„დაუპატიჟებელი სტუმრები“

„დაუპატიჟებელი სტუმრები“

ერთხელ ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე და ჯემალ ღაღანიძე ახალ წელს სრულიად უცხო ოჯახში შეხვდნენ.

დოდო აბაშიძეს, ეროსი მანჯგალაძესა და ჯემალ ღაღანიძეს 31 დეკემბერს ვორონცოვზე მოუწიათ ქეიფი. კარგად შეუბერეს და საათს რომ დახედეს, ქეიფის ეშხში ისე შესულან, ახალ წლამდე, სულ რაღაც ნახევარი საათიღა იყო დარჩენილი. მოკლედ, გონს რომ მოვიდნენ, მიხვდნენ, სახლებში მისვლას ვეღარ ასწრებდნენ. არადა, ქუჩაში მაშინ ტაქსები ასე ხშირად არ დადიოდა. ახალ წელს ქუჩაში ხომ ვერ შეხვდებოდნენ?

ეროსის უთქვამს, ბიჭებო, ბოლოს და ბოლოს თბილისია, ვინმეს მივუკაკუნოთ ფანჯარაზე, ავუხსნათ ჩვენი სიტუაცია, იქნებ სახლში შეგვიპატიჟონ და ახალი წელი სახლის ჭერქვეშ გაგვატარებინონო. მართლაც, ასე გადაუწყვეტიათ. ბელეტაჟიანი სახლის ფანჯარაზე მიუკაკუნებიათ. გამოუხედავს ვიღაც კაცს და თვალები შუბლზე ასვლია.

წარმოიდგინეთ, სამი ბუმბერაზი მსახიობი დგას ფანჯარასთან ახალი წლის დადგომამდე, სულ რაღაც ათი წუთით ადრე და გეუბნებიან თუ შეიძლება, შენს ოჯახში შევხვდებით ახალ წელსო. ეს რომ უთქვამთ, დაბნეულობისგან იმ კაცს შოკი მიუღია და სიტყვა ვერ მოუბრუნებია. მიხვდნენ თურმე, ეროსი, დოდო და ჯემალი იმ კაცის დაბნეულობის მიზეზს და სიცილით უთქვამთ, ე ბიჭო, გააღე კარი თუ გვიშვებ, შენთან ერთად გვინდა, ამ ახალ წელს შევხვდეთ, რას დაიბენიო.

ბოლოს აზრზე მოსულა ის უცხო კაცი და სიხარულით შეუპატიჟია მსახიობები სახლში სადღესასწაულო სუფრასთან. ჩვეულებრივმა თბილისურმა ოჯახმა თურმე იმ დღეს მოილხინა, ნუ იტყვით. მათთან ქეიფს, დამეთანხმებით, ბევრი ინატრებდა. დილამდე უქეიფიათ. მერე ამბობდა ის კაცი თურმე, ეს რა საჩუქარი გამომიგზავნა ღმერთმა ახალ წელს, ამას მოვიფიქრებდიო?!