მიწების აღწერა იწყება

მიწების აღწერა იწყება

2015 წლიდან სახელმწიფო რეგიონებში მიწების აღწერას იწყებს. ყველასათვის ცნობილია, რომ მიწების 80 პროცენტამდე ფორმალურად დაურეგისტრირებელია. ეს პროგრამა სწორედ რეესტრისა და საერთო ბაზის მოწესრიგებისაკენ გადადგმული პირელი ნაბიჯია.

მიწათმფლობელები ფიქრობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მათ დამატებით პრობლემას შეუქმნის, მაგრამ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, აღწერის მიზანი მიწის ბალანსის მოწესრიგებაა.

„აუცილებელია, მთავრობამ მიწის რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს და მიწების სრული აღწერა მოხდეს. დღემდე არავინ იცის რეალური მაჩვენებლები, სად რამდენი და როგორი მიწები გვაქვს. შესაბამისად, ეს ხელს უშლის სახელმწიფო პოლიტიკის სრულად და ეფექტურად განხორციელებას.

ფერმერების დახმარების სტარტეგიის შემუშავების პროცესში სერიოზული პრობლემები გვექნება თუ არ გვეცოდინება, რამდენია სახნავ-სათესი მიწა, როგორია მისი შემადგენლობა და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მომავალი წლიდან დაიწყება პილოტური პროექტი, რომლის მეშვეობითაც ურთიერთობას თითოეულ ფერმერთან დავამყარებთ. საბოლოოდ კი, უკეთ გვეცოდინება, რა სჭირდება მას“,- აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში სახელმწიფოსა და დონორების მიერ გაწეული სამუშაოს მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ რთულია იმის გარკვევა, თუ რა მოცულობის მიწა ეკუთვნის კერძო სექტორს, რამდენია ამ ნაკვეთების ჯამური ფართობი და რაოდენობა. დაინტერესებული პირისთვის მეტისმეტად გაძნელებულია ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ თუ სად მდებარეობს ესა თუ ის ნაკვეთი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, საინტერესო იყოს.

უფრო მეტიც, თავად სახელმწიფო ორგანოებსაც კი უჭირთ ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის რა ფართობი რჩება მის საკუთრებაში. გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ არსებობს მიწის ნაკვეთების მნიშვნელოვანი ფართობები ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“. ეს არის მიწის ფონდი, რომელიც, შეიძლება, არც სახელმწიფოს მფლობელობაში იყოს და არც კერძო სექტორისა ან იყოს სადავო კერძო მფლობელსა და სახელმწიფოს შორის.

თუ რამდენად პრობლემურია საკითხი, ამასთან დაკავშირებით სტატისტიკა ყველაზე ცხადად მიუთითებს, რომლის თანახმადაც მიწების 80 პროცენტამდე ფორმალურად დაურეგისტრირებელია. სავარაუდოდ, ამ მიწის დიდ ნაწილს ჰყავს მფლობელი, რომელსაც სხვადასხვა დროს გაცემული სხვადასხვა საბუთი აქვს, თუმცა საჯარო რეესტრში ეს ნაკვეთები არ დაურეგისტრირებია, არც აზომვითი ნახაზებია გაკეთებული და არც მემკვიდრეობითი საკითხები დარეგულირებული.

ამის გამო, შესაძლოა, მიწის მფლობელმა ერთხელაც საჯარო რეესტრს მიაკითხოს და საკუთარი ნაკვეთი სხვის საკუთრებაში აღმოაჩინოს. ასეთი რამ უკვე არაერთხელ მომხდარა და რაც უფრო ჭიანურდება სრულმასშტაბიანი რეგისტრაციის პროცესი, მით მეტია დამატებითი პრობლემების შექმნის ალბათობა.

გარდა ამისა, პრობლემა იქმნება სახელმწიფო დახმარებისა თუ აგროდაზღვევის კუთხით. როცა მიწა დაურეგისტრირებელია, ყველა გზა გადაკეტილია, რომ მისმა ფორმალურმა მფლობელმა სასურველი მომსახურება მიიღოს.

როგორც ჩანს, ამჯერად მიწების აღწერის მიმართულბით პირველი ნაბიჯი იდგმება. ეს პროცესი ახალი გადასახადების დაწესებას არ გამოიწვევს.

„არანაირი ახალი გადასახადის დაწესება არ იგეგმება. ამ საკითხის მოუწესრიგებლობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს დაზღვევის კუთხითაც. ნაკვეთის იდენტიფიცირების გარეშე, ფერმერთან არცერთი სადაზღვევო კომპანია არ თანამშრომლობს. მას შემდეგ, რაც მიწის კადასტრი გაკეთდება, გაურკვევლობა გამორიცხება. თითოეული ნაკვეთი ინდივიდუალურად აღირიცხება და ყველას თავისი უნიკალური კოდი მიენიჭიბა“, - აღნიშნა აგულაშვილმა.