გაისად მთავობა ვალების აღების ტემპს დააგდებს, მაგრამ მასზე დამოკიდებულებას მკვეთრად მაინც ვერ შეამცირებს. საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებები მომავალ წელს 1.32 მილიარდი ლარით იზრდება. მათ შორის, სახელმწიფო შიდა ბაზარზე 400 მილიონი ლარის ოდენობით სესხის აღებას აპირებს.
საგარეო სესხების ფარგლებში სახელმწიფო შემდეგი დონორებიდან მიიღებს კრედიტს: განვითარების პოლიტიკის ახალი ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან 155 მილიონს ლარს; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან - 85 მილიონი ლასი; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ შეღავათიანი კრედიტებს სახით - 680 მილიონ ლარს.
2014 წლის გეგმით, სახელმწიფოს წელს 1,636 მილიარდი ლარის სესხი უნდა აეღო, მათ შორის კი 600 მილიონი ლარი შიდა ბაზარზე. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით 2.2-ჯერ იყო გაზრდილი. უფრო დამაიმედებელია 2015 წლის მონაცემები, რადგან ვალის მოცულობა, 2014 წლის გეგმასთან შედარებით, 19.3%-ით მცირდება.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და, ძირითადად, შედგება გრძელვადიანი სესხებისაგან. პორტფელის საკონტრაქტო შეწონილი ვადიანობა შეადგენს 23 წელს, საშუალო შეწონილი დარჩენილი ვადიანობა - დაახლოებით 10.7 წელს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი - 1.94%-ს.
საგარეო ვალდებულებებზე მეტად საგანგაშოა სახელმწიფო საშინაო ვალის ზრდის ტემპი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგი თითქმის 43%-ით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის 30 სექტემბრითვის ქვეყნის საშინაო ვალი (ე.წ. „ისტორიული ვალის“ გამოკლებით) 1,837 მლრდ ლარია. ვალის უმეტესი წილი, დაახლოებით, 1,255 მლრდ ლარი სახაზინო ფასიან ქაღალდებზე მოდის. აქედან, 10 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების მოცულობა 105 მლნ ლარით განისაზღვრება, 5 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები - 370 მლნ ლარი, 2 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები - 396,3 მლნ ლარი, 12 თვის ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები - 384,2 მლნ ლარი. რაც შეეხება სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობას, იგი 581 მლნ ლარამდეა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო ვალს მშპ-სთან მიმართებაში კრიტიკულ ზღვრამდე არ მიუღწევია, თუმცა დამაფიქრებელია, რომ საგარეო ვალის 94 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. ეს კი ზრდის სავალუტო რისკს და იმის საფრთხეს, რომ გაცვლითი კურსის ფონზე აღებული ვალდებულებების წნეხი, შესაძლოა, გაიზარდოს.
ეკონომისტი და ექსპერტი რომან გოცირიძის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ აიღო 3 მილიარდი ლარის ვალი და მათი ნაწილი არის კერძო ბანკებიდან აღებული.
„2 წელიწადში საქართველოს ბიუჯეტმა აიღო სამი მილიარდი ლარის ოდენობის ვალი. 2014 წლის ბიუჯეტში ვალი არის 1,6 მილიარდი, აქედან 600 მილიონი არის შიდა ვალი, ხოლო ერთი მილიარდი ლარი ეს არის სესხი უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. წელსაც იგივე მეორდება. ერთი მილიარდი ლარის ოდენობის იქნება უცხოური წყაროებიდან, ანუ საგარეო ვალი, ხოლო შიდა, ანუ კომერციული ბანკებიდან აღებული ვალი 400 მილიონს მიაღწევს. გამოდის აბსურდული სურათი - მარტო ერთ წელიწადში საქართველოს მთავრობამ უნდა აიღოს ერთი მილიარდი ლარის ოდენობის ვალი, როდესაც კომერციული ბანკების მთელი საკრედიტო დაბანდება არის 11 მილიარდი, ანუ მთელი სესხების 10% ამ ორ წელიწადში უნდა წაართვას ბანკებს მთავრობამ“, - აცხადებს გოცირიძე.