შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო სექტორები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო სექტორები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ლაგოდეხში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეოთხე სექტორ „ახალსოფელი“-ს, მესამე სექტორ „მსხალგორი“-ს და პირველ სექტორ „ცოდნის კარი“-ს შენობები საზეიმოდ გახსნეს. გახსნის ცერემონიას უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

აღნიშნული სექტორებიდან „მსხალგორი“ და „ახალსოფელი“ საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე, ხოლო სექტორი „ცოდნის კარი“ საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.

2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისათვის დამატებითი სახსრები გამოყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის.

სასაზღვრო სექტორის ახალი შენობები სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ინფრასტრუქტურა უახლესი ტექნოლოგიებით მოეწყო და აღჭურვილია სხვადასხვა სახის თანამედროვე აპარატურით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება. 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს სამი სექტორი „ახკერპი“ , „ბურდაზორი“ და „ვახტანგისი“ გახსნა.

საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი.

2014 წლის ბოლოსთვის კიდევ 3 ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნება.