კომერციულ ბანკებს ახალი შეზღუდვა უწესდებათ. მათ არაპროფილური ბიზნესის წარმოება აღარ შეეძლებათ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია წინასწარი ვარაუდი, მაგრამ რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი, ეს 2-3 კვირაში გახდება ცნობილი.
ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესის წარმოების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გუშინ დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, სებ-ის მთავარი ამოცანაა, რომ მეანაბრეების თანხები არ იქნას მიმართული ისეთ სექტორზე, რომელიც არ არის კლასიკური საბანკო საქმიანობა. ეს შეზღუდვა შეეხება მთლიანად არაპროფილურ ბიზნესს და არ არის საუბარი მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებზე.
„ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ და ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტილებამდე, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს გამოვაცხადებთ. იგი უზრუნველყოფს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ბანკებს და დეველოპერებს შორის ამოიწუროს. შესაბამისად, მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით. არავინ აუკრძალავს არც ერთი ბანკის აქციონერს განახორციელოს ინვესტიცია სხვა ინდუსტრიაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მეანაბრეების თანხები არ მიიმართოს იმ სექტორზე, რომელიც კლასიკური საბანკო საქმიანობა არ არის“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
კომერციულ ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესის წარმოების შეზღუდვაში პრობლემას ვერ ხედავს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია. მისი აზრით, ყველაფერი თუნდაც ძველ ნორმატივებზე რომ დავიდეს, პრობლემას არ შეიქმნება, რადგან საბანკო სექტორის არაპროფილური აქტივები ამ ნორმატივებს ისედაც არ სცილდებოდა. გარდა ამისა, არც ეროვნული ბანკი შეიმუშავებს ისეთ ნორმატიულ აქტს, რომელიც ვინმეს შეუქმნის პრობლემას.
„პირიქით, ეკონომიკაში ბევრად უფრო უკეთესი სიტუაცია უნდა იყოს და საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს. ეს უფრო სამომავლო, პრევენციული ზომებია, ვიდრე დღევანდელი სიტუაციის ამარეგულირებელი, რადგან დღესდღეობით არაფერია დასარეგულირებელი.
„მ2“-ზე კეთდებოდა აქცენტები იმ დროს, როდესაც მას დეველოპერულ ბაზარზე სულ 3% უკავია, ანუ ვერანაირად იქნება მონოპოლისტი. ეს გადაწყვეტილება არის პრევენციული და თუ ასეთი ტემპით წავიდა თუნდაც „მ2“-ის საქმიანობა და ის შეიძლება სადღაც მონოპოლისტი გახდეს, აი, ამისი შეზღუდვა იქნება. „თიბისი ბანკს“ საერთოდ ნული აქვს არაპროფილური აქტივები. რომელ ბანკსაც არ უნდა მიადგე, არ არის ისეთი ინფორმაცია, რაზეც ამდენი ხანია, მიდიოდა გაუმართლებელი ლაპარაკი“, - აღნიშნა გვასალიამ.
რაც შეეხება დეველოპერულ კომპანიებს, ისინი ეროვნული ბანკის ინიციატივას საკმაოდ დადებითად შეხვდნენ და მათი უმრავლესობა აქტივების ფლობის საერთოდ აკრძალვის მომხრეც არის. ქადაგიძესთან შეხვედრაზე მყოფი კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე ადასტურებს, რომ ახალი რეგულაციის მიზანი ისაა, ბანკებს საერთოდ აეკრძალოთ არაპროფილური აქტივების ფლობა.
„კომპანია „მ2“-ის შემთხვევაში, დეველოპერებისთვის „საქართველოს ბანკი“ განიხილება კონკურენტად, ხოლო როცა მისი აღარ იქნება, ბევრად მეტი კომპანია განიხილავს „საქართველოს ბანკს“, როგორც პარტნიორს. ეს სწორი ინიციატივაა, თუმცა სასურველი არ არის, რომ ეს ინიციატივა ორი კერძო კომპანიის დავამდე დავიდეს, რადგან საუაბრია ზოგად რეგულირებაზე.
ნებისმიერ კლიენტს ჰქონდა შიში, ბანკს წაერთმია მისთვის ბიზნესი. ეს საშიშროება კი გაქრება. ამ ეტაპზე საუბარი არაა იმაზე, რომ „მ2“-მა დაკარგოს თავისი აქტივები, არამედ მან ეს აქტივები უნდა გაყიდოს“, - აცხადებს თორნიკე აბულაძე.
„აქსისის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, რეგულაციები გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს, რაც საქართველოში ისედაც იყო 2008 წლის კრიზისამდე და ბანკებს ეზღუდებოდათ არაპროფილური აქტივის 20%-ზე მეტის ფლობა სხვა ბიზნესში.
„მაგალითად, თავად ბანკი დაინტერესებულია არ მისცეს სესხი ერთ კომპანიას და მისცეს მეორეს ან კლიენტს უბიძგოს, რომ თავის კომპანიაში იყიდოს ბინა და არა სხვა კომპანიაში. რეგულაციები არ ეხება მხოლოდ სამშენებლო ბიზნესს, არამედ, ეხება ყველა სფეროს. ორი კვირის ფარგლებში შეგვატყობინებენ დეტალებს. არ ვიცი ეს რეგულაციები 2008 წლის რეგულაციებს დაუბრუნდება თუ არა. სებ-ი ამას თვის ბოლომდე დააზუსტებს“, - აცხადებს კაპანაძე და დასძენს, რომ უნდა შეიცვალოს არა მარტო მენეჯმენტი, არამედ დამფუძნებელთა სტრუქტურაც განსხვავებული უნდა იყოს და მოქმედებდეს გარკვეული შეზღუდვები.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან კომერციული ბანკებიც. „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა უკვე დაადასტურა, რომ ბიზნესის სტრუქტურის ცვლილებას განახორციელებს და იგი ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციის შესაბამისად მოხდება.