რთველმა რაჭაში ჩააღწია - შედარებით შემცირებული მოსავლით და გაზრდილი ფასებით. შარშანდელთან შედარებით, ხვანჭკარის სამასალე ყურძენი დაახლოებით 50%-ით არის გაძვირებული. სამაგიეროდ, მთელი რეგიონის მასშტაბით გაძლიერებულია კონტროლი, რათა ღვინის უნიკალური ფალსიფიკაცია თავიდან იქნეს აცილებული.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ორშაბათს ოფიციალურად გაიხსნა. იგი რთველის ორგანიზებულად ჩატარებას და პროცესების მართვას უზრუნველყოფს, რათა რაჭველმა მევენახეებმა ყურძნის რეალიზაცია მარტივად და უპრობლემოდ შეძლონ.
საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში განთავსდა. შტაბის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
რაჭაში ყურძნის მიღება-გადამუშავების მზადყოფნა გამოთქვა და დარეგისტრირებულია 14 ღვინის კომპანია. წელს წინასწარი პროგნოზით მუჯურეთულისა და ალექსანდროულის სავარაუდო მოსავალი 800-900 ტონას შეადგენს.
„ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის, ანუ „ხვანჭკარის ღვინის მასალის“ ღირებულებამ 2013 წელს 8 ლარი შეადგინა და სავარაუდოდ, ეს თანხა არც 2014 წელს მოიკლებს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად, რთველის მიმდინარეობის პროცესშია ჩართული, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება მოხდეს და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო მაქსიმალურად იქნას დაცული“, - აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
რაჭველი მეღვინეების ინფორმაციით, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული. მოსავლის დეფიციტზე და ფასის ზრდაზე საუბრობს მეღვინე მერაბ ახობაძე, რომლის თქმითაც, ამინდმა ხვანჭკარას სამასალე ყურძენზე ცუდად იმოქმედა.
„დიდი შრომა ჩავდეთ მოსავლის მისაღებად და ასეთ შედეგს არ ველოდით. შარშან ორჯერ მეტი ყურძენი დაიკრიფა. უამინდობა მოსავლის აღებაშიც ხელს გვიშლის. დღის განმავლობაში ჩამოვლენ შემსყიდველები და ზუსტი ფასი დადგინდება. ამ ეტაპზე კი ალექსანდროულის ფასი 12 ლარია, ნაკლები ნამდვილად არ იქნება, პირიქით, შეიძლება გაძვირდეს კიდეც“, - ამბობს მერაბ ახობაძე.
ისევე, როგორც კახეთში, საკოორდინაციო შტაბი რაჭაშიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონული ბაზაში აღირიცხება.
სანამ რაჭაში რთველი იწყება, კახეთში უკვე დასასრულს უახლოვდება. „რთველი 2014“-ის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით გადამუშავებულია 116 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, მოსახლეობის შემოსავალმა კი რეკორდულ მაჩვენებელს - 155 მლნ ლარს გაააჭარბა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლევანდელ რთველს უპრეცენდენტო უწოდა.
„საუკეთესო რთველი და საუკეთესო წელი იყო, ვინაიდან გლეხები, მევენახეები ძალიან ბედნიერები, კმაყოფილები არიან. ეს დიდი მოტივაცია, სტიმულის მიმცემია გლეხებისთვის. 4 ათას ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახი, რაც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ გლეხს გაუჩნდა მოტივაცია და სურვილი, რომ ვენახი გააშენოს. არიან ოჯახები, რომლებმაც 10, 20, 50 და 100 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სოფლებში ეს ძალიან დიდი დახმარებაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყურძნის კრეფა 2-3 კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდება.