიტებით გადაზღვევას დაჰპირდნენ და მათ პასუხი ამაზეც არ აქვთ. 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ. ბიუჯეტი დამატებით მილიარდ 300 მლნ ლარიან ვალს იღებს, საიდანაც 400 მლნ ლარი კერძო კომერციული ბანკებიდან აღებული მაღალპროცენტიანი სესხია“, - აცხადებს მელიქიშვილი.

კანონმდებელის ცნობით, ბიუჯეტის პროექტში გაწერილი არ არის თუ რა ოდენობით მოხდება პენსიების ზრდა და როდის.

„გაწერილი არ არის პენსიების და ხელფასების ზრდის საკითხი, მაშინ როდესაც ბუნდოვნად აყენებენ საკითხს, რომ თურმე, შესაძლებელია, რამდენიმე მლნ ლარით გაზარდონ ბიუჯეტი. სახელმწიფო ვალებს იღებს, ფულს კი ვერ ხარჯავს. ეს რისი ბრალია, მენეჯმენტის? ჩვენ მათ მეტი შესაძლებლობის მქონე ეკონომიკა დავუტოვეთ. ახალი ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტი 700 მლნ ლარით გაირღვა, საშემოსავლო გეგმა კი ცხრაჯერ გადაკეთდა“, - ამბობს მელიქიშვილი, რომლის პოზიციას იზიარებს მისი თნაგუნდელი ზურაბ ჯაფარიძე.

კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან დაბალი ტემპია საქართველოსთვის.

„მაკროეკონომიკურ პარამეტრებს არ ვეთანხმებით. 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა არის დაგეგმილი, რაც საქართველოსთვის ძალიან დაბალი ტემპია. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და ჩვენი ცხოვრების დონე აიწიოს“, - აცხადებს კანონმდებელი.

ჯაფარიძე სახელმწიფოს მხრიდან ვალის აღებასაც აპროტესტებს და ამბობს, რომ მიმდინარე წელს და მომავალ წელს ჯამში 3 მილიარდიანი ვალის აღება მოხდება.

„არ ვეთანხმებით, რომ მომავალ წელს ძალიან დიდი ვალის აღება ხდება, გარდა ამისა, რომ ბიუჯეტის პროექტით, უწყებრივი ზრდა არ ხდება. საბიუჯეტო პარამეტრების შესახებ თუ კითხვას დასვამ, გეუბნებიან, რომ რაღაც საკითხს დააზუსტებენ“, - აცხადებს ჯაფარიძე, რომელსაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ახალი ხელისუფლება ნაციონალების მთავრობის მიერ დაგროვებული ვალის გასტუმრებას ცდილობს.

როგორც for.ge-ს დავით ონოფრიშვილმა განუცხადა, ბიუჯეტის პროექტი საკმაოდ დაბალანსებულია და ძირითადი მაკროეკოომიკური სიტუაცია სტაბილური და კარგია.

მისი განცხადებით, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გამოირჩევა.

„ინფლაცია სტაბილურია და გაქცეული არ არის. შემოსავლები დაახლოებით 600 მლნ ლარით იზრდება. რაც შეეხება მილიარდიან ვალს, ნაციონალების მიერ დაგროვილი ვალები უნდა იქნას გასტუმრებული. ოპონენტები აპოკალიფსური სურათის დახატვას ცდილობენ, რომ პანიკური სიტუაცია შექმნან, რეალობა კი სხვააა. პროგრესიული ბიუჯეტია და უკან არ ვიყურებით, სადაც ისინი ჩარჩნენ და დარჩნენ“, - აცხადებს ონოფრიშვილი, რომლის მსგავსად, ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ რაც არ უნდა კარგი ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს, მას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

ხადურის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში თუ დაფინანსების ალტერნატიული წყაროები გამოჩნდება, ეს თანხა სამინისტროებს გადაუნაწილდება.

მისი ცნობით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე პარლამენტის წევრთა შენიშვნების ნაწილი იმ შესაძლებლობების ფარგლებში იქნება გათვალისწინებული, რაც არსებობს.

მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ წელს ბიუჯეტი 3 პროცენტიანი დეფიციტის ფარგლებში დაიგეგმება და მასში გათვალისწინებულია ყველა პრიორიტეტული სფერო, მათ შორის ჯანდაცვა, განათლება, საპენსიო უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა.

„ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს, როგორიც არ უნდა იყოს ის. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალია იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც საქართველო შედის. რაც შეეხება ვალებს, რაც ხელისუფლებაში მოვედით, მილიარდ დოლარზე მეტი ვალი გავისტუმრეთ და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ იმის საშუალებას არ იძლევა, რომ მილიარდი დოლარი სხვა ვალის აღების გარეშე გავისტუმროთ“, - დასძენს მინისტრი.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად რეგლამენტისამებრ 1-ელ სექტემბერს შევიდა და მასზე მსჯელობა საკომიტეტო მოსმენების ფორმატში გასულ კვირას მიმდინარეობდა.

რაც შეეხება პარამეტრებს, 2015 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ია, ინფლაცია კი - 4%. ამასთან, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 7 მილიარდ 930 მილიონი ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები - 9 მილიარდ 350 მილიონი ლარის ოდენობით. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 8 მილიარდ 575 მილიონ ლარს, გრანტის - 95 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები - 680 მილიონ ლარს.