ზამთრის კურორტები მოგვემატა, ტურისტები - მოგვაკლდა

ზამთრის კურორტები მოგვემატა, ტურისტები - მოგვაკლდა

[ეკა ბაქრაძე]

წლეულს საქართველოს ზამთრის კურორტები დაემატა, მაგრამ ტურისტები მოაკლდა. სეზონი, პრაქტიკულად, დასრულებულია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლეულს თეთრმა ტურიზმმა იმედები და პროგნოზები გააცუდა. მთავრობის წევრებს ჯერჯერობით, ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ „წარმატებული ტურისტული სეზონის“ ჩატარების შესახებ.

ზამთრის კურორტებზე სეზონი წელს თითქმის თვენახევრიანი დაგვიანებით დაიწყო. წლევანდელმა თბილმა და უთოვლო ზამთარმა ტურისტულ სეზონს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. შარშან ზამთრის სეზონზე გუდაურსა და ბაკურიანს 60 ათასამდე ტურისტი სტუმრობდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 90 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. წელს კი ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პროგნოზით 100 ათასი ტურისტი უნდა ჩამოსულიყო და შემოსავალი 150 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო.

ჯერჯერობით, არც შემოსავალი დაუთვლია ვინმეს და არც ტურისტების რაოდენობა. ამის მიზეზი ისაა, რომ რეალურად ზამთრის კურორტებზე ტურისტების ნაკადი არ გაზრდილა. მთავრობის წევრებს ბოლო 2 თვის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ წარმატებული საკურორტო სეზონის შესახებ. ისინი ინფორმაციის გაცემას გაურბიან, რადგან თბილმა ზამთარმა საკუთრორტო სეზონი სრულად ჩააგდო.

ახალ მთავრობაში იმის ეიმედებათ, რომ უამინდობა ცოტა კიდევ გაგრძელდება და ამის ხარჯზე თეთრი ტურიზმის სეზონი მარტის ბოლომდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

იმ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურისტებს ქვეყნის შიდა ტურებს სთავაზობენ ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა. მათ აკითხავენ როგორც ქართველი, ისე უცხოეული ტურსიტები. ტურ-ოპერატპრების ინფორმაციით, ტენდენცია წელსაც იგივეა - ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის.

ტურისტული კომპანია „ინტერტურის“ ინფორმაციით, წლეულს ტურისტების რაოდენობა შარშანდელისგან არ განსხვავდება:

„ტურისტების რაოდენობა ნორმალურია. არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორებიც. მათი რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც 2010 წელს იყო. ამ ორი წლის მონაცმები ერთ დონეზეა“.

ტურისტების აქტიურობა, შესაძლოა, ამ ორი წლის განმავლობაში მსგავსი იყოს, მაგრამ წლევანდელი სეზონი გასულთან შედარებით უფრო მოკლე გამოდის. შესაბამისად, საერთო ჯამში, წელს ვიზიტორების რაოდენობა ნაკლები იქნება. თავისთავად ნაკლები იქნება ზამთრის ტურიზმიდან მისაღები შემოსავალიც, რომელიც შეიძლება შარშანდელ მაჩვენებელსაც ვერ გაუტოლდეს.

ჯერჯერობით, იხტიბარს არ იტეხავენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.

„სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და ამიტომ მისი შეჯამება ჯერ ადრეა. მე შემიძლია გესაუბროთ ტენდენციებზე, რაც იკვეთება ამჟამად. იანვარი, კლიმატური პირობების გამო საკმაოდ უარყოფითი იყო სამთო-სათხლამურო კურორტებისთვის. თუმცა, თებერვალში თოვლის წამოსვლისთანავე გაიზარდა სასტუმროებში დაჯავშნული ნომრების რაოდენობა. მარტში ჯავშნების რაოდენობა არ შემცირებულა“, - აცხადებს ტურიზმის ერვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ბექა ჯაყელი.

წლევანდელ ზამთრის სეზონზე კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა. კურორტებზე იმატა ორი-სამი დღით ჩასული ტურისტების რაოდენობამ. ადრე, როგორც წესი, ბაკურიანსა და გუდაურში ჩასული ვიზიტორები ერთი-ორი კვირით მაინც რჩებოდნენ ხოლმე. წლეულს იყო „ერთკვირიანი ხალხიც“ და ასევე მომრავლდნენ ტურისტები, რომლებიც ბაკურიანში დასვენების დღეებში ჩადიოდნენ. 

დასკვნის გაკეთება აქედანაც შეიძლება. ამ ადამიანებს სრულფასოვანი დასვენებისათვის შესაბამისი თანხა არ გააჩნიათ, მაგრამ არც მთლად „უთოვლოდ“ დარჩენა სურთ. ამიტომაც 2-3 დღით აკითხავენ საყვარელ კურორტებს და ცდილობენ შაბათ-კვირაობით იჯერონ გული თხილამურეზე სრიალით. როგორც წესი, ასეთი სეგმენტი ხელგაშლილად თანხების ფლანგვას ერიდება. მათი შენატანი საერთო ტურისტულ ყულაბაში მეტად უმნიშვნელოა.