„ეტა აბდულა?“

„ეტა აბდულა?“

თბილისში არსებული სასტუმრო „ივერიის“ მოსკოვიდან დაფინანსების საქმეში, თავის დროზე განსაკუთრებული წვლილი ბატონ კახი კავსაძეს შეუტანია. ამ ისტორიას ბატონი ვახტანგ ცხადაძე გაიხსენებს.

„სასტუმრო „ივერიის“ დაფინანსების ბედი წყდება მოსკოვში. 30 მილიონზეა საუბარი, რადგან მისი რეკონსტრუქციისთვის ამდენი იყო საჭირო. ვიღაც ახალი დანიშნეს, ცეკადან გადმოიყვანეს „ინტურისტში“. არ გვიკარებს ქართველებს, არაფრით არ გვიწერს ხელს დაფინანსებაზე. მოსაცდელში უზარმაზარი რიგი დგას, ყველა დაფინანსებას ელოდება.

მის გვერდით იყო სასტუმრო, სადაც დაბინავებული ვიყავით. მივედი ერთ დღესაც და მოადგილეს ვთხოვე, აქვე ვართ დაბინავებული სასტუმროში, წამოდი, კარგი პურმარილი გვაქვს, კარგი ღვინო, ქართველების სიმღერა ხომ იცი და, ჩავუსხდეთ-მეთქი. ზაფხულია. მართლაც, მოვიდა ეს კაცი ჩვენთან ნომერში, დაჯდა. გაიხედა - მიშიკო შენგელია გამოვიდა აბაზანიდან, ფეხი მოხსნილი აქვს და იქვე მიუყუდებია კედელზე, გადაირია კაცი. უცებ გამოვიდა მეორე კოჭლობით, - ამაზე სულ შეიშალა. ბოლოს კახი გამოვიდა პირსახოცშემოხვეული და მთლად გაგიჟდა. იმ დროს კახის „დონ კიხოტში“ იღებდნენ და ისედი გამხდარი იყო, ლანდი გასდიოდა.

მოკლედ, ძლივს დავაკავე ის კაცი, გამიგიჟდა - ეს სად მომიყვანეო. უცებ, კახის დააკვირდა და მკითხა: „ეტა აბდულა?“ ვერ მოვედი აზრზე. ისევ გამიმეორა: „ბელოე სოლნცე ვ პუსტინე?" უცებ დამკრა თავში, გამახსენდა, ერთ-ერთ ფილმში აბდულას როლს რომ თამაშობს კახი და ვუთხარი - დიახ, ის არის, ჩვენ კოლეგები ვართ-მეთქი.

თვალები გაუბრწყინდა და მითხრა, ხვალ სუფრას მე გავშლი, ჩემს ცოლსა და მის დაქალს წამოვიყვან და ეს კაცი იქ მომიყვანე, თუ გინდა, რომ ზეგ დილით ხელი მოგიწერო დაფინანსების ქაღალდზე, 30 მილიონს გამოგიყოფო. კახის ვუთხარი, არიქა, ბიჭო, შენი იმედი მაქვს ახლა უარი არ მითხრა, თორემ, აქვე მოვიკლავ თავს-მეთქი.

როგორ მეტყოდა უარს? მეორე დღეს კარგადაც ვიქეიფეთ და ჯიბეში 30 მილიონით დავბრუნდით საქართველოში“.