რა სჭირდება 40 წლის ასაკის ქალს

რა სჭირდება 40 წლის ასაკის ქალს

თანამედროვე ქალბატონები, რომლებმაც 40 წელს მიაღწიეს, ჯერ კიდევ ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურებიან, არც სიმხნევე და ენერგია აკლიათ, მაგრამ, როდესაც სარკესთან მარტო რჩებიან, აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათი სახის კანს უკვე დაეტყო დაღლილობის ნიშნები, წვრილ-წვრილი ნაოჭებიც მიმოფანტულია თვალებისა და ტუჩების კუთხეებში, ფერით კი ნამდვილად აღარ ჰგავს ატმის ყვავილს. არადა, ჯერ კიდევ ახალგაზრდულად გრძნობენ თავს.

ქალები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც „ბალზაკის ასაკს“ მიაღწიეს, უფრთხიან მოახლოებულ სიბერეს და ოცნებობენ ისეთ კრემზე, რომელიც დაეხმარება მათ, ისევე გამოიყურებოდეს მათი სახის კანი, როგორც ოცი ან, თუნდაც, ათი წლის წინ. ამისთვის კი სამი სახეობის კრემია საჭირო:

დღის კრემი, რომელიც ასწორებს და ატენიანებს კანს, შლის დაღლილობის კვალს, ასწორებს ნაოჭებს და ფერსაც სასურველს ხდის.

კრემი თვალების გარშემო აქტიურად ებრძვის ჩაშავებულ უპეებსა და თვალების ქვეშ ჩამოკიდებულ „ტომსიკებს“. ეგრეთ წოდებულ „ბატის თათებს“ კი, ანუ, საფეთქლებისკენ გაპარულ წვრილ ნაოჭებს საგრძნობლად ასწორებს.

ნაოჭების საწინააღმდეგო კონცენტრატი განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც სიცილის ან ღიმილის დროს ტუჩების კუთხეებში, ლოყებამდე, კანი მკვეთრად ეკეცება. ამ ტიპის კრემი მომენტალურად „აუთოებს“, ატენიანებს, ჭიმავს კანს და სიგრილისა და სიჯანსაღის ეფექტს ტოვებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სახის კანისთვის კრემების შეძენისას, ყურადღებით წაიკითხეთ თითოეულის ანოტაცია და დააკვირდით მათ შემადგენლობას. მაგრამ, ცხადია, მხოლოდ კრემები ყველა პრობლემას ვერ მოერევა, აუცილებელია, მათ დაეხმაროთ პილინგებით, ხილის, ბოსტნეულისა და რძის ნაწარმის ნიღბებით, კოსმეტიკური რძით, ტონიკით და, როგორც წესი, დილა-საღამოს მსუბუქად დაიმასაჟოთ სახე გვირილის, პიტნის ან სალბის ნაყენისგან დამზადებული ყინულის კუბიკებით.