საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით უელსის 160-ე ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის მიზანი საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაცნობა და შეფასება, ასევე სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განხილვაა.
დღეს, დელეგაციის წევრები, ბრიგადის მეთაურის, ბრიგადირ მარტინ გემბელის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, მიხეილ დარჩიაშვილმა და თამარ ქაროსანიძემ მიიღეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაციები მიაწოდეს და მათგან რეკომენდაციები მოისმინეს.
დღესვე, დელეგაციის წევრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ გიორგი კბილცეცხლაშვილს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ არსენ ცუხიშვილსა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკ შალვა ბაჯელიძეს შეხვდნენ. ბრიგადირმა მარტინ გემბელმა თავდაცვის ტრანსფორმაციის საკითხებში საკუთარი ბრიგადის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელი სტუმრები საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისსა“ და ვაზიანის მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადასაც ესტუმრებიან.