პირველმა საბიუჯეტო მღელვარებამ ჩაიარა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს შესასწორებლად უკან დაუბრუნდა. იშვიათი შემთხვევაა, როცა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან ერთად, კრიტიკა უმრავლესობიდანაც ისმოდა.
ბიუჯეტის კანონპროექტის პროექტის ძირითადი პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს გააცნო. გაიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნითი, შემაჯამებელი სხდომა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შენარჩუნებულია სოციალურ და ეკონომიკის წამახალისებელ პროგრამებზე ორიენტაცია, რაც შესაბამისი სამინისტროების ასიგნებებში არის ასახული.
მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ჯანდაცვის, ისე განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებთან და 2015-2016 წლებში აუცილებლად გაიზრდება პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის, ამასთან, გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები.
„2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში დეტალურად იქნება ასახული თუ რა მოცულობით მოხდება პენსიისა და მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდა“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
საპარლამენტო ოპოზიციამ კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მმართველი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“, დაპირებების შეუსრულებლობა შეახსენა და სახელმწიფო ვალის გაზრდასთან ერთად, სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების სახელფასო ხარჯების გაზრდის გამო უსაყვედურა.
ნაცმოძრაობა აკრიტიკებს ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი ერთ მილიარდ ლარზე მეტი ვალის აღებას და მთელ რიგ საბიუჯეტო ხარჯს, რომლებიც ნაკლებ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა.
სხვათა შორის, დიდად კმაყოფილნი არც უმრავლესობის წევრები იყვნენ, ოღონდ ისინი ითხოვდნენ მხოლოდ ერთს - სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსება გაზრდილიყო. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს გარდა, უფრო მეტი თანხა მოითხოვა სხვა სამთავრობო სტრუქტურამ. მათ შორის არ ყოფილა ენერგეტიკის სამინისტრო, რომლის დაფინანსების 20 მილიონი ლარით გაზრდა ისედაც ჩადებულია პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში. კახა კალაძის უწყების გარდა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსება ეზრდება კულტურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე გაკვირვებას გამოთქვამს ამგვარი ცვლილების გამო:
„ენერგეტიკა პრიორიტეტულია, მაგრამ პრიორიტეტულია საინვესტიციო თვალსაზრისით და კერძო აქტივობის კუთხით. ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსების გაზრდა უნდა ნიშნავდეს მის გაზრდილ როლს. ვერ ვხედავ აუცილებლობას, რატომ შეიძლება გაზრდილიყო ამ სამინისტროს დაფინანსება თუკი ენერგეტიკული პოლიტიკა იგივე რჩება“, - აღნიშნავს ჭიჭინაძე.
საპარლამენტო განხილვისას ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მოსალოდნელია ბიუჯეტის ხარჯების გაზრდაც. თუმცა, რა საშუალებით და როგორ, ეს ცნობილი გახდება ბიუჯეტის პროექტის მთავრობაში დაბრუნების შემდეგ.
საბიუჯეტო პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ხელმეორედ 5 ნოემბერს შევა. საბოლოოდ, საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე დეკემბერში დაამტკიცებენ.