დასავლელ ლიდერთა განცხადებების კონტექსტი ბოლო პერიოდში ერთმნიშვნელოვნად შეიცვალა - უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ, გერმანიის კანცლერი კი მას რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებასაც ურჩევს; საით მიდის რეგიონში მიმდინარე პროცესები და რა როლის შესრულება მოუწევს საქართველოს, ამ თემაზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
საქართველოს ხელისუფლება ბოლო დროს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს, მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ ასეთი განცხადებებისგან თავს იკავებდა. რითი შეიძლება აიხსნას ტაქტიკის ცვლილება?
- როგორც ჩანს, საკმაოდ მკვეთრი მესიჯები მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ მისი დასავლელი პარტნიორებისგან, უპირატესად კი ამერიკის შეერთებული შტატებისგან. რამდენად პირდაპირ იყო მინიშნება გაკეთებული, არ ვიცი, თუმცა შესაძლოა, ეს ცვლილება დროში დავუკავშიროთ ბაიდენთან ხანგრძლივ სატელეფონო საუბარს. თუმცა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე, ამ მხარდაჭერას ექნება უფრო ჰუმანიტარული ხასიათი - დაჭრილების სამედიცინო დახმარება და ა.შ.
ამ განცხადებების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს იმასაც, რომ ის არ უერთდება ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიმართ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით და ევროკავშირს მსგავსი წინადადებით არ მიუმართავს.
პირიქით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან შეიძლება გაფართოვდეს და უფრო მეტი დასახელების პროდუქცია შევიდეს რუსულ ბაზარზე.
რა თქმა უნდა, გარკვეული სიახლის ნოტები პრემიერის განცხადებაში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით შეინიშნება, მაგრამ მკვეთრ განცხადებებს მაინც ერიდება და რადიკალური ცვლილებები ამ მიმართულებით შესამჩნევი არ არის.
რამდენიმე დღის წინ საინტერესო იყო ღარიბაშვილის ვიზიტი სომხეთში - უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველო სომხეთის ენერგეტიკაში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს. გარდა ამის, სომეხი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საუბრის თემა ყოფილიყო სომხეთისა და საქართველოს გავლით ირანული გაზის ევროპისთვის მიწოდება. რამდენად არის შესაძლებელი უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, ეს სცენარი განიხილებოდეს?
- მრავალი ფაქტორის გამო, ამ ეტაპზე, კავკასიაში რუსეთის საწინააღმდეგო ღერძის აგებას გამოვრიცხავ, თუნდაც, ეკონომიკური თვალსაზრისით. თუ რეალობას შეესაბამება ქართული ინვესტიციების სომხურ, სომხური ინვესტიციების კი - საქრთველოში ჩადება, აქ სხვა მიზეზები უნდა ვეძიოთ. რადგან ეს ორი მეზობელი ქვეყანა სხვადასხვა საბაჟო სივრცეში ექცევა, რაც ტარიფების გადახედვას გამოიწვევს და გააძვირებს ისედაც მძიმე სოციალურ ყოფას კავკასიის ქვეყნებისთვის. ურთიერთინვესტირება კი შესაძლოა, ამ რთული სიტუაციისგან ნაწილობრივი თავის დაღწევის გზა იყოს.
თუ ეს მართლაც ასეა, მისასალმებელია, მაგრამ უფრო შორსმიმავალ ხაზებს, რომელიც კავკასიაზე გაივლის რუსეთის საწინააღმდეგოდ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.
ზოგადად, ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოს თითქოსდა ერთმანეთისგან დაშორებულ წერტილებში, საოცრად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან და ის, რაც კულუარებში ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში, დღეს უკვე ზედაპირზე ამოვიდა.
მსოფლო მედია, მათ შორის არაბულიც, ამერიკულიც, ევროპულიც, ერთ ხმაში საუბრობს იმ ძირითად მოტივებსა და ტენდენციებზე, რომელიც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ამოძრავებს. პატარა ქვეყნების ბედი დღეს მთლიანად იქნება დამოკიდებული იმ გლობალურ შეთანხმებაზე, რომელზეც მიდის საუბარი და თეორიული სამზადისი.
საკმარისია ბოლო დღეების მედიას გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ეს უკვე სერიოზული ტენდენციის სახეს იღებს - საუბარია უმსხვილეს ტერორისტულ ორგანიზაციაზე, ერაყისა და ლევანტეს ისლამურ სახელმწიფოზე, რომელიც დღეს ერაყს აქუცმაცებს, მსოფლიოსთვის წარმოადგენს ნომერ პირველ საფრთხეს.
ეს არის თემა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ამერიკის, ევროპის, რუსეთისა და არაბული სამყაროს ინტერესები. ამ წამყვანი თემის ქვეთემებად განიხილება მსოფლიოში მიმდინარე ყველა დანარჩენი კონფლიქტი.
უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, საქართველოს ბედიც კი, ამ გლობალურ გარიგებაში წყდება - საოცარი შიში გამოსჭვივის ამ პროცესის ყველა მონაწილისგან. საუბარია, რომ ეს არის ძალა, რომელიც ერთნაირად ურტყამს რუსეთის ინტერესებს - ცნობილია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მილიონობით მუსულმანი ცხოვრობს და ამ ახალ ტერორისტულ ორგანიზაციაში, წამყვან როლს ასრულებენ ჩეჩნეთიდან თუ დაღესტნიდან წასული მებრძოლები.
მათი დაბრუნება რუსეთში და ზოგადად, ისლამური ჯიხადისა და ტერტორიზმის გააქტიურება რუსეთისთვის უსერიოზულესი საფრთხეა - არა მხოლოდ რუსეთის კავკასიის ნაწილში, რუსეთის ცენტრშიც სერიოზულ პრობლემებს შექმნის და მისი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ლოკალიზება მოხდეს ამ საფრთხისა.
თანაც, ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ განსხვავებაზე, რაც არის ალქაიდასა და ამ ახალი ტიპის ტერორისტულ ორგანიზაციას - ერაყისა და ლევანტეს ისლამურ სახელმწიფოს შორის და მას განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევენ, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისლამური ტერორისტული ორგანიზაცია მიმართულია არა ტერაქტებისკენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, არამედ ისლამური ხალიფატის სახელმწიფოს შექმნისკენ.
მიზნები აქვთ ძალზე სერიოზული და ცდილობენ, ზღვაზე გასასვლელსაც კი წაეპოტინონ. ასეთ შემთხვევში მსოფლიო პირველად აღმოჩნდება ფაქტის წინაშე, როდესაც ტერორისტების მიერ შექმნილი სახელმწიფო შემოვა თამაშში.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს აშშ-ს ინტერესებსაც ურტყამს და მის თითქმის ყველა მოკავშირეს რეგიონში. ევროპელების ხმაც ამ შემთხვევაში ძალიან შემაშფოთებელია - ევროპის ყველა წამყვანი ქვეყნის მედიასაშუალება ყურადღებას აქცევს იმას, რომ არც თუ მცირე რაოდენობა ისლამური ჯიჰადის მებრძოლებისა, რომელიც ერაყსა და სირიაში იბრძვის, წასულია ევროპის ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმნია და ა.შ.
როგორც ამბობენ, მათი უკან დაბრუნება იქნება ევროპის სახელმწიფოებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც კი მიუღიათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება, გაუმკლავდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც იმავდროულად, არიან ისლამური ჯიჰადის წევრები, ამ დემოკრატიული კანონებითა და წყობილებით, რომელიც დღეს ევროპაშია. ევროპელებს პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც ჩრდილავს ყველას და ყველაფერს, მათ შორის, უკრაინის თემას.
ამერიკელებიც, ევროპელებიც, არაბებიც თანხმდებიან იმაში, რომ ეს არის საფრთხე, რომელმაც უნდა გააერთიანოს დღეს ძალზე დაშორიშორებული რუსეთისა და ამერიკის ინტერესები. ეს არის საფრთხე, რომელიც ერთი სახელმწიფოს ძალისხმევით არ გადაიჭრება და პირდაპირ ამბობენ, რომ აქ უნდა გაერთიანდეს ევროპის, ამერიკის, რუსეთის და თუ საჭირო გახდა, ჩინეთის ძალისხმევაც.
ირანიც დაინტერესებულია, რომ ეს ძალა შეჩერებულ იქნას და ცნობილია, რომ ამერიკამ თავისი მრავალწლიანი ძალისხმევა „დაივიწყა“ ირანის ატომური პროგრამის ნეიტრალიზაციის და შემდეგ განულების შესახებ და ზეწოლა შეამცირა, რადგან ერაყში დღეს ამერიკას ძალიან სჭირდება ირანის, მათ შორის, მისი სამხედრო მხარდაჭერა.
ასეთ პირობებში ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ამ კონფიგურაციით, თუ ეს მიმართულება იქნება წამყვანი მსოფლიო პოლიტიკაში, კავკასიაში ცხელი ხაზის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ არავინ დაუშვებს.
მერკელის განცხადება, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის საბაჟო კავშირის წევრი გახდეს, ისლამური საფრთხით აიხსნება? ანუ დასავლეთმა უკრაინა დაუთმო რუსეთს?
-როდესაც ამ ვერსიას განიხილავენ, ამბობენ, რომ უკრაინის თემა უნდა გადაწყდეს სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე - დღეს სასიცოცხლო ინტერესია რუსეთისა და ამერიკის ინტერესების შეჯერება ისლამური ტერორიზმის საფრთხესთან მიმართებაში და ამ ინტერესიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს უკრაინის ბედი.
საუბარია იმაზე, რომ დღეს პუტინმა არ უნდა დაკარგოს სახე უკრაინაში. მართალია, ამას ყველაზე ნათლად გამოხატავს მერკელი, მაგრამ ამერიკის წამყვანი ანალიტიკოსებიც კი ფიქრობენ, რომ დღეს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია რუსეთის სახის გადარჩენა; ამისათვის განიხილება უკრაინის ფედერალიზაცია, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის დატოვება, ყირიმის აღიარება რუსეთის შემადგენლობაში და უკრაინის დანარჩენი ნაწილის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტიის მიღება რუსეთისგან - ეს არის ის ზოგადი სცენარი, რომელიც სხვადასხვა კონფიგურაციით დღეს მსოფლიოში განიხილება, თუმცა ყველაზე ხმაურიანი განცხადების ავტორი მაინც მაინც მერკელია, როდესაც ის ამბობს, რომ არ არის წინააღმდეგი, უკრაინა რუსეთის ევრაზიის კავშირში ვიხილოთ.
ასე რომ, მხოლოდ გერმანიის მერკანტილურ ინტერესებზე არ არის საუბარი, როდესაც მერკელი ამ განცხადებებს აჟღერებს. ცხადია, დღეს გერმანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია და ეკონომიკური სანქციები ყველაზე მეტად გერმანიას აზარალებს, მაგრამ აქ მხოლოდ ზედაპირული მსჯელობით ვერ შემოვიფარგლებით.
გერმანიის მოტივებში გარდა საკუთარი ქვეყნისა და ევროკავშირის სტაბილურობისა შეიძლება დომინირებდეს ის, რომ ყველას აერთიანებს ისლამური საფრთხე, რომელიც გლობალური პოლიტიკის ძირითად მოთამაშეებს სხვადასხვა ტიპის საფრთხეებს უქმნის - ესეც არის გასათვალისწინებელი, როდესაც ვსაუბრობთ მერკელის პოზიციაზე.
უბრალოდ, ნაკლებად ვიცნობთ იგივე, ამერიკაში მიმდინარე დუღილის პროცესებს ან არაბულ სამყაროში, რომლისთვისაც უდიდესი საფრთხეა ახალი ტიპის ტერორისტული სახელმწიფო.
ანუ გამოდის, დღეს უკრაინა ეწირება ამ ყველაფერს?
- შეიძლება ითქვს, რომ მერკელისა და დანარჩენი მსოფლიოს პოზიციაც პრაგმატიზმით არის ნაკარნახევი, მაგრამ შეუძლებელია, არ ითქვას, რომ ეს არის აბსოლუტურად ცინიკური დამოკიდებულება უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ - საუბარი იმაზე, რომ ისლამური ჯიჰადის საფრთხემ ორი-სამი თვის წინ იჩინა თავი, არასერიოზულია.
შესაძლოა, ბოლო თვეების მანძილზე მიაღწია ფორსირებულ წარმატებას ერაყის ტერიტორიაზე ერაყისა და ლევანტეს ისლამურმა სახელმწიფომ, მაგრამ შეუძლებელია, მასზე, როგორც საფრთხეზე, წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურებს არ ჰქონოდათ შესაბამისი ინფორმაცია, საფრთხის ზრდის თაობაზე.
ასეთ შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ხელის დაბანა ეს არის უპატიებელი ცინიზმი ევროპელი და ამერიკიელი პოლიტიკოსების მხრიდან - გასული წლის ნოემბრიდან დღემდე არც ისე დიდი დროა გასული, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს არ ჰქონოდათ გათვლები, როგორ შემობრუნდებოდა იქ მიმდინარე პროცესები. როდესაც ახლა აცხადებენ, რომ უკრაინას, დანაწევრებულს, წელში გატეხილს, შეუძლია, ევრაზიის კავშირის წევრიც გახდეს! - ვერაფრით გაიმართლებს თავს ვერც ევროპა და ვერც ამერიკა - მათ გაუთვლელ პოლტიკას ეწირება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დ უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ ახალი დამოკიდებულება ყალიბდება, საქართველოს რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ სცენარში?
- რამდენად რთულია დღეს საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, უკვე ძალზე თვალსაჩინოა. ჩვენთან, სამწუხაროდ, ამაზე არავინ არ საუბრობს.
დასავლური სამყაროს დღევანდელი დამოკიდებულება უკრაინისადმი უნდა იყოს ძალიან კარგი და ნათელი მაგალითი იმისა, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში საქართველო, თვითგადარჩენის რეჟიმში მარტოა დარჩენილი.
საქართველოსთვის, ალბათ, ასეთი რთული საგარეო პოლიტიკური ფონი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არ ყოფილა. შესაძლოა, ძალზე მძიმე და ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ არსებული საგარეო პოლიტიკური გამოწვევები სამუხაროდ, ამის თქმის საშუალებას მაძლევს.
ამიტომ, დღეს ქართული პოლიტიკური გონის, პროფესიონალიზმის, გამოცდილების სრული გაერთიანებაა საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გარეშე გამოვიდეს ამ პოლიტიკური ბატალიებიდან.
დღეს არც ემოციების დროა, არც ქვეყნის მსხვერპლშეწირვის - ყველაზე რაციონალური პოლიტიკის დრო უდგას ქვეყანას, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკაში და ზუსტად უნდა იყოს აწონილი მსოფლიოს ყველა მოთამაშის განსაკუთრებით, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების ინტერესები იმ ერთიან გლობალურ თამაშში, რომელზეც ვსაუბრობთ.
ამ მოტივებიდან გამომდინარე, კავკასიის რეგიონი შეიძლება გაცილებით უფრო მიმზიდველი იყოს ევროპისა და ამერიკისთვის ან - პირიქით, ამ რეგიონის ძირეული ინტერესებიდან გვერდზე გაწევის მომსწრენი გავხდეთ.
შესაძლოა, ისიც კი ჰქონდეთ არგუმენტად, ისლამური ტერორიზმის საფრთხე თქვენც არანაკლებ გეხებათ - დღეს ამ საფრთხეს ვერ ხედავთ, მაგრამ ხვალ შეიძლება, რეალური გახდეს და მისი განეიტრალებისთვის საჭიროა, რუსეთის ინტერესები ისლამური ტერორიზმის განადგურების სანაცვლოდ სხვადასხვა რეგიონებში იყოს დაკმაყოფილებული.
ძალიან რთული ვითარება აქვს დღეს ქვეყანას. რესურსი, რომ სიტუაცია შევცვალოთ, არ გვაქვს, მაგრამ ასეთ პესიმისტურ ნოტაზე არ დავასრულებდი თემას - სამაგიეროდ, გვაქვს რესურსი, შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობა; მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამისათვის ყველა ნაბიჯი და განცხადება უნდა იყოს მაქსიმალურად აწონ-დაწონილი იმ კონტექტის გათვალისწინებით, რასაც მსოფლიო პოლიტიკა გვთავაზობს.