ვის წისქვილზე დაასხამს სემეკი წყალს...

ვის წისქვილზე დაასხამს სემეკი წყალს...

[ნიკა ასლანიძე]
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფების შეცვლა დამოუკიდებლად შეეძლება. დღევანდლამდე ცნობილი იყო, რომ ეს მხოლოდ წყლის ტარიფის შემთხვევაში მოხდებოდა, მაგრამ ახლა ინფორმაცია სამივე ტარიფის მიმართულებით ვრცელდება. გამოდის, რომ სემეკს ხელფეხი ეხსნება, ოღონდ საკითხავია ვის სასარგებლოდ?

“ენერგო პრო ჯორჯია” მოსახლეობას დენს საკუთარი სურვილით ვეღარ გაუძვირებს. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან იტყობინებიან, პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცა “ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის შესახებ” კანონში ცვლილებები.

შედეგად, სემეკს ტარიფების შეცვლა ელექტროენერგიის და გაზის დისტრიბუტორი კომპანიებისაგან დამოუკიდებლად შეეძლება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით “სემეკს” ტარიფის შეცვლა მხოლოდ დისტრიბუტორების მოთხოვნით შეუძლია.

საპირისპიროს ამტკიცებენ “ენერგო პრო ჯორჯიაში”. მათი თქმით, ტარიფს სწორედ სემეკი ადგენს და როცა “ენერგო პრო” ბაზარზე შემოვიდა, დღეს მოქმედი ტარიფები უკვე არსებობდა.

რეგიონებში “ენერგო პროს” აბონენტებისთვის დენის ტარიფი 13-დან 17,5 თეთრამდეა, რასაც ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტიც არარეალურს უწოდებს. რევაზ არველაძის განცხადებით, ტარიფი 3-4 თეთრით დაბალი უნდა იყოს.მისი თქმით, 2007 წელს “ენერგო პრომ” რეგიონებში ოპერირების უფლება იმ პირობით მიიღო, რომ ჯერ სერიოზულ ინვესტიციას ჩადებდა და შემდეგ ამ თანხას ტარიფზე ასახავდა. თუმცა, მოსახლეობას დენი ავანსად გაუძვირდა და გამრიცხველიანებას სწორედ ამ ფულით ხდება.

ამ კანონპროექტის ირგვლივ ცოტა არ იყოს, გაურკვევლობაა. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონში ცვლილება კი შედის, მაგრამ აქამდე ცნობილი იოყ, რომ იგი მხოლოდ წყლის ტარიფის მიმართულებას შეეხებოდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უფლება ენიჭება წყლის ტარიფს დამოუკიდებლად, კომპანიის მიმართვის გარეშე გადახედოს.

არსებული კანონის მიხედვით, სემეკი ტარიფს მხოლოდ მაშინ ცვლის, როცა წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის კომპანიები განცხადებით მიმართავენ სემეკს. ამ შემთხვევაში კომისია განიხილავს კომპანიების მიერ წარდგენილ განაცხადს და თუ საჭიროდ ჩათვლის ტარიფის ცვლილებას იმ შემთხვევაში მოახდენს.

“კომპანიებს უფლება აქვთ, რომ ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით კომისიაში განაცხადი შემოიტანონ, ხოლო სემეკი მათი განაცხადის შესწავლის შემდეგ შესაბამის დასკვნას გამოიტანს”, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა.

ფაქტობრივად, სემეკს მხოლოდ ტარიფის ზრდაზე შეუძლია გადაწყვეტილების მოხდენა, ვინაიდან კომპანიები ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით მას არასოდეს მიმართავენ.

დარგოვბრივ ეკონომიკის კომიტეტი კი ამჯერად სხვ ინფორმაციას ავრცელებს. თუკი ამ კომიტეტის დეპუტატთა მოწოდებული ინფომარცია სიმართლეს შეეფერება, მაშინ გამოდის, რომ სემეკის უფლებები თვალიშისაცემად ფართოვდება. ამ კომისიას უფლება ენიჭება ყველასთან შეუთანხმებლად მიიღოს გადაწყვეტილება და კომუნალურ ტარიფებს (დენი, გაზი, წყალი) გადახედოს.

საქართველოში რომ კომუნალური გადასახადები უაზროდ მაღალია, ამას სპეციალისტები პირდაპირ მიუთითებენ. სხვათა შორის, ეს თავად სემეკსა და სადისტრიბუციო კომპანიებშიც კარგად უწყიან, მაგრამ თავად ხომ არ მოიჭრიან კუდს. სემეკში დღემუდად ამტკიცებდნენ, რომ დამოუკიდებლად ტარიფების გადახედვის უფლება არ ჰქონდათ. თუკი ეს უფლება პარლამენტმა მათ მიანიჭა, მაშინ ან სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ან უნდა აღიაროს, რომ მონოპოლისტი კომპანიების ჭკუაზე დადის.