ელიტური კორუფცია - მონაწილეები და მოწმეები

ელიტური კორუფცია - მონაწილეები და მოწმეები

[კვირის რეპორტაჟი]

აღმოჩნდა, რომ ბიზნესი თუ ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებს, ის სახელმწიფოს ტენდერებსაც იოლად იგებს და შესყიდვებსაც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ახალ კვლევას ამზადებს, რომელშიც ათეული ასეთი პრივილეგირებული კომპანიაა ჩამოთვლილი. რატომ აფინანსებს ბიზნესი მხოლოდ მმართველ პარტიას? ეს რთული კითხვა არ არის.

ბიზნესის მიერ პოლიტიკის დაფინანსება ყოველთვის შეიცავს კორუფციის რისკს. ეს განპირობებულია იმით, რომ საწარმოებსა და სახელმწიფოს შესაძლოა პირდაპირი ფინანსური კავშირი ჰქონდეთ. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიასა და ბიზნესს შორის უკანონო გარიგება შეიძლება მოხდეს და ბიზნეს კომპანიამ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ შემოწირულება განახორციელოს პარტიის ან მისი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალი კვლევის შედეგები მოამზადა, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მასში ასახულია მსხვილი კომპანიების სია, რომლებიც ყოველი არჩევნების წინ ფსონს და მილიონებს მმართველ პარტიაზე დებენ და შემდეგ სანაცვლოდ მსხვილ სახელმწიფო ტენდერებს იგებენ ან სიმბოლურ ფასად სახელმწიფო ქონებას იძენენ.

ნინა ხატისკარი (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო): "2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, წინა არჩევნებს აღარ გადავწვდები, ტენდენციაა ასეთი, რომ უმეტესად იურიდიული პირები, ბიზნესკომპანიები შემოწირულობებს ახორციელებენ ექსკლუზიურად ერთი პარტიის სასარგებლოდ და ეს არის მმართველი პარტია”.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო შეეცადა გაეანალიზებინა უკანასკნელი წლების ტენდენცია, რამდენად დიდია მმართველი პარტიისთვის შემოწირულობებში იმ კომპანიების წილი, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებენ. ინფორმაციის მოპოვება ყველა კომპანიასა თუ ინდივიდუალურ მეწარმეზე, რომლებმაც 2007-2010 წლებში თანხები გადარიცხეს პარტიის დასაფინანსებლად და ასევე, სახელმწიფო ტენდერები მოიგეს, ვერ მოხერხდა. მსგავსი ინფორმაციის ერთადერთი საჯარო წყარო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოა, თუმცა მას არ აქვს ერთიანი საინფორმაციო ბაზა. 

ამის შემდეგ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დახმარებისათვის 27 მსხვილ სახელმწიფო ორგანიზაციას მიმართა და დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა. თუმცა, ინფორმაციის გაცემაზე 8 სახელმწიფო უწყებამ უარი თქვა. ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მერიებში, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებში, ასევე დევნილთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. 

ნინა ხატისკარი აცხადებს, რომ "სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფცია და რისკი პოლიტიკური კორუფციისა". საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მხოლოდ იმ შემომწირველთა შესახებ დაამუშავა ინფორმაცია, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების გზით 30 ათასი ლარი მაინც ჰქონდათ მიღებული და იმავდროულად რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველები იყვნენ. ასეთი 46 კომპანია აღმოჩნდა. 

"ტოიოტა ცენტრი" ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, მასაც მაქსიმუმი შემოწირულება აქვს განხორციელებული, ამ შემთხვევაშიც მმართველი პარტიის მიმართ. არის "ავერსი ფარმაც", რომელსაც 800 ათასზე მეტი აქვს შესყიდვების გზით მიღებული. მსხვილი შემსყიდველია "ჯეოსელიც", ეს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიაა და მეტ-ნაკლებად გასაგებია. "პოპულის" 99 ათასი აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვების გზით და 100 ათასი აქვს გაკეთებული შემოწირულება მმართველი პარტიისთვის”. 

პოლიტიკური კორუფციის ცხრილში ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მსხვილი დამფინანსებლების თანხები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებიდან მოიგეს, ასეთია: "ტოიოტამ" ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებიდან ორ მილიონ ნახევარზე მეტი მიიღო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო კომპანია "იუ-ჯი-თი"-მ დაახლოებით ათ მილიონამდე. "ჯეოსელს" მიღებული აქვს მილიონ ხუთასი ათას ლარამდე, "საქმშენს" კი დაახლოებით ორ მილიონ ნახევარი.

ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, ერთადერთი ბიზნესმენი, რომელმაც კომენტარის გაკეთება მოისურვა თემურ ჭყონიაა. იგი ამბობს, რომ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა მმართველი პარტიის დაფინანსების სანაცვლოდ ჭყონიამ ბოლო წლებში მაკდონალდსის ქსელის გაფართოების ნებართვა უპრობლემოდ მიიღო. 

თემურ ჭყონია ("კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია"-ს მფლობელი): "ეგენი პოლიტიკოსები არ არიან, ეგ არის შპანა, რომელსაც ჰგონია, რომ პოლიტიკოსია. იმ პარტიას, რომელიც ოცნებობს და ხალხს ატყუებს, გვერდში ვერ დავუდგები. იმიტომ, რომ მე პოლიტიკა გაცილებით სერიოზულად მესმის, ნათლად ვიცი რა უნდა გაკეთდეს, ვიდრე იმ პარტიებმა, რომლებსაც ჩემთან პრეტენზიები აქვთ. მე პრეტენზიები მათთან არ მაქვს, თუ ერთი ადგილი მაგარი აქვთ, მელაპარაკონ თვითონ. მომავალშიც ხელს შევუწყობ იმ პარტიის გამარჯვებას, რომელიც პროგრესულია, რომელსაც აქვს შედეგი და არა ლაყაფი, რომლის შედეგსაც ჩვენ ვხედავთ და ხელით ვეხებით.”

2009 წლის 14 აპრილს, ჭავჭავაძის ჩიხში, შავი ფერის ლენდ კრუიზერის მარკის ჯიპი შედის, რომელსაც "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია"-ს გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაღიძე მართავს. მარცხენა მხრიდან მას თეთრი ფერის ნისანის მარკის ჯიპი მისდევს, მოულოდნელად მას წინ უსწრებს ნაცრისფერი ავტომობილი, რომელიც ლენდ კრუიზერს გზას გადაუჭრის და ჩერდება. შუაგულ თბილისში უცნობი ადამიანები გაუსწორდნენ ვახტანგ ლაღიძეს, რომელიც ოპოზიციის საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მაშინ ხელისუფლებამ თემურ ჭყონიას პარტნიორი საპროტესტო აქციაზე ყოფნისთვის დასაჯა. 

თემურ ჭყონია: "არა მგონია ვახტანგ ლაღიძე პარტიული ნიშნით ეცემოთ და საერთოდ, რისთვის სცემეს ესეც კი არ ვიცი".

სოზარ სუბარი ("ქართული პარტიის" ლიდერი): "თემურ ჭყონიას აქვს მაგალითი, როგორ მოექცნენ მის მოადგილეს და დღემდე არაა ეს საქმე გამოძიებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა არჩევანი აქვს თემურ ჭყონიას, ან გაიქცეს საქართველოდან ან იყოს ყურმოჭრილი მონა, ლაქია მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების”.

კიდევ ერთი ტენდენცია რაც კვლევებში ჩანს, მსხვილი კომპანიების მიერ შვილობილი კომპანიების შექმნაა. საარჩევნო კანონმდებლობით იურიდიულ პირს ეკრძალება წელიწადში 100 ათას ლარზე მეტის გადარიცხვა პარტიის მხარდასაჭერად. აღნიშნულ თანხაზე მეტის გადარიცხვა კი, ნაციონალური მოძრაობის ყულაბაში, შვილობილი კომპანიების სახელით ხდება.

დავით უსუფაშვილი ("რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი): "ესაა შიშნარევი სიყვარული. ვთვლი, რომ სახეზეა დანაშაულის ნიშნები."

დავით უსუფაშვილი ბოლო წლების ტენდენციაზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში დეპუტატების ნახევარზე მეტი სხვადასხვა ბიზნესს ლობირებს. არადა, ამ მიზეზით დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პრეცედენტი პარლამენტის ისტორიაში პირველად 2006 წლის 31 მარტს დაფიქსირდა. პირველი და ერთადერთი მსხვერპლი ჯერჯერობით, რესპუბლიკელი ვალერი გელაშვილია. 

ლევან ვეფხვაძე (პარლამენტის ვიცე-სპიკერი): "ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებაში ვინც მიიღო მონაწილეობა, იმ იურიდიული პირების სიაში ვნახავთ, რომ ნაწილი მათგანი ის კომპანიებია, რომლებიც გზების დაგებაში მონაწილეობდნენ და რომლებიც არჩევნების შემდეგ აღმოჩნდნენ სახელმწიფო პროგრამების შემსრულებლებლად. დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია, რომ ეს არის კორუფცია, მაგრამ მაღალი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ აქ არის პოლიტიკური კორუფციის ნიშნები და ამას სჭირდება გამოძიება".

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია რაც კვლევიდან ჩანს ისაა, რომ კომპანიებს მმართველი პარტიების ანგარიშზე თანხების გადარიცხვა რატომღაც ერთ დღეს ან ერთ კონკრეტულ თვეში ახსენდებათ. შემოწირულობები იწყება 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე.

შარშან ათ თებერვალს შვიდმა შპს-მ ერთდროულად გადაწყვიტა ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე ასი ათასების გადარიცხვა. თვის ბოლომდე კი, მმართველი პარტიის ანგარიშზე კიდევ 120-მა კომპანიამ გადარიცხა სოლიდური თანხა. წინასაარჩევნოდ ნაციონალებზე ფსონების დადება მარტის თვეში გაორმაგდა. 2010 წლის მარტში მმართველ პარტიას უკვე 218 კომპანიამ შესწირა თანხები. 

ზურაბ ტყემალაძე ("მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"): "ბევრს თუ გავაჟღერებთ, ხვალ შეიძლება ძალიან დიდი დარტყმის წინაშე აღმოვჩნდეთ. მოვერიდოთ იმ ხალხის აფიშირებას, რომლებიც ოპოზიციას აფინანსებენ".

ოპოზიციური პარტიის ლიდერებს არ აქვთ სურვილი საკუთარი შემომწირველების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადონ. ისინი ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნენ ტერორზე საუბრობენ. 

2008-2010 წლების საარჩევნო დაფინანსების კვლევის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მართველი გუნდის დაფინანსება 26-ჯერ მაინც აღემატება ერთად აღებული სხვა სუბიექტების დაფინანსებას. ოპოზიციურ პარტიებს იურიდიული პირები იშვიათად ან საერთოდ არ აფინანსებენ. მართველი პარტიის დამფინანსებელთა უმრავლესობა კი იურიდიული პირია. ამ ტენდენციაზე მმართველ პარტიაში არ სურთ საუბარი, იმ მიზეზით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნები პოლიტიკურ კორუფციაზე არ უნახავთ.