დიტო გელოვანი: ურჩხული, რომელიც ტეხავს

დიტო გელოვანი: ურჩხული, რომელიც ტეხავს

[დიტო გელოვანი – ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. ”ვერსია”]
ტეხავს – უსიამოვნო გრძნობას ბადებს, განწყობილებას აფუჭებს. ანტონიმი “ასწორებს” (იხ.) “არა, სადღაც კი ასწორებს, მაგრამ სადღაც ტეხავს (გია ჭუმბურიძე. თარგმ.); “არ ჩავიცვამ მაგ შენს შარვალს! – რატომ, შვილო? – მორჩი, ტეხავს!” (ტარიელ ჭანტურია); “რა კარგია სიცოცხლე, შენ ამბობ, რომ “ტეხავს”, დღეს, როდესაც თბილისი ჰგავს ტეხასს, ჩემი სახლი არავის გაუტეხავს” (ჯანსუღ ჩარკვიანი).
“ტეხავს” გრამატიკულად არასწორი ფორმაა – თემის ნიშანი “ავ” აქ არ უნდა (სწორია “ტეხს”), მაგრამ ჟარგონში ასე დამკვიდრდა. თუმცა “ტეხს” ფორმითაც შემხვედრია, მაგრამ ეს შემთხვევითი ჩანს: “- ტეხს!.. – რა ტეხს? – ნახევარი. აი, თავს თუ გამატან, გაასწორებს!.. (“ნიანგი”)
(ლევან ბრეგაძე, “ქართული ჟარგონის ლექსიკონი”)

“საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე აღარ არის”, ოღონდ, მანამდე სხვა ამბავი: ზესტაფონის გამგებელი გივი არაბიძე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო საქარას ტბაში ურჩხულის არსებობას კატეგორიულად უარყოფს. არაბიძემ ეს კომენტარი გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ქვემო საქარას ტბაში ურჩხული დაბინავდა, რომელიც საქონლითა და ძაღლებით იკვებება. ჩვენ ყველამ, ადგილობრივმა პოლიციამ, უსაფრთხოების უსაფრთხოების სამსახურმა და ქალაქის მუნიციპალიტეტმა დავადგინეთ, რომ სოფელ ქვემო საქარას ტბაში არავითარი მრავალმეტრიანი ურჩხული არ ბინადრობს, - აცხადებს არაბიძე და დასძენს, რომ ეს ამბავი ვიღაც გაუწონასწორებელმა ქალებმა მოიგონეს”.

ეს, გასული კვირის ამბავია. ახლა, რამდენიმე თვის წინანდელი ამბავი გავიხსენოთ: “ფაქტის არა, მაგრამ შედეგის მომსწრე მეც გავხდი. ამ სიტუაციაში ჩართულია პოლიცია, მაგრამ ვერავის დაკავება და დაფიქსირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა”, - განაცხადა ჭალადიდის გამგეობის რწმუნებულმა, ჯოტო გიგაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში”.

ეს ბოლო ამბავი ფოთთან მოხდა, ჭალადიდში. იქ ურჩხული არ იყო, იქ ქვებს ისროდნენ: “უკვე ერთი კვირაა, ეს ამბები მუდმივად მეორდება. სახლს ვიღაც, თუ რაღაც ქვებს უშენს, ფანჯრები ჩამილეწა. არ ვიცი, რა ვიფიქრო და რას მივაწერო ეს ყველაფერი. ამქვეყნიური რომ არ არის ის რაღაც, ეს ნამდვილად ვიცი. ზოგმა მისი ლანდი დაინახა, ღამე ფანარივით ანათებს. რამდენჯერმე, პარალელურად, წინა და უკანა კარი შემომიგლიჯა,” - განაცხადა სახოკიამ”.

სახოკიას კვერს უკრავდა იზო ლაბაძე: “გუშინ წყალზე მივდიოდი მეზობელთან ერთად, თან ამ უცნაურ ამბებზე ვსაუბრობდით, არ მჯეროდა არაფერი, სანამ თვითონ არ დავრწმუნდი. ინტერესის გამო ქვა იმ მიმართულებით გავისროლე, საიდანაც ის რაღაც ჩნდება, რამდენიმე წამი არ გასულა, რომ ქვა უკან დამიბრუნა, მესროლა, მაგრამ ყოველთვის ისე ისვრის, რომ ვინმეს არ მოხვდეს”.

როგორც ხედავთ, ჭალადიდელი მოჩვენება მისაბაძი ჰუმანურობით გამოირჩევა, თუმცა, როგორც ამბობენ, რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრის.

“აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები შებინდების შემდეგ სახლებიდან არ გამოდიან და მიზეზად მრავალმეტრიანი ურჩხულის შიშს ასახელებენ, რომელიც ქვემო საქარას ტბაშია დაბინავებული. ყველას სურს გაერკვეს რა ხდება. აქ ბევრს ბავშვები ყავს და ყველა პანიკაშია. რამდენჯერმე მართლაც შევნიშნეთ ტბაში ორი უზარმაზარი ზომის გველი, რომელთაგან ერთ-ერთი სიგრძეში რვა მეტრზე ნაკლები არ არის, - აცხადებენ ადგილობრივები. მიუხედავად პოლიციის ძალისხმევისა, სოფლის მაცხოვრებლები მრავალ სხვა და სხვა ვერსიას განიხილავენ, რომელთაგან ყველაზე აქტუალური არის ის, რომ ქვემო საქარას ტბაში ანაკონდა ბინადრობს”.

არ გამოვრიცხავ, რომ ზესტაფონში ანაკონდა მართლაც ბინადრობს, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს არის მოდელირებული ანაკონდა. თუმცა, რა იცი – ყველაფერი ხდება…“ლევან ვარშალომიძემ ზუსტად იცის, რამდენი ტურისტი შედის ყოველდღიურად მის მხარეში. რამდენიმე დღის წინ კი, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ ტელეარხზე ტურისტების რაოდენობის შესახებ დასმული შეკითხვებიდან ვერც ერთს პასუხი ვერ გასცა და არაფრის გაგნებაში არ იყო”, – განაცხადა მიშამ “სპეციალური რეპორტაჟში”, რომელიც სპეციალურიც იყო და სპეციფიურიც. რატომ გამახსენდა მიშას ეს სიტყვები? რატომ და, ერთმა გამწლიკულმა ურჩხულმა მთელ შოტლანდიას მილიარდები აშოვნინა, ხოლო ჩვენ... ჩვენ რა? ზესტაფონის გამგებელი გივი არაბიძე აცხადებს, ეს ამბავი ვიღაც გაუწონასწორებელმა ქალებმა მოიგონესო.

მოკლედ, კატასტროფულად განვიცდით კრეატიული მენეჯერების ნაკლებობას. მაგალითად, ურჩხულები და ანაკონდები განათლების სამინისტროს პრეროგატივა–კომპეტენციაში რომ შედიოდეს, დიმიტრი შაშკინი ზესტაფონელ ანაკონდას პერსონალური კომპიუტერით დააჯილოდოებდა, იმასაც გააპიარებდა და თავსაც გაიპიარებდა. პიარის 400–ლარიან თანამშრომლებს მადლობას გამოუცხადებდა, ხოლო სამინისტროს 10.000–ლარიან მაღალჩინოსნებს ერთი თვის პრემიას გამოუწერდა, პრემირებული თანამშრომლებისა და კომპიუტერიანი ანაკონდას სანახავად საქართველოს მოაწყდებოდნენ ტურისტთა მრავალმილიონიანი ურდოები… ყველა იხეირებდა. “ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ისტორიის სანაგვეზე!” – ეს არის ჩემი მოწოდება. მაქვს მეორე მოწოდებაც: ”ზესტაფონის რაიონი დაუბრუნდეს დედა–აჭარას”.

”ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ანაკონდას იგნორირებაში ადანაშაულებს” – გასულ კვირაში ასეთი ნიუსი არ ყოფილა. სამაგიეროდ, როგორც თავში მოგახსენეთ, იყო ასეთი: “საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე აღარ არის”. აღარა გვყავს ჩვენი ჭრელაო – უთქვამს სერგეი ლავროვს. ”ჩვენი ოქრო ჩვენთან” – უთქვამთ ქართველ დეპუტატებს და მთავრობის ახალი შემადგენლობა ძველი ვაშაძიანად დაუმტკიცებიათ. გრიგოლ, შე ძველო!!!

ახლები, ოღონდ, არამემარჯვენეები, არიან კვერცხისმდებელი ლადო და პურისმცხობელი ვერა. აგრეთვე – ”გზაზე მიდის ერთი კაცი” რამაზ ნიკოლაიშვილი. ნიკა გილაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უწყების ახალი ხელმძღვანელი, რამაზ ნიკოლაიშვილი წარადგინა. რას გაიგებ, რა მიაჩნია პირველი რიგის ამოცანად ნიკოლაიშვილს, მაგრამ კულუარებში უკვე ჭორაობენ, ნიკოლაიშვილი სამინისტროში ჩქაროსნული პარკეტის დაგებას აპირებსო. თუმცა, ეს მხოლოდ ჭორებია. სამაგიეროდ, უკვე გარკვეულია, თუ რით დაიწყებენ ვარძელაანთ ლადო და ქობალიების ვერა.

ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი საქმეა. მართლაც, დრო ძალიან ცოტაა. ვერა ქობალია 1981 წელს არის დაბადებული, ანუ არის 29 წლის და რა ჩემი ქვედა კიდურებია 29 წელი მინისტრისთვის?! არც არაფერი. ისე კი, ვერამ პირველივე დღიდან ენერგიულად მოკიდა საქმეს ხელი და საერთაშორისო ავიარეისებზე ბილეთის ფასი იუცხოვა – ძვირიაო. “მისი თქმით, დღეს ევროპის ქვეყნიდან საქართველოში ჩამოფრენა დაახლოებით 500-600 ევრო ჯდება, რაც ძალიან ძვირია. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოში შემოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც ფრენებს 50-100 ევროს ღირებულებით განახორციელებს. თუ რომელი კომპანიის შემოყვანას გეგმავს ვერა ქობალია საქართველოში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე არ დაუკონკრეტებია” – იტყობინებოდა “ინტერპრესნიუსი”.

საერთოდ, ეგეთებს (ახლა, არ მკითხოთ, როგორებს...) რაღაც მაშინ ეძვირებათ, როცა ხელფასი ეცოტავებათ და პრემია ეიშვიათებათ.

რაც შეეხება ლადოს. რა შეეხება ლადოს? ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მას შეეხება ამნისტია, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე წლის შემდეგ. დღეს კი ლადოს შეეხება სპორტი და ახალგაზრდობა და ამიტომ “სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ლადო ვარძელაშვილი მუშაობას შეუდგა” – ასე იწყებოდა ნიუსი. მოყვარეს პირში უძრახეო და, ჩემს ძმობილ სააგენტოს საყვედური უნდა ვუთხრა. “ლადო ვარძელაშვილი მუშაობას შეუდგა” არის მტკნარი სიცრუე და გაუგონარი სისულელე. რომ დაეწერათ, ნილოსმა აღმა დაიწყო დინებაო, კიდევ, დავფიქრდებოდი.

პეტრე ცისკარიშვილმა ბევრი იფიქრა, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზს ვერ მიხვდა. ოპოზიცია ვერ ხვდება, რატომ გაჩნდა სამინისტროს სახელწოდებაში ტერმინი “მდგრადი განვითარება” და გაღიზიანებულია. ცისკარიშვილი გაღიზიანებულია, რატომ არის საპარლამენტო ოპოზიცია გაღიზიანებული, ხოლო მე გაღიზიანებული ვარ იმით, რომ ვერ ვხვდები, რატომ უწოდებენ ადამიანების იმ ჯგუფს “საპარლამენტო ოპოზიციას”.

“მდგრადი განვითარება”... დიდი ამბავი! იყოს, რას გვიშლის? მერე რა, რომ არც მდგრადია და არც განვითარების პირი უჩანს? ეგრე, არც ამათ სცხიათ რამე ქრისტიანობისა და დემოკრატობისა და არც იმათ – ნაციონალობისა. უბრალოდ, ვერა ქობალიას აქვს მაღალგანვითარებული ზნეობრივი პრინციპები და მდგრად პოზიციას ანიჭებს უპირატესობას. სამინისტროს სახელწოდებაში ცვლილებაც სწორედ ამან გამოიწვია.

ცისკარიშვილის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში მდგარდი განვითარება ნიშნავს გრძელვადიან განვითარებას. “ჩვენ მიზანია, ადამიანებს მივცეთ ანკესი და არა - თევზი”, - თქვა პეტრემ. უყურე შენ! და თუ თევზი გაწყდა? პეტრეს აზრით, ალბათ, ”ეგ არაფერი”. მთავარია ანკესი. და მე მახსენდება ანეკდოტი ახალგაზრდა და მოხუც მეთევზეებზე. ამ ანეკდოტს აქ არ მოვყვები – ტეხავს. ისე, ასწორებს, კარგი ანეკდოტია.

პანტიკო თორდიამ, რომელიც მთელი ცხოვრება მაგრად ტეხავდა, გასულ კვირაში მაგრად გაასწორა და თავისიც გაისწორა. ალბათ, იცით ის ამბავი, რომ ბ–მა თორდიამ გასული კვირის ერთ მშვენიერ დღეს ”თბილავიამშენის” დირექტორად გაიღვიძა, ხოლო მომდევნო მშვენიერ დღეს უკვე ჩვეულებრივი უმუშევარი იყო. ხოლო თავდაცვის მიმისტრის მოადგილე, ნიკა ვაშაკიძე ქარხნის დირექტორი გახდა და ხუთწლედის გეგმის შესრულებას შეუდგა. ორივე გატეხილშია, ბაჩო ახლაიაა გასწორებულში.

ჰოდა, გასულ კვირაში თვდაცვის სამინისტროს შენობას ცეცხლი წაეკიდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო დივერსია. უბრალოდ, შენობების რეკონსტრუქციას და რემონტს ვიზაჟისტები აკეთებენ, კიკინებიანი გოგონები მინისტრებად ინიშნებიან, ხოლო ციხის ზედამხედველები ყაზარმებს და საკლასო ოთახებს ზედამხედველობენ. “ხაშურში საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა” – წაიკითხეთ და თვითონ განსაჯეთ.

თავდაცვის სამინისტროში მომხდარ ხანძარს თუ დავუბრუნდებით, ალბათ, საინტერესო იქნება ეს ინფორმაცია: “საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილება შევიდა. მემორანდუმში შეტანილი ცვლილება მთელ რიგ ტექნიკურ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს”.

როგორც ვხვდები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავდაცვის სამინისტროს მოამარაგებს შტეფსელებით, შნურებით, პერენოსკებით და, ყოველი შემთხვევისთვის, პერემიჩკებითაც.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქმე მას შემდეგ კიდევ უფრო მოემატა, რაც 4 ივლისს ცეცხლი საგადასახადო ინსპექციის შენობასაც გაუჩნდა. წინასწარი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი აქაც ელექტროგაყვანილობა გახდა.

გასულ კვირაში მიხეილ მაჭავარიანმა განგაშის ზარს შემოკრა – წიგნებს ცეცხლი უკიდიათო, ანუ ძაან ძვირიაო. “ვერ გავიგე, ქაღალდი ღირს ძვირი თუ რატომ არის ასეთი ფასები” – შეშფოთბა გამოთქვა და აღშფოთება ვერ დამალა “ბურჯანაძე–დემოკრატების” ყოფილმა წევრმა. გოკა გაბაშვილი საქართველოში წიგნების სიძვირეს, წიგნის პატარა ბაზრით ხსნის და ამტკიცებს, რომ წიგნები ევროპაშიც ძვირია.

“მიხეილ მაჭავარიანმა გოკა გაბაშვილის ეს არგუმენტი, სუსტ არგუმენტად მიიჩნია” – ოფიციალური ენით იუწყებოდა “ინტერპრესნიუსი”, რაც არაოფიციალური ენით ასე ჟღერს: “ვაი შენს პატრონს” – გაიფიქრა მიხეილ მაჭავარიანმა”.

”ვაი თქვენს პატრონს” – გაიფიქრა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ, ხმამაღლა კი სკოლის მანდატურებზე ასე თქვა: “შეუძლებელია, 19 წლის ბიჭებთან წესრიგის დასამყარებლად 20 წლის ადამიანი შეუშვა”.

ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ თოიძის არგუმენტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ვახტანგ გორგასალი 15 წლის იყო, როცა გამეფდა, დავით აღმაშენებელს ის–ის იყო 16 წელი შეუსრულდა, ხოლო ვერა ქობალია მართალია უკვე 20 წლისაა, მაგრამ მიხვრა–მოხვრით 17 წლის გოგოს გავს. ვერა გაიპრანჭება – გმადლობთ კომპლიმენტისთვისო, მაგრამ მე ნუ მეპრანჭები, ხორცშესხმულო მდგარდო განვითარებავ, ისევ იმას გაეპრანჭე, ვისაც გაპრანჭვიხარ.

ახლა რასაც გეტყვით, მაგის თქმას არ ვაპირებდი. ჩავთვალე, რომ არ იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ხომ იცით – ზოგჯერ სიტყვა მოიტანს ხოლმე და ახლა ვერას გაპრანჭვამ მოიტანა.

მოკლედ, ”ნიკა გილაური შრომის კოდექსის მოქნილობაზე საუბრობს” – სათაური. “ნიკა გილაურს ქართული შრომის კოდექსის მთავარ სიკეთედ ის გარემოება მიაჩნია, რომ მისი მეშვეობით ინვესტორებს მუშა-ხელის გათავისუფლება ადვილად შეუძლიათ” – შინაარსი.

გაუმარჯოს თავისუფლებას, მაგრამ ისეთ თავისუფლებას, რომელზეც გილაური საუბრობს “უმუშევრობა” ჰქვია. ვნახოთ, ვნახოთ... ვერა ქობალია მიიჩნევს, რომ მთავარი პრიორიტეტი დასაქმება უნდა გახდეს. გილაურს იმედი აქვს, რომ ქობალია სამინისტროში “მრავალი წლით მოდის”. ვნახოთ, ვნახოთ... ზესტაფონის გამგებელი ამბობს, ქვემო საქარას ტბაში არავითარი მრავალმეტრიანი ურჩხული არ ბინადრობსო. მოსახლეობა იბოღმება, მაგას მრავალმეტრიანიო… რვა მეტრზე მეტი არ იქნებაო.

ჭალადიდელი მოჩვენებისა და ზესტაფონელი ურჩხულის ფონზე, შესაძლოა, სასაცილოდ გეჩვენოთ ის, რაც მერიაში მოხდა. მერიაში მოკლული მგელი იპოვეს. მგელს, თურმე, ორი ლეკვი ახლდა. ბევრჯერ შეუნიშნავთ, თურმე, მაგრამ მოკვლა არ ხერხდებოდა. ახლა, მგელი მკვდარია და მერიამაც შვებით ამოისუნთქა. ეს მოხდა სოფელ მერიაში. თბილისის მერიაში კი უგულავამ თავისი 120–დღიანი პროგრამის შესრულება დაიწყო.

დაიწყო და დაიწყო. მთავარია, დაამთავროს. იმედია, დაამთავრებს და თუ ვერ დაამთავრებს, არ დაიწყებს წუწუნს – მკვდარი მგელიო, ცოცხალი ურჩხული და ცოცხალ–მკვდარი შოთა მალაშხიაო. რაღა მალაშხიას უყურებთ, ვერა ქობალიას შეხედეთ, ნინო კალანდაძეს შეხედეთ, შორენა ბეგაშვილს შეხედეთ... ეს ბავშვები სიცოცხლეს აფრქვევენ. ცოტა, კი უტყდებათ, წიგნები რომ ძვირია, მაგრამ განა წიგნებია მთავარი? მთავარია გაგება და თუ ამ გაგებას მემორანდუმიც ამაგრებს, უკვე ძაან მაგარია და ასწორებს.

გასულ კვირაში დავით ბაქრაძემ და ჯონ ბასმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ეგენი მართლა გაუგებენ ერთმანეთს. იმან – კოვზებით აღიჭურვეთ და იომეთო, ამან – გიგზავნით წყალს და პამპერსებს, იომეთო.

გაგიგიათ ეგეთი?!

მე გამიგია. გამიგია, ჭალადიდში მოჩვენება დადის და ქვებს ისვრისო. ისიც გამიგია დამიზნებით არ ისვრისო. ყველაფერი გამიგია. მოტობურთიც...

მ.წ. (მოვრჩი, წავედი) ასწორებს – სასიამოვნოა, კარგ განწყობილებას ქმნის; ისეთია, სიტუაციას რომ შეეფერება, ჩინებულად აკმაყოფილებს ამწუთიერ მოთხოვნილებას. ანტონიმი “ტეხავს” (იხ.) “არა, სადღაც კი ასწორებს, მაგრამ სადღაც ტეხავს (გია ჭუმბურიძე. თარგმ.); “თაფლისფერი თვალები კი, მაგრად ასწორებს, ხალხნო!”; “ზარემბა მართლა ასწორებდა. აი, იმას რომ ჰქონოდა ხოში და ჯინსი ჩაეცვა, გული არ აგერეოდა” (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.).
(ლევან ბრეგაძე, “ქართული ჟარგონის ლექსიკონი”)