გაისად მხოლოდ პედაგოგებსა და პენსიონერებს დააფასებენ

გაისად მხოლოდ პედაგოგებსა და პენსიონერებს დააფასებენ

დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტში პედაგოგთა ხელფასების ზრდა ვერ „ამოიკითხეს“ და თითი ფინანსთა სამინისტროსკენ გაიშვირეს. სამინისტრომ კი, ისევე როგორც პენსიების შემთხვევაში, აქაც მომატების პირობა დადო, ოღონდ დეტალები არც ამჯერად დაუზუსტებია.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ ფინანსთა სამინისტროს უსაყვედურა თუ რატომ არ არის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პედაგოგთა ხელფასების ზრდა.

კიღურაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ პედაგოგებს ხელფასების ზრდას თავად პრემიერ-მინისტრი დაპირდა. ეს პირობა კი ბიუჯეტის პროექტში არ ჩანს. განათლების სამინისტროს დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია და 828,900.0 ლარს შეადგენს, თუმცა ბიუჯეტის პროექტში არ დევს კონკრეტულად მასწავლებელთა ხელფასების ზრდის თანხა.

ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ 2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების მართვისათვის გათვალისწინებულია 18,360.0 ლარი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება კი, წინა წელთან შედარებით, 2 მილიონითაა შემცირებული და 16,300.0 ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტრო მსწრაფლ გამოეხმაურა ამ შენიშვნას და უარყო, რომ მომავალ წელს მასწავლებლების ხელფასების მატება გათვალისწინებული არ არის. პირიქით, როგორც მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, გაისად პედაგოგების გარდა, არც ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დაგეგმილი არ არის.

„2015 წლისათვის ხელფასების მატება არც ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში არ იგეგმება, გარდა პედაგოგებისა. გასული წლის განმავლობაში ჯარიკაცების, პოლიციელების, მოსამართლეების, სასამართლო სისტემის აპარატის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა მოხდა. 2015 წლისათვის კი მხოლოდ სკოლის პედაგოგთა შრომითი ანაზღაურება მოიმატებს, თუმცა რა მოცულობით, ამის დაკონკრეტება ჯერ ვერ ხერხდება. შესაბამისი ციფრები ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში იქნება ასახული“, - აცხადებს კაკაურიძე.

„ფინანსთა სამინისტრო ამჟამად მუშაობს განათლების სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ საკითხზე და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების პროცესში, ამ მიმართულებით თანხების მობილიზება მოხდება“, - დასძენს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მისი ინფორმაციით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვა სამინისტროებთან ერთად, რომლებიც საბიუჯეტო თანხების გაზრდას ითხოვენ.

გარდა ამისა, 2015 წელს პენსიებიც მოიმატებს. უკვე შეიძლება ითქვას, რომ გაისად მთავრობის პრიორიტეტი სწორედ პენსიონერები და პედაგოგები იქნება. მხოლოდ მათთვის გასაცემი თანხა გაიზრდება, თუმცა ისევე როგორც მასწავლებელთა ხელფასების შემთხვევაში, ჯერჯერობით არც პენსიის მატების ზღვარი არ დადგენილა.

პედაგოგები დაამშვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. იგი ფინანსთა სამინისტროზე უფრო გულუხვი აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ანაზღაურება გაიზრდება არა მარტო 2015 წელს, არამედ მომდევნო წლებშიც. ღარიბაშვილის თქმით, ეს არის მთავრობის დაპირება, რომელიც შესრულდება.

„ახლა გვაქვს ბიუჯეტის პირველადი დოკუმენტი, რომელიც შეიცვლება. ის დანაპირები, რომელიც გვქონდა პედაგოგების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით შესრულდება 2015-16 და 2017 წლებში. ამ მიმართულებით არაფერი იცვლება. პარლამენტი მუშაობს ბიუჯეტზე. მთავრობა და პარლამენტი გამჭვირვალედ და შეთანხმებულად თანამშრომლობენ, რომ მაქსიმალურად გაიცეს ყველა კითხვაზე პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.