ბარსელონა - ერთ ევროდ!

ბარსელონა - ერთ ევროდ!

კატალონიის ულამაზესი დედაქალაქის – ბარსელონას ხელისუფლებამ ორიგინალური გზა მოძებნა შემოსავლის მისაღებად: ყველა ტურისტი, რომელიც ამ გამორჩეულ ქალაქს ესტუმრება, იქ ყოფნის ერთი დღის განმავლობაში 1 ევროს გადაიხდის.

ამის წყალობით ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად, სავარაუდოდ, 20 მილიონამდე ევრო შევა. ბარსელონას ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი იმ კრიზისითაა გამოწვეული, რომელიც ესპანეთში კვლავაც გრძელდება.

ამის მიზეზი ისიცაა, რომ ბარსელონას შეუმცირეს სახელმწიფო სუბსიდიები, რომლებითაც მისი, როგორც ტურისტული ცენტრის რეკლამირება ხდებოდა. ახალი გადასახადის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ დანაკლისის კომპენსირებას მოხმარდება.

იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის მთავრობა ახალ გადასახადს დაამტკიცებს, ბარსელონა ესპანეთის პირველი ქალაქი გახდება, რომელიც მსგავს ნაბიჯს გადადგამს.

ბარსელონაში ყოველწლიურად 7 მილიონამდე ტურისტი ჩადის სტუმრად. 1 ევრო ის თანხა არ არის, რომლის გამოც რომელიმე ტურისტი იმ სიამოვნებაზე იტყვის უარს, რომელიც კატალონიის უმშვენიერესი დედაქალაქის ხილვისას შეუძლია მიიღოს. შესაძლოა, ახალი გადასახადი არ შეეხოს „სოციალურ ტურისტებს“ – სტუდენტებსა და პენსიონერებს.