გურული მოგონებები “გურული დღიურებიდან’’

გურული მოგონებები “გურული დღიურებიდან’’

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრად ვიყავი და ბატონი გიორგი კეკელიძე მოვინახულე. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ბიბლიოთეკის ახალგაზრდა ხელმძღვანელმა ახალ წიგნზე მუშაობა დაასრულა. „გურული დღიურები“ დღის სინათლეს უახლოეს მომავალში იხილავს.

ბატონმა გიორგიმ ნება დამრთო რომ თავისი მოგონებების რამდენიმე ფრაგმენტი „For.ge”-ს მკითხველებისთვის გამეცნო. წიგნის სათაურიდან ჩანს რომ ეს ისტორიები საქართველოს ერთ-ერთ კოლორიტულ მხარეს - გურიას ეძღვნება. დავამატებდი იმასაც, რომ მოგონებები წინა საუკუნის 80-იან და 90-იან წლებს ეხება.

ნება მომეცით გიორგი კეკელიძეს ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო. ამ „სახალისო ისტორიებს“ ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ბებიაჩემი მედიკო

სოფლის შემთხვევათა გამგე იცით? მედიკო იყო. ეს არის ქორწილის და ქელეხის სუფრების მენეჯერი. ზოგან თავიკაცს ეძახიან. საარაკო დეტალების მცოდნე კადრი. ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, ერთი ბურვაკი რამდენ კაცს ეყოფა, ამ კაცთა კუჭის ზომა და იმ მაგიდის კვადრატები, სადაც ეს ხალხი განეფინება.

იცის, თუ რამდენ თეფშ ლობიოს შემუსრავენ სიცხეში, სიგრილესა თუ სიცივეში. სადაც ჩრდილი ადგება რამდენს სვამენ და სადაც სეფიდან ქარი უქრის - რამდენს. რამდენი ხაჭაპური მორჩება “მეორე დღიზა“. ფლავს რომ ოთხ კაცში ერთი შეჭამს და ღომი ყოველ მეორეს უნდა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - ისე ითვლიან ციფრებს და ვარაუდობენ სტატისტიკას, ფინანსურ ბირჟათა გაწვრთნილ სპეციალისტების შეშურდებათ.

კრიშნასავით არიან რა - არჯუნას რომ ეუბნება კურუკშეტრას ველზე, გადი იომე, ჩემგან ეგენი უკვე დახოცილები გახლავანო. ზუსტად ეგეთი თვალით გადახედავენ საქეიფოდ მოსულ ხალხს - მიდით, დასხედით, მე ეგ სუფრა უკვე ალაგებული მაქვსო.

ბებიაჩემი ნათელა

პირველი გოგო მისი მოსწავლე მიყვარდა. სახელად თეონა. გვარი არ მახსოვს. უჩვეულო ამ ამბავში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა უხერხულობა: მე ხუთი წლის ვიყავი, ის - მერვეკლასელი. ცხადია, თეონას ბებიაჩემმა უთხრა „ესე საქმე დამალული", იმ თეონამ კი რატომ მოიგონა, არ ვიცი - ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ, რომელსაც ბებიაჩემის ამბავში ვესწრებოდი (სახლში ჩემი დამტოვებელი არ ჰყავდა), მითხრა, მე „შავი ბიჭები" მომწონსო. ვიფიქრე, რომ შავში დაუბანლობას გულისხმობდა და დაბანას მთელი კვირა ვაპროტესტებდი.

ამდენის მოთმენა შეუძლებელი იყო. ლამის გამთოკეს და ისე დამბანეს. ჰოდა, ამ ძალად განბანის მერე ხმამაღლა ვყვიროდი, როგორც გამასუფთავეთ, ისე გამაშავეთ, თორემ წყალში გადავხტები-მეთქი. მერე ბუხრიდან გამოიღეს ნახშირი და წამისვეს. ეს ბებიაჩემის ერთ-ერთი საყვარელი მოსაყოლი ამბავი გახლდათ და, ამასთან, ჩემი პირველი ტრაგიკული სამიჯნურო საქმე.

უცნაური დატირების ისტორია

დატირება სამწუხარო რამეა, მაგრამ ხშირად იღებს პერფრომანსის სახესაც. არახალი ამბავია. რამდენჯერმე ვახლდი შორეულ სატირალში და ვაკვირდებოდი, როგორი ოსტატობით იღებდნენ სახელოში ჩაჩრილ ცხვირსახოცებს და სრულიად მოულოდნელ ცრემლებს იწმენდნენ შემაშინებელი მოთქმით.

იქამდე თუნდაც “სგუშონებზე' და “გავიადინაზე' ესაუბრათ. ან გარდაცვლილზე, ოღონდ შენიშვნის ფორმით : “აპა, რა იქნებოდა, რაც მაგი თუთუნს სვამდა' და ა.შ.

ერთხელ, ჩემმა ნათესავმა, როცა სამიზნე ადგილს მიუახლოვდა (დისტანცია, საშუალოდ ჭიშკრიდან 15-20 მეტრის მანძილზე მერყეობს) ინსტიქტურად წამოიკივლა მანამდელი საუბრის გაგრძელება: ”მარაზილკა არ უვარგა მაგ მაცივაარს, კარაქს სუნი აქ ორ დღეშიი!!' ანუ მანძილის საჭიროება კი იგრძნო, მაგრამ დაწყებული საუბარი ინერციით “გააკივილა' და უცებ გადააბა: “ვაი უბედურო რამინიააა, რა დღეი მეგეწიაააა!!

ნატანების დაარსების ადგილობრივი ვერსია

ერთხელ შეკვეთილში ქრისტეფორე კოლუმბმა გამოირა, გლეხები ნაპირთან სიმინდს მარგლიდნენ. გადმოსძახა ქრისტეფორემ გემიდან, ამერიკის აღმოსაჩენად მივდივარ და წამომყევითო. ამათმა, არაო, მარგლა უნდა დავამთავროთო. მაშინ კოლუმბს გლეხების თანმხლები ქალებისთვის გადაუხედავს და შეხვეწნია: თქვენ მაინც წამოდითო, ამათმაც იუარეს – ნადს ვერ მივატოვებთო.

მხოლოდ ერთმა ქალმა მოინდომა თავგდასავლებში ჩაბმა და გემისკენ გაიქცა. ქმარი გაწეულა ცოლის მოსაბრუნებლად, მაგრამ დანარჩენებს გაუკავებიათ, რა გინდა - ნატა (ასე ერქვა ქალს) თავისი ნებით წავიდაო.

დაერქვა სოფელს ნატანები.

საფლავის ქვები

ოთხმოცდაათიანებში, გურიაში (და ალბათ სხვაგანაც) თუ ცოლი ან ქმარი გარდაიცვლებოდა და მეორე მათგანი ცოცხალი იყო, საფლავის ქვაზე აუცილებლად დაატანინებდა საკუთარ სურათს (“ხარჯი ნაქნარიას' პრინციპით). და აწერია დაბადების თარიღი და ტირე სიკვდილის თარიღის მოლოდინში. საოცარი სანახავია. ერთ სოფელში ასეც მოხდა. გათხოვდა ახალგაზრდა ქვრივი. საფლავზე დარჩა სურათი ძველი ქმრის გვერდით, არავის მოუშლია. რადგან გურული სიყვარული უცნაურია და დიდი.

მექალთანე კოლმეურნეობის თავმჯდომარე

გელამ, ჩემმა მამიდაშვილმა, რომელიც ახლა მამა დავითია, ანუ მღვდელი, ერთი სახალისო ამბავი მომიყვა - პატიოსანი, სიტყვასანდობი კაცის, ადგილობრივი მოძღვრის მონათხრობი.

გურიის სოფელში, რომლის სახელსაც, ჩვენი ძველი მწერლებისა არ იყოს, ახლა არ დავასახელებ, ერთი ცნობილი ათეისტი კაცი კვდებოდა. “მიყობოდა მიქელას’’. ვერც მის სახელს გეტყვით, თუმცა იქაურები და მიდამო მცხოვრებნი ადვილად მიხვდებიან ამა საქმეს დაფარულსა და მის გმირებს. მოკლედ კვდებოდა ეს კაცი და არ აღიარებდა ღმერთის არსებობას არაფრით. რა არ იღონეს მისმა მორწმუნე შვილებმა, რაღას არ დაპირდნენ სააქაოს და საიქიოსთვის, მაგრად ამაოდ.

ერთ დღეს მოულოდნელად ბრძანა: “ღვდელი მეიყვანეთ, ახსარება უნდა უთხრაო“. მოიყვანეს გახარებულებმა. შევიდა და მალევე გამოვიდა ავადმყოფიდან. ღიმილს ვერ იკავებდა: “მითხრა, რომ მოვკდვები, ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტენებო’’.

პირობათად “გივი’’

ჩაის პუნქტი ცალკე ადგილია. ანუ სადაც კოლმეურნეობის დროს ჩაის აბარებდნენ. მაგალითად, ლეგენდარული გივი წითლიძის უფროსობისას, იმ კაცის, ეს მითი თუ ნაღდი ამბავი რომ უკავშირდება.

ეჯიბრებოდა სოფელ შრომის ხელმძღვანელს და ხშირად სოფელი შრომა იმარჯვებდა ჩაის კრეფაში.

ჰკითხეს მიხაკო ორაგველიძეს, შრომის კოლმეურნეობის შეფს: გივის მეტი მუშახელი ჰყავს და შენ როგორ იმარჯვებო?! - ჩემი კოლმეურნეობის ქალები, ორი ხელით კრეფენ ჩაის, წითლიძის კი - ცალით.

ჰკითხეს, ცალი ხელით რატომო? - რატომ და, ერთი ხელი უკან აქვთ მიფარებული, გივია არ მოგვახტესო!

ეგრე იყო გივის საქმე. ან ჩაის საქმე - როგორც გენებოთ.