საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. გენერალური შტაბის უფროსი გერმანელი კოლეგის, გენერალ ფოლკერ ვიკერის მიწვევით გაემგზავრა. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ბოლო ათი წლის განმავლობაში გერმანიის ბუნდესვერის გენერალური შტაბის უფროსის პირადი მოწვევით პირველად ესტუმრა გერმანიას.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა. მხარეებმა გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჰამელბურგის სასწავლო ცენტრის მონახულება. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმ ქართულ ასეულს ეწვევა, რომელიც ავღანეთში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადებას გადის. გენერალური შტაბის უფროსი გერმანიის ოპერატიულ სარდლობასაც ესტუმრება.
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ხვალ დასრულდება.