„გიას გმირობა“

„გიას გმირობა“

ცნობილი მხატვარი გია ბუღაძე ერთხელ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მომავალი ხელოვანი მაშინ მხოლოდ 17 წლის გახლდათ. ამ შემთხვევას თავად გია ბუღაძე გაიხსენებს.

„17 წლის ვიყავი, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი რომ დავამთავრე. ერთი სული მაქვს, როგორც მხატვარმა, გმირობა ჩავიდინო და კაცობრიობა ავალაპარაკო. თან, ასაკი მქონდა ისეთი, თან, ჩემი ფიზიკური მონაცემებით უკმაყოფილო ვიყავი. თმის ცვენა 15 წლის ასაკში დამეწყო, პლუს - მოკაუჭებული ცხვირი და ქალების მოსახიბლავად „საქმენი საგმირონიღა“ მრჩებოდა.

მამამ შიო მღვიმეში დამტოვა, ესკიზი უნდა გავაკეთო. ვარ ამ მოსრიალებულ კლდეებში, უცებ ქარი ამოვარდა და თავსხმა წვიმა წამოვიდა. ირგვლივ რამე თავშესაფარი კი არა, უბრალო ბუჩქიც არ არის. ამ დროს ცნობილი მხატვარი - პოლ სეზანი გამახსენდა, რომელიც სიკვდილის წინ მედგრად მუშაობდა წვიმაში, გაცივდა და მეორე დღეს ფილტვების ანთებით მოკვდა. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, მისი გმირობა გამემეორებინა. ვმუშაობ, მაგრამ არაფერი გამომდის, აიზილა საღებავი, საღეჭ რეზინასავით იწელება.

გმირობის გამეორება სანახევროდ მოვახერხე, მართალია, ვერაფერი დავხატე, მაგრამ ძალიან გავცივდი. თან, საფიქრალიც გამიჩნდა, როგორ ხატავდა სეზანი წვიმაში. მოვიძიე ლიტერატურა, წავიკითხე და თურმე ქოლგის ქვეშ არ მუშაობდა?!“