„ინციდენტი“

„ინციდენტი“

ერთხელ ბატონ ჯემალ ჭკუასელს ერთ-ერთი კონცერტის მიმდინარეობისას მისი ანსამბლის მავანმა და მავანმა წევრმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენა. ამ „შემთხვევას“ ჯემალ ჭკუასელი შემდეგნაირად იხსენებს.

„ერთხელ, გასტროლები გვაქვს ანსამბლს. საერთოდ, მკაცრი ვარ და მოცეკვავეებს წესრიგს ვთხოვ, თან, იციან, დაგვიანებას ვერ ვიტან, მით უმეტეს - სცენაზე ცეკვის დროს. კონცერტის მსვლელობისას, მე კულისებში, ყოველთვის პარტერიდან მარჯვენა მხარეს ვდგავარ.

იმ დღეს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მეორე მხარეს დავდექი. დაიწყო ფარიკაობა. ვხედავ, ერთი გოგო აკლია სცენაზე. მომაწვა სისხლი კისერში, ვიფიქრე, სად არის ეს მამაძაღლი-მეთქი. ამ დროს ვიღაცამ დამარტყა ხელი მხარზე და უხეშად მითხრა: რას დამდგარხარ აქ, ვერ ხედავ, ხელს მიშლი, ვერ გავდივარ სცენაზე, გაიწი იქითო.

მივხვდი, ის დაგვიანებული მოცეკვავე იყო. არ გავიწიე. უცებ არ მომაძახა გადი, შე კრეტინო, მომკლავს ჯემალიო?! აი, მაშინ კი შემოვბრუნდი და რომ მიცნო, კინაღამ მოკვდა. სცენაზე კი გავიდა, მაგრამ მკვდრის ფერი ედო, ძლივს იცეკვა“.