„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“

„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს იაშვილის სახელობის კლინიკის სისხლის ბანკში.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს ხელმძღვანელმა პირებმა და მთელმა პირადმა შემადგენლობამ. ამასთნავე, სისხლის უანგარო დონორობის აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ამავე სამმართველოს ვადიანმა სამხედრო მოსამსახურეებმა.

მომავალში მსგავსი სახის ღონისძიება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებშიც ჩატარდება და სამართალდამცველები საკუთარ წვლილს შეიტანენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები წელიწადზე მეტია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლის გაღების აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულად მართავენ. აღნიშნული აქციით უწყება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას უწყობს ხელს.