ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების საკითხი კვლავაც აქტუალურია

ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების საკითხი კვლავაც აქტუალურია

ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების საკითხი, როგორც ჩანს, კვლავაც აქტუალურია და, სავარაუდოდ, უელსის სამიტზე ორმხრივი შეხვედრების ფორმატში ამაზეც იქნება საუბარი.

„ყველა ის საკითხი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა გაჟღერებული, კვლავ აქტუალურია და ჩვენი ორმხრვი შეხვედრების ფორმატშიც იქნება საუბარი არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ნატო-ს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხიც ასევე ადეკვატურად იქნება წარმოდგენილი, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ასევე, იმ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტში, რომლის მიღებაც უელსის სამიტზე იგეგმება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

საუბარია იმაზე, რომ ჯერ კიდევ მაისში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში ვიზიტისას ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების თაობაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის ქმნის ახალ რეალობას ადგილზე, აირჩევს ახალ სამიზნეს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ახლა კი უკვე დასავლეთმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა - შესთავაზოს ნატო-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი ამით მიხვდება, რომ ნატო სერიოზულად უდგება ამ საკითხს. 

თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას მოგვიანებით საქართველოს მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. მათ მიანიშნეს, რომ საქართველოში ნატო-ს თავდაცვითი საშუალებების განთავსებაზე ირაკლი ალასანიამ ნაჩქარევი განცხადება გააკეთა და ასეთ დროს სიფრთხილე იყო საჭირო. თუმცა, იმავდროულად, ირაკლი ალასანიას წინადადებას ნატოს გენერალური მდივნის წარმომადეგნელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მინისტრ ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და აპატურაი დარწმუნებული იყო, რომ მისი განხილვა მოხდებოდა ნატოში.

ამჯერად ეს თემა კვლავაც აქტუალური გახდა. უელსის სამიტამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და უკვე ცნობილია, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება უელსის სამიტზე განსახილველ პაკეტთა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს ჩიკაგოს სამიტზე მიიღეს საბოლოო დეკლარაცია, რომლის მე-60 პარაგრაფში დაფიქსირებული იყო, რომ ნატო იწყებდა მოლაპარაკებას მესამე ქვეყნებთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით შესაძლო თანამშრომლობაზე.

ამჯერად ვახტანგ მაისაიასთვის უცნობია, უელსის სამიტზე კონკრეტულად ეს საკითხი იქნება თუ არა განხილული, თუმცა ექსპერტი სკეპტიკურად არის განწყობილი  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გადმოცემასთან დაკავშირებით, რადგან ნატო-ს წევრ სახელმწიფოებშიც კი მკვეთრად არ არის ჩამოყალიბებული, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოონ რუსეთთან მიმართებით. უფრო მეტიც, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, უნგრეთი, სულ მცირე, აშკარა სიმპათიებს აფიქსირებს კრემლის მიმართ და ცდილობს, არ გააღიზიანოს რუსეთი. ეს კარგად გამოჩნდა იმავე მერკელისა და პოროშენკოს ორმხრივ შეხვედრაზე.

„ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იქნება ნატო-ს ქვეყნების დედაქალაქების პოზიცია ამის ირგვლივ ერთსულოვანი. თუმცა ერთი მომენტიცაა, შეიძლება, საქართველო ისევ ჩაერთოს ე.წ. პასიური ჰაერსაწინააღმდეგო მეთვალყურის სისტემაში, რაც არსებობდა ომამდე. ფრანგებმა დაამონტაჟეს ე.წ. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ფილტრი, რომელიც საშუალებას იძლეოდა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოს- თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს საჰაერო სივრცის მონიტორინგი განხორციელებულიყო. ამით იგებდნენ, რომელი თვითმფრინავები არღვევდნენ საქართველოს ტერიტორიას, რამაც ფაქტობრივად, გამორიცხა რუსეთის შემდგომი პროვოკაციული უკანონო ფრენები, ანუ მისი ინტენსივობა შედარებით დაეცა. თუმცა, 2008 წელს ეს ფილტრი საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა. როგორც ჩანს, საუბარია ამ ფილტრის აღდგენის პერსპექტივაზე. გარდა ამისა, შეიძლება საუბარი იყოს კონსულტანტებისა და მრჩევლების გამოგზავნასა და თანამშრომლობაზე, ან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე. მაგრამ ის, რომ შეიარაღებული სისტემები საქართველოში განათავსონ, ამ საკითხს წყვეტს თვითონ ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქები და ეს ნატო-ს ფუნქცია ნაკლებად არის“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკვე ისეთ დონემდე მივიდა, რომ რუსეთის გაღიზიანებაზე აღარც არის საუბარი. ნატო სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია და, ბუნებრივია, მას გააჩია თავისი ინტერესები. შესაბამისად, ნატო-ს ახალი სამხედრო სტრატეგიული კონცეფციაც ექნება, სადაც რუსეთის მხრიდან პირდაპირი საფრთხე დაფიქსირდება. ექსპერტი ფიქრობს, რომ, ალბათ, ეს პოზიციაც დაფიქსირდება უელსის სამიტზე და მრავლის მთქმელია ის ფაქტი, რომ უელსის სამიტზე რუსეთი არ მიიწვიეს.

„რუსეთს ის აღელვებს, რომ არ განხორციელდეს ნატო-ს გაფართოება და საქართველომ არ მისცეს ნატო-ს თავისი ტერიტორიის გამოყენების საშუალება, რაც მოხდება საქართველოს ნატო-ში განხორციელების შემთხვევაში. თუმცაღა, გამონაკლისი შემთხვევებიც შეიძლება იყოს. ერთობლივ წვრთვნებს რაც შეეხება, იმავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განვითრების სფეროში, ამას არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი გამოჩნდება ახალი გენერალური მდივნიდან გამომდინარე, რომელიც ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი იქნება. საერთოდ, ნატო-ში დედაქალაქების პოზიციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატო-ს უშუალო ხელმძღვანელების“.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე ირაკლი ალასანიამ განმარტა, რომ ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების თაობაზე მის ნათქვამს  საქართველოში არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა და რელურად საუბარი იყო ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გასამტკიცებელ თანამშრომლობაზე, რაც სულ სხვა რამეა.

შესაბამისად, გიორგი მუჩაიძე ვერ აკონკრეტებს, ამჯერად რას გულისხმობს დავით ზალკალიანის განცხადება, მაგრამ იგი დარწმუნერბულია, რომ მიდგომა, რუსეთი გაღიზიანდება თუ არა, აბსოლუტურად არასწორია, რადგან ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზეა საუბარი.

„ნატოს ინტეგრაციის პროცესში აღებული გვაქვს ვალდებულება სხვადასხვა შესაძლებლობის განვითარებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებასთან დაკავშირებით, რაც ცალსახად გასაგებია და მისაღებია, რომ მოხდეს თავდაცვის შესაძლებლობის ამაღლება. ეს იქნება წვრთვნა, აღჭურვა, სწავლებების ჩატარება. აქ საუბარია თავდაცვით შესაძლებლობებზე, რომელიც ყველა წევრ და ნატოს ასპირანტ ქვეყნებს აქვს და ავითარებენ. იმედი მაქვს, სწორედ ამ შესაძლებლობის განვითარების პროგრამებში, ე.წ. Smart defence-ის ინიციატივის და Connecting force-ის ინიციატივის ფარგლებში მოხდება საქართველოს ჩართვა უელსის ნატოს სამიტზე და ამ პროგრამების სრულუფლებიანი მონაწილეები გავხდებით. ასე რომ, ეს არავითარი სიურპრიზი არ არის, ვავითარებთ შესაძლებლობებს და არის მოლოდინი, კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატოსთან ამ კუთხით“,-აცხადებს გიორგი მუჩაიძე.