გადამწყვეტი ატესტაცია თბილისისთვის

გადამწყვეტი ატესტაცია თბილისისთვის

რამდენიმე დღეში დედაქალაქის მერიაში დიდი ვნებათაღლვაა მოსალოდნელი. 19 ოქტომბერს იქ ტესტირება დაიწყება და თვის ბოლოს მერია „ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირებისგან, სავარაუდოდ, გათავისუფლდება. დავით ნარმანია ირწმუნება, რომ ატესტაცია, ისევე როგორც კონკურსი იქნება ღია და გამჭვირვალე პროცესი. ამ პროცესისთვის თვალყურის დევნების საშუალება ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას.

„ჩვენ ვაპირებთ კანონის სრული დაცვით ჩავატაროთ ეს ყველაფერი, მივიღოთ და დავტოვოთ ის თანამშრომლები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტიანად გააკეთებენ საქმეს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. პროცედურები იქნება გამჭვირვალე და პერიოდულად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანის ჩანაცვლება მოხდება“, - განაცხადა ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ახალი თანამშრომლების მიღება არის მნიშვნელოვანი და ყოველთვის ეფექტურს ხდის საქმიანობას. გარდა ამისა, ძალიან ბევრი კადრია გარეთ, რომელმაც შეიძლება უკეთ შეასრულოს სამუშაო, ვიდრე დღეს ამას მოქმედი თანამშრომლები აკეთებენ.

„ვიტყვი იმასაც, რომ მოქმედი თანამშრომლებიდან ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრია და შესაბამისად, გარკვეული კატეგორია დარჩება. ამ ყველაფერს ის ობიექტური პროცესი წარმოაჩენს, რომლის ჩატარებასაც ვაპირებთ“, - აღნიშნა ნარმანიამ.

ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ უშუალოდ დედაქალაქის მერის წარდგენილია. „მარგიშვილს კარგად ვიცნობ, ვენდობი და ვიცი მისი ობიექტურობა. ის კომისიის თავმჯდომარეა და არაერთპიროვნული მმართველი, ამიტომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და უხელმძღვანელებს კომისიას, რომელიც გადაწყვეტილებებს უმრავლესობით მიიღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

იგი პირობას იძლევა, რომ იმ თანამშრომელთა 95%, რომლებიც დედაქალაქის მერიაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ, ადგილზე რჩება, თუმცა ეს საკმარისი არ არის ნაცმოძრაობისთვის, რომლებიც ძველი თანამდებობის პირების მერიაში დატოვებით აპირებენ დედაქალაქის მართვაში ძველებურად ჩაერიონ.

სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ისინი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ატესტაცია არაობიექტურად ჩატარდება. საკრებულოს წევრის თამარ ცინცაბაძის განცხადებით იმისათვის, რომ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერების ჩანაცვლება არ მოხდეს მეორე პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერებით, აუცილებელია კომისიის თავმჯდომარე სწორად შეირჩეს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის მამუკა ახვლედიანის თქმით, ჩანაწერები უხვად არსებობს, რაც მერიის თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე მიუთითებს, შესაბამისად, ამ ფონზე ატესტაცია ობიექტური ვერ იქნება:

„ვითხოვთ, ვიდრე ზეწოლის ფაქტებს არ გამოიძიებენ, ატესტაცია შეჩერდეს და პროცესი წარიმართოს არა ზეწოლის ფონზე, არამედ, ობიექტურად. თბილისის მერიის თანამშრომლებს 1 წლის წინათ გაიარეს ატესტაცია და კონკურსი და სწორედ ამ წესით არიან დანიშნულები“, - აცხადებს ახვლედიანი.

საკრებულოს უმრავლესობა კი ნარმანიას და მარგიშვილს სრულ ნდობას უცხადებს. „მერიის თანამშრომლების და აპარატის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობს. ამიტომაც, ატესტაცია აუცილებლია. დაგეგმილ ატესტაციაზე ნაციონალები მიზამნიმართულად ტეხენ ხმაურს“, – ასეთი პირდაპირი განცხადება, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა გააკეთა.

მან წინა ხელისუფლების მმართველობასთან პარალელი გაავლო. ზურაბიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი პარლამენტში საჯაროდ აცხადებდა, რომ მან შინაგან საქმეთა სისტემაში ასაკობრივი წმენდა განახორციელა.

„ატესტაციის პროცესს მხოლოდ ნაციონალები ეძახიან წმენდას. ეს მათი მოგონილი ტერმინია. მათ დროს ითვლებოდა, რომ 40 წელზე ზევით ადამიანს საჯარო სექტორში არ უნდა ემუშავა. ძალიან ბევრი პრეტენზია არსებობს მერიის თანამშრომლებსა და აპარატზე, მათ მუშაობაზე. ამიტომ, ატესტაცია კანონით განსაზღვრული და აუცილებელი პროცედურაა“, - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

მერის მოხელეთა შერჩევა ორ ეტაპად ჩატარდება. 19 ოქტომბერს ტესტირება გამოცხადდება, ხოლო 27 ოქტომბერს გასაუბრება. ტესტირებას ექვემდებარებიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებსაც 6 თვეზე მეტი აქვთ ნამუშევარი მერიაში.