ხელისუფლების კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ როგორც წესი, მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს ატარებს. აქცენტირება ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკაზე ხდება, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სუსტი და მტკივნეული სეგმენტია. ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების თანახმადაც, კომპანია RMG Gold და მისი საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესთა სფეროში მოექცა.
მთავრობა ნაციონალთა ამ ბრალდებებს არ ეთანხმება - განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით „დღეს ბიზნესი რომ თავისუფალია, ასეთი არ ყოფილა არასდროს და RMG Gold-ის დამფუძნებლები ვინც არიან და, რომელ პარტიას ეკუთვნიან, მე მგონი, ჩემზე უკეთესად იცით. ბიზნესი დღეს რომ თავისუფალია, ასეთი თავისუფალი საქართველოში არ ყოფილა არასდროს, მე მგონი, არც მე-19 საუკუნეში“.
რამდენად თავისუფალია ბიზნესი საქართველოში და რეალურად რა პრობლემების წინაშე დგას ის, ამ თემაზე ექსპერტი, ლევან კალანდაძე გვესაუბრება.
ლევან კალანდაძე: დღეს არსებულ მდგომარეობას თუ შევადარებთ ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით, იმ პერიოდთან, როდესაც ქვეყნის მმართველობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, შექმნილი სიტუაცია როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება. იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო სახელმწიფო რეკეტის და სახელმწიფო ტერორის ელემენტები. სახელმწიფო იყო სადამსჯელო აპარატი და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა პროკურატურიდან დაწყებული, შს სამინისტროთი გაგრძელებული და ეკონომიკური პროფილის სამინისტროებით დამთავრებული, ორიენტირებული იყო, რომ რეჟიმის შენარჩუნებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტები სადამსჯელო ინსტრუმენტებად ქცეულიყო.
პრაქტიკულად, ბიზნესის წარმატება წინა ხელისუფლების დროს მთლიანად იყო დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად ახლოს იყო ის ხელისუფლებასთან. რამდენად მორჩილი იყო ხელისუფლების და ეს მორჩილება გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით - წილების გადაფორმებით სახელმწიფო მოხელეებზე, ქონების ჩუქებით სახელმწიფოსთვის, მმართველი პარტიის აქტიური დაფინანსებით საარჩევნო კამოპანიების პროცესში.
ის, ვინც ცდილობდა მეტ-ნაკლები დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, წინა ხელისუფლების დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ციხეში ხვდებოდა. მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი ტერორზე იყო აგებული და ბიზნესის თავისუფლებაზე საერთოდ არ იყო საუბარი.
დღეს საერთოდ შეცვლილია სიტუაცია, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის აღარ ერევა ბიზნესსაქმიანობაში და ის მანკიერი პრაქტიკა, სახელმწიფო ტერორისა და რეკეტის, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, ახლა აღარ ხორციელდება.
თუმცა ხელისუფლების ბიზნესში ჩართულობასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო საუბრები...
- მეორე საკითხია, რომ სახელმწიფო მოხელეებს აქვთ საკუთარი ბიზნესები, ეწევიან მათ ლობირებას და ცდილობენ, ამ თვალსაზრისით კომფორტული და სასათბურე პირობები შეუქმნან საკუთარ ბიზნესს, მაგრამ ის, რომ სხვის ბიზნესებს ეხებოდნენ, არ მსმენია.
ხელისუფლებასთან საპრეტენზიო ბიზნესის განვითარების კუთხით ბევრი გვაქვს, მაგრამ იმ თვალსარისით, რომ ბიზნესს ატერორებს ხელისუფლება, ბიზნესს ართმევს და წილში უჯდება, სახელმწიფოს, მაღალჩინოსნების ან მათი ახლობლების სახელზე ხდება ამ ბიზნესების გადაფორმება, ბუნებრივია, აღარ არის და ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ გვაქვს სასაყვედურო.
კითხვები და ეჭვები ჩნდება, რა დაემართა ნაციონალებთან დაახლოებულ ბიზნესებს - ისინი ახალ ხელისუფლებას შეერწყნენ თუ დამოუკიდებელ მოთამაშეებად დარჩნენ ბაზარზე?
- საზოგადოებრივი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი სწორედ ეს საკითხია - ნაწილი ბაზარზე დამოუკიდებლად ოპერირებს, მათი სიახლოვე ხელისუფლებასთან აღარ არის წარმატება- წარუმატებლობის მთავარი განმსაზღვრელი, ნაწილი ბიზნესებისა, ბუნებრივია, დაიხურა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არის გარკვეული ქეისები, დაკავშირებული დღევანდელ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვასა და მასთან დაახლოებასთან - ბუნებრივია, ეს კომპონენტიც, ალბათ, არის გარკვეული დოზით წარმოდგენილი, ზოგადად, ბიზნესწრეებში.
დღვანდელი ხელისუფლება ჯერ კიდევ ძალაუფლების ხელში აღებამდე დეკლარირებდა ბიზნესის თავისუფლებას. ბიზნესს რომ არ ატერორებენ, სახეზეა, თუმცა ვხედავთ, რომ საქართველოში ბიზნესი ჯერ კიდევ არ ყვავის. თქვენი შეფასებით, რა უშლის ხელს?
- ხელისშემშლლი ფაქტორი ძალიან ბევრია, პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და კონცეპტუალური ხედვა არ გააჩნია და „ლოკალური ხანძრების“ ჩაქრობის პოლიტიკით არის დღეს დაკავებული. ძირითადი, ბიზნესზე ორინტირებული გენერალური ხაზი ჯერჯერობით მოიკოჭლებს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს ბიზნესისთვის არის ის, რომ ხელისუფლების შტოებსა და თავად აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებს შორის კოორდინაციის ხარისხი არის საკმაოდ დაბალი, რაც ძალიან ხშირად დისკომფორტულ ფაქტორად გვევლინება ინვესტორებისთვის.
ძალიან ბევრი კონკრეტული მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ - მაგალითად ენერგეტიკაში, როდესაც ესა თუ ის საინვესტიციო პროექტი შეფერხებულია იმის გამო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უწებათაშორისი კოორდინაცია არის ძალიან დაბალ დონეზე. ამაზე თავად პრემიერიც საუბრობს - რამდენიმე თვის წინ ეკონომიკურ საბჭოზე ღარიბაშვილმაც გაკეთა განცხადება ამის თაობაზე.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო ჯერ კიდევ ბოლომდე შემდგარი არ არის და გარკვეული პრობლემებია, სწორედ ასეთი ტიპის პრობლემებს ვგულისხმობთ და მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის ტერორი და წილების წართმევა შეწყდა, ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ ბიზნესის განვითარება მოხდეს.
ტერორის შეწყვეტამ გარკვეული, პოზიტიური სასტარტო პირობები შექმნა ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ შემდგომი ეტაპი უკვე იმ პრობლემური ფაქტორების აღმოფხვრაზეა დამოკიდებული, რაზეც ვსაუბრობდით.
ასეთი მაგალითების შეხსენებაც შემიძლია, მაგალითად, ფოსტასთან დაკავშირებული პრობლემა - ხელისუფლებამ კი იჭიდავა, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება მაინც ბიზნესის სასარგებლოდ იქნა მიღებული. ასე მოხდა ლოჯისტიკურ კომპანიებთან დაკავშირებით, როდესაც ერთი კომპანიის მიმართ ხელისუფლების მხრიდან დომინანტური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მცდელობას ჰქონდა ადგილი, მაშინაც გამოვიდა მთელი სექტორი, 43 კომპანია და ეს საკითხიც. გარკვეულწილად, დარეგულირდა, თუმცა ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი. მსგავსი რამ ხდება ზოგიერთ ინფრასტრუქტურულ თუ ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებითაც.
რომ გითხრათ, ბიზნესი ძალიან გალაღებულია და შიშის ფაქტორი არ აქვს, არ ვიქნები მართალი. გარკვეული თავშკავებულობა მაინც აქვთ, მაგრამ გახსნილობის, საზოგადოების ჩართულობის ელემენტები უფრო აქტიურია.
მაგალითად, ამ დღეებში ეროვნულმა ბანკმა წამოჭრა თემა ბანკების მიერ არაპროფილური სქმიანობის შესახებ - ეს რა თქმა უნდა, ის პრობლემებია, რაც ბიზნესს გააჩნია და რაც საზოგადოების ჩართულობის წყალობით ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა გარკვეული დოზით გაიზიარა.
ტენდენციის თვალსაზრისით, ეს კარგია - ბიზნესი იწყებს საკუთარი უფლებების დაცვას, მაგრამ ამ საკითხების მოგვარებას ხელისუფლების ხელშეწყობაც სჭირდება. მაგალითად, საგადასახადო ომბუდსმენის თემა, რომელიც შემდეგ ბიზნესომბუდსმენად უნდა ჩამოყალიბებულიყო და ბიზნესის მთავარი ლობისტი გამხდარიყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში - იდეა საინტერესოა და დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული, მაგრამ მისი სრულფასოვანი რეალიზება, ეფექტურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბება ვერ მოხდა.
მესმის, რომ ყველაფერი ერთდროულად ვერ კეთდება. ისიც მესმის, რომ რაღაცაზე ცხვირი უნდა წაიტეხოს როგორც საზოგადოებამ, ისე ხელისუფლებამ, რომ ჭკუა ისწავლოს. ამას გამოცდილება, ტრადიციები სჭირდება, მაგრამ არის თემები, რომელიც ძალიან დასაჩქარებელია.
პრინციპში, ბევრი რამ მოწესრიგდებოდა ნორმალური ანტიმონოპოლიური სამსახურის პირობებში...
- აქ მართლაც საინტერესო სიტუაციაა - გვაქვს კანონი კონკურენციის შესახებ, გვაქვს კონკურენციის სააგენტო და მთელი ერთი წელი, რაც ეს კანონი მიღებულია, სულ ვსაუბრობთ, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გვაქვს მოსამზადებელი და ასამოქმედებელი. ორიოდე კვირის წინ ითქვა, რომ შესაბამისი ბაზა უკვე მომზადდა და უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, მაგრამ ეს უახლოესი პერიოდი როდის იქნება, საკითხავია.
ეს არის თემა, რომელიც ხელისუფლების აქილევსის ქუსლია - ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის გარკვეული მონიპოლიური წარმონაქმნები. მაგალითად, ფარმაცევტული, ნავთობპროდუქტების ბაზრის განხილვაც შეიძლება. თითქოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური ნება არსებობდა, რომ ამ პრობლემას მოევლებოდა, მაგრამ ვერ მოგვარდა.
ასე რომ, არის ხარვეზები, მათ შორის სერიოზულიც, მაგრამ ის, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა - რეკეტად ქცეული სახელმწიფო ინსტრუმენტები, დღეს ნამდვილად არ არსებობს. თუმცა ამ კარგი სასტარტო პირობების გამოსაყენებლად იმ პრობლემების მოგვარებაა საჭირო რაზეც ვსაუბრობდით.
კიდევ ერთი თემა, რასაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, არის მცირე და საშუალო ბიზნსი - საგადასახადო კოდექსი ამ სეგმენტზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. ამ თვალსაზრისითაც გარკვეული ჩამორჩენა გვაქვს, რადგან მცირე ბიზნესის სტატუსი იურიდიულადაც კი ვერ განვსაზღვრეთ საგადასახადო კოდექსში და ისევ ძველი ნორმა მოქმედებს, რომლის თანახმადაც მცირე ბიზნესად ითვლება მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა და არა ზოგადად სამეწარმეო სუბიექტის მიერ, როგორც ევროპასა და ამერიკაშია. ანუ გვაქვს სერიოზული ხარვეზები, რასაც დალაგება სჭირდება.
უნდა არსებობდეს გეგმა, როგორ ყალიბდება და როგორ ვითარდება ეკონომიკური პოლიტიკა, მასში გაწერილი უნდა იყოს ყველაფერი, რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, დღემდე ვერ გავიგე, ვინ არის პასუხისმგებელი 2013 წლის გარღვეულ ბიუჯეტზე. არ ვამბობ, რომ ვინმე უნდა გათავისუფლდეს ან დაიჭირონ, მაგრამ გარღვეულ ბიუჯეტზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც ვინმე ხომ უნდა იღებდეს?! სავარაუდოდ, ვარღვევთ 2014 წლის ბიუჯეტსაც - ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?
არ მოვერიდები ამ შეფასებას - შარშან გაიფლანგა საქათველოს სავალუტო რეზერვი, 400 მილიონი ლარის ოდენობით, იმის გამო, რომ არასწორი ფინანსური და საბიუჯეტო პოლიტიკა განხორციელდა საქართველოში, მაშინ, როცა 2008 წელს, ომის დროს, 250 მილიონი ლარის სავალუტო რეზერვის დახარჯვა დაგვჭირდა ეკონომიკის შესაკავებლად. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი?
ქვეყანაში ყველაფრი იწყება პასუხისმგებლობით და როდესაც ვიღაც რაღაცაზეა პასუხისმგებელი, მისი დამოკიდებულება იმ კონკრეტული ქეისისადმი, რომელიც აბარია, უფრო ეფექტურია და საბოლოო ჯამში, თავად პოლიტიკა ხდება ეფექტური. ეს საკითხები გვაქვს დასალაგებელი.
როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ „ოცნება“ ოლიგარქიულ-კორუფციულ სქემას ქმნის ქვეყანაში, რამდენად ობიექტურები არიან?
- ერთადერთი, შემიძლია ვთქვა - „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი უფლება არ აქვს, ვიღაცის ოლიგარქიულ ინტერესებზე ისაუბროს. სწორედ მან შექმნა ტოტალიტარული მართვის რეჟიმი ქვეყანაში, როდესაც ყველაფერი, მათ შორის ეკონომიკა დაფუძნებული იყო ადამიანის ციხეში ჩაგდებასა და ქონების წართმევაზე. ასე რომ, მისი ასეთი განცხადებები პოლიტიკური სპეკულირების და პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე ორიენტირებული მესიჯია.