რატომ მცირდება სავალუტო რეზერვები?

რატომ მცირდება სავალუტო რეზერვები?

ბოლო მონაცემები ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კუთხით ვითარება სტაბილურია, მაგრამ ტენდენცია არასახარბიელო. 2013 წლის სექტემბრიდან მოყოლებული რეზერვი 12%–ით არის შემცირებული. ეს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება, 2014 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის სავალუტო რეზრევების მოცულობა 2,701 მლრდ აშშ დოლარია, შარშან ამ დროს კი 3,074 მლრდ აშშ დოლარი იყო. სხვათა შორის, მცირე კლებაა აგვიტოს თვესთან მიმართებაშიც.

ოფიციალურ სარეზერვო აქტივებში, უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა, 1-ლი ოქტომბრისთვის 2,487 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო 2013 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის – 2,853 მლრდ აშშ დოლარით.

მართალია, სავალუტო რეზერვი პირდაპირ კავშირში არ არის ბიუჯეტთან, თუმცა 2013 წლის ბოლოს ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია საბიუჯეტო ფაქტორმა განაპირობა, ხოლო სავალუტო რეზერვი აღნიშნული ტენდენციის შესაჩერებლად დაიხარჯა. გარღვეული საბიუჯეტო შემოსავლის დიდი ნაწილის კომპენსირება საბიუჯეტო რეზერვიდან, ანუ ცენტრალური მთავრობის დეპოზიტებიდან მოხდა. 2013 წლის ბოლო კვარტალში ცენტრალურმა მთავრობამ დეპოზიტები ეროვნულ ბანკში დაახლოებით 453 მლნ ლარით შეამცირა. ჯამში, 2013 წლის ნაერთი ბიუჯეტის ბოლო კვარტლის დეფიციტი 660 მილიონი ლარი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ 3 თვეში ეკონომიკაში ჩაუშვა 660 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ეკონომიკიდან ამოიღო შემოსავლების სახით. შედეგად, დაირღვა ლარი/დოლარის წონასწორობა და ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო.

იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ლარის კიდევ მეტად გაუფასურება, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვიდან ნოემბერ–იანვარში 440 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. აქვე აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვის გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ეს თანხა დაიკარგა, უბრალოდ, ის გადაიცვალა ლარზე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა დაკარგა უცხოური ვალუტის რეზერვი, რაც მნიშვნელოვანია ვალუტის კურსის სტაბილურობისათვის და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შეუფერხებლად წარმართვისთვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური რეზერვების შემცირებას ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს. როგორც ხადურმა განაცხადა, ამაში საგანგაშო არაფერია, ვინაიდან სავალუტო რეზერვები ხან მცირდება, ხან - იზრდება.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გასული წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარით გაიზარდა და მერე 440 მილიონით შემცირდა, ანუ ჯამში გაიზარდა. ამავე დროს, წელს უკვე სამჯერ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვები შეიძინა და დაწყებულია ზრდის პროცესი, ესაა ჩვეულებრივი მოვლენა, სავალუტო რეზერვები ხან შემცირდება, ხან გაიზრდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ასე არ ფიქრობენ სპეციალისტები. ეკონომიკის ექსპერტი და ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 2014 წელი არის პირველი, როცა ეროვნული ბანკი უცხოური რეზერვების გაზრდას ვერ ახერხებს.

„საერთოდ, ბოლო წლებში ლარის მკვეთრი გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა იმიტომ, რომ უცხოური ვალუტის მიწოდება დიდი რაოდენობით ხდებოდა, მაგრამ შარშან, დეკემბერში, ლარის დევალვაცია დაიწყო. მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს მარტო დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა, რითაც ლარის მკვეთრი ვარდნა გააჩერა. შეიქმნა მეტ-ნაკლებად კრიზისული მდგომარეობა იმიტომ, რომ დეკემბერ-იანვარში სებ-მა რეზერვების სახით უზარმაზარი თანხა დოლარი დაკარგა.

თუ შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ, აშკარაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ძალიან შემცირდა. ეს გამოწვეული იყო ლარის დევალვაციის თავიდან აცილების მცდელობით და ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვით“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.