„გიას თავგადასავალი“

„გიას თავგადასავალი“

ბატონი გია კორკოტაშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებს.

„მე, ვახტანგ მესხი, გიგლა ჩიქოვანი და კიდევ რამდენიმე ჩვენი ძმაკაცი ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე ჩამოვდივართ. გავიხედეთ, ოთარ რამიშვილი თავისი სახლის სადარბაზოსთან დგას და შუა გაწევ-გამოწევაშია, ყველას სახლში ეპატიჟება, არადა, თავად არ სვამდა იმ პერიოდში. რომ დაგვინახა, გაუხარდა. გვკითხა, სად მიდიხართ ბიჭებო, რას აპირებთო. ჩვენ ვუპასუხეთ, არაფერს არ ვაპირებთ, რაღაც ატროვებულები ვართ და ჩვენ თვითონ არ ვიცით რა გვინდაო.

ოთარს სახე გაებადრა, მაგარი პურმარილი მაქვს სახლში, ღვინოც მაქვს და გეპატიჟებით ჩემთანო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა? კარგი პურმარილი, კარგი სასმელი, კარგი სიმღერა, გარეთ სიცივე და სახლში სითბო. მახსოვს, გარეთ თოვდა. ოთარი არ სვამდა, სამაგიეროდ, გიტარას უკრავდა და საოცარ ისტორიებს გვიყვებოდა. შევამჩნიეთ, რომ ხშირად გადიოდა ოთახიდან. ცოლმა ჰკითხა, რა არის, ოთარ, რა ხშირად ტოვებ სუფრას, რა გჭირსო. მანაც უპასუხა, ტუალეტში მინდება ხშირ-ხშირად, გავცივდი და ცისტიტი მაქვსო. ჩვენც დავიჯერეთ. სინამდვილეში, თურმე ოთარს, დამალული აქვს იქ სასმელი, გადის და ჩუმ-ჩუმად წრუპავს. არადა, ნელ-ნელა ქეიფის ეშხში რომ შედიოდა და სიმღერას უმატა, კი გაგვიკვირდა, მაგრამ აბა, რას წარმოვიდგენდით? გაგვითავდა სუფრასთან ღვინო. მე ვუთხარი, სახლში წამალივით ღვინო მაქვს, წავალ და მალევე დავბრუნდები-მეთქი.

გამოვედი. სად არის ტაქსი? დავადექი ქუჩას ფეხით. იმხელა თოვლი მოვიდა, რომ გზაშიც არ დამეწია მანქანა. შანიძის ქუჩამდე ასე ვიარე. სახლიდან გამოვიტანე ოცდაორლიტრიანი ჭურჭლით ღვინო. ისეთი მძიმე იყო, ოთარისთან სახლში ნამდვილად ვეღარ ავიტანდი ფეხით. მეუღლემ მითხრა, აგერ ციგა მაქვს და იქნებ ამით აიტანოო. დავდგი ეს ჩემი ღვინო იმ ციგაზე და ცურვა-ცურვით ავიტანე ეს ღვინო.

ნახევარი ვაკე და ვერა მომდევდა, მიხვდნენ, მაგარი ქეიფისთვის იყო განკუთვნილი ეს სასმელი. მივედი როგორც იქნა, ოთარის სახლამდე და თან იმ ღვინოს ოთხი-ხუთი დაუპატიჟებელი სტუმარიც მივაყოლე. წარბიც არ შეუხრია მასპინძელს. ის ღამე სიმღერებით და საოცარი ამბების მოყოლაში გავათენეთ. ეს ერთ-ერთი თბილისური, ამბავია, რომელიც ჩემს მეხსიერებაში არასდროს წაიშლება და რომელსაც ყოველთვის ღიმილით და სიამაყით ვიხსენებ. აი, ასეთი სტუმარმასპინძლობა ვიცოდით ჩვენს ქალაქში“.