მზარდმა ინფლაციამ და სურსათის გაძვირებამ მოსახლეობა შეაშფოთა. განსაკუთრებით მომატებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასი. „საქსტატმა“ წლიური ინფლაციის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ 2014 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონე 4,8%-ით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2011 წლის ამავე პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, შარშანდელ სექტემბერთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი თითქმის 9 პროცენტით გაიზარდა. სწორედ ამ ჯგუფს უკავია საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათის მესამედი და მისი გაძვირება უმალვე აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე.
მოსახლეობა ფასების ზრდით შეწუხებულია, სპეციალისტები კი სავალალო შედეგს არ ელოდებიან. მიუხედავაად იმისა, რომ წინ ზამთარი და შემდეგ კი „მშიერი გაზაფხული“ გველის, საგანგაშო ინფლაცია მოსალოდნელი არ არის.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძეს ცოტათი ეუცნაურება, რომ საერთშორისო ბაზარზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში ფასები გაიზარდა. მსოფლიოში სურსათის ინდექსი არის შემცირებული, თითქმის ყველა პროდუქცია გაიაფებულია, ჩვენთან კი საპირისპირო ვითარებაა.
ჭიჭინაძე ამ შეუსაბამობის ახსნას ექსპორტისა და იმპორტის სტატისტიკაში ეძებს: „მსოფლიო ტრენდისგან ასეთი გადახვევა გამოიწვია, ალბათ, ორმა ფაქტორმა. ერთი ის, რომ სასურსათო პროდუქციის ექსპორტი არის გაზრდილი, და მეორე ის, რომ იმპორტი არის შემცირებული. ანუ ბაზარზე საქონლის მოცულობის შემცირებაზე მოქმედებს ეს ორი ფაქტორი: ეტყობა, უფრო მეტი იქნა გატანილი ქვეყნის გარეთ, ვიდრე შემოტანილი, რამაც რაღაც მომენტში, ვერ ვიტყვი რომ დეფიციტი, მაგრამ შემცირება გამოიწვია “, - აცხადებს ჭიჭინაძე რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გარდა, ფასებმა მოიმატა ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე. ასევე გაძვირდა საცხოვრებელი, სასტუმროები და კაფე-რესტორნები, ფასებმა მოიმატა ტრანსპორტზე და ჯანდაცვის სერვისზე.
თუ ალკოჰოლური სასმელების ფასის ზრდა შეიძლება რუსეთში გაზრდილი ექსპორტით იყოს განპირობებული, სიგარეტის გაძვირება მასზე აქციზური გადასახადის ეტაპობრივ ზრდას უკავშირდება. სასტუმროებს და კაფე-რესტორნებს რაც შეეხება, ამ ჯგუფის ფასების ზრდა სურსათის გაძვირებითა და ტურისტების ნაკადის ზრდითაა გამოწვეული.
ინფლაციის შედეგების კომენტირებისას ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა კაპანაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, ძირითადად, სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაძვირდა, მაგრამ შემოდგომა აქ არაფერ შუაშია: ეს სიტუაცია დამატებითი ბაზრების გახსნისა და იმ მოლოდინის ბრალია, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ შექმნა.
„რუსეთის ბაზარზე გასვლით კატასტროფულად გაიზარდა მოთხოვნა ყურძენზე, რაც მაშინვე აისახა ყურძნის ფასზე. იგივე მოხდა ისეთ პროდუქციაზე, რომლის გატანაც ქართველმა მეწარმეებმა დაიწყეს. მე უფრო მეტსაც მოველოდი იმიტომ, რომ სადაც მაღალია ფასი, პროდუქციის გადინებაც იქით ხდება, თუ ამას ხელოვნური ბარიერები არ ახლავს, ვგულისხმობ როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო შეზუდვებს. ყოველივე ეს კი, სტიმულს აძლევს ფასების ზრდას. უცბად გაჩნდა ახალი ბაზრის პერსპექტივა და ამან მოახდინა გავლენა სურსათის ფასზე.
ცნობილია, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა იწვევს ინფლაციურ პროცესებს, გუშინდელი 1 ლარი არასოდეს უდრის ხვალინდელ 1 ლარს, მათ შორის, აუცილებლად არის უმნიშვნელო ცვლილება. მთავარია, ინფლაციური პროცესის ხელოვნური სტიმულირება არ მოხდეს. ინფლაცია გონივრულ ფაგლებში უნდა გვქონდეს, 2-3 პროცენტი იდეალურია, მაგრამ 3-4 %-იც არ არის კატასტროფა”, - ამბობს ვაჟა კაპანაძე.