2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავარი მოთხოვნა, რასაც ამომრჩეველი ახალ ხელისუფლებას უყენებდა, სამართლიანობის აღდგენა და იმ ადამიანების დასჯა იყო, რომლებიც საყოველთაო აზრით, კრიმინალს სჩადიოდნენ. მართალია, პროცესი ცოტა გაიწელა, მაგრამ სამართალდამცავები ეტაპობრივად იძიებენ საქმეებს და გისოსებს მიღმა უკვე არაერთი მაღალჩინოსანი მოხვდა. ოპოზიცია ამას პოლიტიკურ დევნად აფასებს, თუმცა დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა სხვა რამეზე მეტყველებს.
ცოტა ხნის წინ დაკითხვაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე, კრისტინ ლეგარდი იმყოფეობდა. მას პარიზის სასამართლოში 15 საათის განმავლობაში ჰკითხავენენ. საქმე იმ პერიოდს ეხება, როცა ლეგარდი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი იყო და “უბრალო დაუდევრობით” სკანდალურად ცნობილ ბიზნესმენ ბერნარ ტაპის 400 მილიონი ევრო გადასცა. მუსიე ტაპი თავის მხრივ თაღლითობის ბრალდებით ციხეში ერთხელ უკვე იმყოფებოდა. ქალბატონი ლეგარდი კი ამტკიცებს, უდანაშაულო ვარ და თანამდებობიდან წასვლას არ ვაპირებო, მაგრამ მის ოპტიმიზმს ექსპერტები ნაკლებად იზიარებენ. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ლეგარდი გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.
ოფიციალური გამოძიება ლაგარდის მიმართ 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და ვარაუდობდნენ, რომ ის მონაწილეობდა სახელმწიფო ფონდების გაფლანგვაში. თუმცა, ბრალდება დაუდევრობასა და გულგრილობაში ნაკლებად სერიოზულია. გასული წლის ივნისში, სამ სხვა პირთან ერთად, რომელთა შორის იყო ტაპიც, ასევე იძიებდნენ მისი ყოფილი ადმინისტრაციის უფროსის, ამჟამად სატელეფონო კომპანიის Orange-ის დირექტორ სტეფან რიჩარდის საქმეს, რომელთაც ბრალს სდებდნენ შეთქმულების მოწყობაში.
ეს რაც შეეხება ლეგარდს, თუმცა ჩვენ უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკებზეც მოვიძიეთ ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მნიშვნელობა არ აქვს სტატუსსა და თანამდებობას - კანონი ყველასთვის ერთია და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. მაშ ასე - უახლოესი წარსულის არასრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
2014 წლის 1 ივლისს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაკითხვის მიზნით დააკავეს, 2013 წელს კი მას ე.წ. ბეტანკურის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
2013 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინას პრეზიდენტი ჯივკო ბუდიმირი, ხელისუფლების 18 წარმომადგენელთან ერთად, პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა.
2013 წელს ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, იტალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრ სილვიო ბერლუსკონის 7–წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გარდა საპატიმრო სასჯელისა, ბერლუსკონის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
1999 წელს პრეზიდენტობისას დაიბარეს დაკითხვაზე საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. საქმე ეხებოდა კორუფციულ სქემას, რომლითაც ყოფილი მერი ჟაკ შირაკი, მუნიციპალური ბიუჯეტიდან პარტიისთვის თანხის გადარიცხვას ითხოვდა.
1999 წელს (ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს) საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებით პრეზიდენტს, სასამართლო დევნის იმუნიტეტი მიენიჭა, თუმცა ამის მიუხედავად, 2010-11 წლებში (სარკოზის პრეზიდენტობის დროს) ჟაკ შირაკი, ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის გამო, სასამართლოს წინაშე მაინც წარსდგა. 2011 წლის 15 დეკემბერს ჟაკ შირაკი სასამართლომ კორუფციის 2 საქმეში დამნაშავედ სცნო და ორი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის ყოფილი ლიდერი სასამართლომ დამნაშავედ აღიარა.
2013 წელს კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კლოდ გეანი. მინისტრობამდე ოთხი წლის განმავლობაში საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
2013 წელს სალონიკის ყოფილ მერს ვასილის პაპაგეორგოპულოსს, ორ თანაშემწესთან ერთად 18 მლნ-ს გაფლანგვისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
2013 წელს კორუფციის ბრალდებით, 8 წლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 520 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა საბერძნეთის თავდაცვის ექს-მინისტრს აკის ცოხაძოპულუსს.
2013 წელს კორუფციული სკანდალი ისრაელში: დააპატიმრეს იეჰუდის მერი იოსი ბენ დავიდი. მასთან ერთად დააპატიმრეს მუნიციპალიტეტის ხუთი თანამშრომელი.
2012 წელს კორუფციული სკანდალის გამო დააკავეს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანას მერი ზორან ჯანკოვიჩი.
2004 წელს თეთრი სახლში დაკითხეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი, საქმე ეხებოდა სახელმწიფო დანაშაულს - ერთ-ერთი საიდუმლო სამსახურის აგენტის შესახებ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
2010 წელს კალიფორნიაში კორუფციისა და ხაზინის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისთვის, ასევე ამომრჩეველთა მოტყუებისთვის კორუფციის ბრალდებით ქალაქის მერი და 7 მაღალჩინოსანი დააკავეს.დეტროიტის მერს დემოკრატიული პარტიიდან კვამე კილპატრიკს, კორუფციისა და სხვა სახის დანაშაულებისთვის 28 წელი მიუსაჯეს.
მთლიანობაში კორუფციის ბრალდებითაა გასამართლებული ამერიკის შეერთებული შტატების 48 მერი.