ანტიმონოპოლიური სამსახურის გამართვას მთელი ქვეყანა დიდი ხანია ელოდა. შესაბამისად, კონკურეციის სააგენტოს ამოქმედებისთანავე გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც მას კონკრეტული კომპანიების მონოპოლიური საქმიანობის შესწავლას მოსთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების შესახებ აპირებს მოქმედებას. მათ მიზანში რამდენიმე ბობოლა კომაპნია ამოიღეს.
„არსებობს ეჭვი იმისა, რომ საქართველოში ხშირია სფეროების მონოპოლიზაციისა და კარტელური გარიგებების შემთხვევები. საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით დამკვიდრდა წინა ხელისუფლების დროს და, სამწუხაროდ, ნარჩუნდება დღესაც. კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების მიერ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების სამხელად აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობა და პოლიტიკური ნება არსებობდეს. ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მსგავსი სურვილი წლების განმავლობაში არავის გამოუხატავს. მისასალმებელია, რომ ახალი ხელისუფლება ამ საკითხით დაინტერესდა და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა ბიზნესის განვითარებისათვის.
წლების განმავლობაში ბაზრიდან ქრებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი კომპანიები, რომელთა ხარჯზეც ბაზრის ლიდერები ჩამოყალიბდნენ. ამის ნათელი მაგალითია ნავთობიმპორტიორები, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიები, მობილური ოპერატორები და სხვა. არსებობენ იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც ექსკლუზიურად ფლობენ ხორბლის და ფქვილის იმპორტს საქართველოში. ეს მდგომარეობა კი სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ამ ბიზნესების უკან სხვდასხვა პოლიტიკური ჯგუფები მოიაზრებიან“, - აცხადებენ არაასამთავრობო ორგანიზაციაში.
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მიიჩნვს, რომ თავის დროზე სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ არაერთი კომპანია შეიერთა და, პრაქტიკულად, ჩამოყალიბდა მონოპოლისტად. ასევე აღსანიშნავია „ჯითი მობილის“ ბაზრიდან გაქრობა, რომლის ლიცენზია შემდგომ „ჯეოსელმა“ შეიძინა.
„მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზარი, რომლის მონოპოლიზაციის და კარტელური გარგებების შესახებ უკვე წლებია საუბრობენ. რეალურად ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობენ მსხვილი მწარმოებლები და იმპორტიორები, რომლებიც ბაზრის უდიდეს ნაწილს ფლობენ. ყურადსაღებია ნავთობიმპორტიორთა საქმიანობაც. ამ სფეროში კარტერული გარიგების რეალური ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ გამოჩნდა „გალფის“ ბრენდით და ბაზრიდან გააძევა რამდენიმე მოთამაშე, კერძოდ: „მაგნატი“, „სენტა“ და „ეკო ჯორჯია“. გარდა ამისა, წლების განმავლობაში საწვავის და ბუნებრივი აირის ექსკლუზიურ იმპორტს ახორციელებდა „სოკარი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედება არა თუ დროული, არამედ დაგვიანებულიცაა.
ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში მიმართოს კონკურენციის სააგენტოს კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის შესწავლის მიზნით.
„ვიმედოვნებთ, სააგენტო იქნება ქმედუნარიანი, დაიცავს თითოეული ბიზნეს სუბიექტის ინტერესებს, მოემსახურება ბიზნესის განვითარებას და კონკურენციის გაზრდას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილებათა აღსრულება ერთ კვირაზე მეტია, რაც დაიწყო. მისი ხელმძღვანელი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ამან ხელი უნდა შეუწყოს ბაზრის ლიბერალიზაციასა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის განვითარებას. სააგენტომ არ უნდა დაუშვას კონკურენციის შეზღუდვა, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, დაცული უნდა იყოს ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი და ა.შ.
„სააგენტოს შეუძლია ბაზრების შესწავლა განცხადების და საჩივრის საფუძველზე, ან კიდევ საკუთარი ინიციატივით. ბაზრების კვლევამ შესაძლებელია წარმოაჩინოს დომინანტი სუბიექტები, თუმცა კანონმდებლობით ისჯება არა დომინირებული მდგომარეობა, არამედ ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სანქციის მოცულობა მიბმულია ეკონომიკური აგენტის ბრუნვასთან“, - აცხადებს ბარამიძე.