მოვალეთა ჭაობში ყოველწლიურად ათეულ ათასობით ადამიანი ეფლობა

მოვალეთა ჭაობში ყოველწლიურად ათეულ ათასობით ადამიანი ეფლობა

მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა ერთ თვეში 1655–ით გაიზარდა, ერთ წელიწადში კი - 33 600–ით. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენციაა. იმისთვის, რომ პროცესი შეჩერდეს და ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობა შემცირდეს, საჭიროა, გარკვეული ინიციატივები ხელისუფლების მხრიდან.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 7 ოქტომბრის მონაცემებით, რეესტრში 129 184-ზე მეტი პირია რეგიტრირებული, სექტემბრის დასაწყისისთვის კი ეს მაჩვენებელი 127 529–ით განისაზღვრებოდა. ესე იგი, სულ რაღაც ერთ თვეში ასეულობით ადამიანს შეექმნა სესხთან დაკავშირებული პრობლემა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია ზრდა, თუკი წინა წლის მონაცემებს გადავხედავთ. 2012 წლის დასაწყისისთვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა მაჩვენებელი 70 000-ს აღწევდა. 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისისთვის კი 95 583 პირი იყო აღნუსხული.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება.

აღსრულების კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის 1-ლი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმისწარმოება მიმდინარეობს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აუქციონის წესით რეალიზებული ქონების რაოდენობა გაიზარდა. მოვალეთა რეესტრის ინფორმაციით, 2014 წლის იანვრიდან-აგვისტოს თვის ჩათვლით, აუქციონის წესით რეალიზებულია 1154 უძრავი ქონება, ხოლო 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1137. აქ ტენდენცია, პრაქტიკულად, უცვლელია.

მოველეთა რეესტრის მონაცემებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან არაფერი გაკეთებულა, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულიყო.

„იმისთვის, რომ პროცესი შეჩერდეს და მოვალეთა რეესტრში ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობა შემცირდეს, ამისთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებები, ინიციატივები ხელისუფლების მხრიდან. ეს, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს ზოგად სოციალურ–ეკონომიკურ ფონს და მეორე მხრივ, მოვალეთა რეესტრის „კლიენტებს“ საშუალება ექნებათ გაიმჯობესონ საკუთარი „ბეგრაუნდი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება“, – აცხადებს კალანდაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებითაც, მოსახლეობის ვალის ტვირთი საკმაოდ მაღალია. „საბანკო სექტორთან ერთად, ძალიან მზარდია არასაბანკო საფინანსო სექტორი. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია, მომენტალურ განვადებებზე, არარეგისტრირებულ საკრედიტო კავშირებზე და ა.შ. ლომბარდების ინდუსტრია ნახევარ მილიარდს აღმატება, 100 მილიონზე მეტია მომენტალური განვადების სხვადასხვა სერვისი და ა.შ.

თუ გავითვალისწინებთ ამ მოცულობის სიდიდეს და დავუმატებთ იმას ჩვეულებრივ საბანკო კრედიტებს, რომელსაც მომხმარებლები იღებენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოსახლეობის ვალის ტვირთი საკმაოდ მაღალია და ეს შეიძლება სერიოზულ გამოწვევად იქცეს მთლიანად ეკონომიკისთვის“, - აცხადებს ქადაგიძე.