ბრიუსელი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს რეკომედაციით მიმართავს, რომ თავი შეიკავონ რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ გააკეთა.
როგორც ცნობილია 7 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ, მის მიმართ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ევროკავშირიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ნორვეგიიდან და შეერთებული შტატებიდან მთელი რიგი პროდუქციის იმპორტი აკრძალა.
მიუხედავად რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობას ევროკავშირისგან არ მიუღია ოფიციალური მოთხოვნა, რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ძალიან ბევრი განცხადება კეთდება ძალიან ბევრი წარმომადგენლის მიერ, მაგრამ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის განცხადებები, რომელიც იქნება ოფიციალურად მომართული საქართველოს მთავრობის მიმართ.
„შესაბამისად, ამ მიმართულებით არაფერი ოფიციალური არ ყოფილა და ახალს ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ბრუსელის რეკომენდაციას ეხმაურება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავშეკავების თაობაზე საქართველოს ევროკავშირისგან შეტყობინება არ მიუღია. მისივე განმარტებით, ევროკავშირის ეს რეკომენდაცია არა საქართველოს, არამედ მსხვილ ექსპორტიორებს ეხებათ.
„საქართველოს ევროკავშირისგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღია. ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად, ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ საქართველოს ევროკავშირისგან ოფიციალური შეტყობინება არ აქვს. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი იქნება ასეთი ოფიციალური შეტყობინება, ქართული მხარე იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეკონომიკის ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ამ ფონზე რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების დათმობა და ქართული პროდუქციის გაზრდა შესაძლოა საფრთხის შემცვლელი იყოს.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე განმარტავს, რომ ევროკავშირის მოთხოვნა კომფორტული არ არის, რადგან საქართველო ექსპორტის თვალსაზრისით არ წარმოადგენს სერიოზულ ქვეყანას.
„ჩვენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვართ, არ წარმოვადგენთ ექსპორტის თვალსაზრისით რაიმე სერიოზულ ქვეყანას, ამიტომ საქართველოს შეზღუდვა მისი მატერიალური მდგომარობიდან გათვალისწინებით, სწორი არ არის. მაგრამ თამაშის წესები მოითხოვს, რომ რადგან პარტნიორი ორგანიზაციები გთხოვენ კრიზისულ სიტუაციაში დაუჭირო მხარი, ჩვენ იძულებული ვართ გავიგოთ მათი მოწოდება.
იმიტომ, რომ ჩვენ რომ დაგჭირდეს, ჩვენც უნდა მოუწოდოთ და ჩვენც გაგონების იმედი უნდა გვქონდეს. რთული სიტუაციაა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პოლიტუკური პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ კარგად იქნას დათვლილი ყველაფერი.
პარტნიორი ქვეყანა ნიშნავს, რომ კრიზისულ მდგომარეობაში იყო მის გვერდით. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია პარტნიორობის სახე, მიზნები და ამოცანები. თუმცა, ეს პრობლემებს ქმნის საქართველოსთვის და საქართველოს მთავრობამ კომპენსაციებზე უნდა იფიქროს იმ ფერმერებისთვის და იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც საქონელი გააქვთ რუსეთში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.
ექსპერტი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ ღია ბაზარი მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა აქვე აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია ამ რეკომენდაციის უკან დგას თუ არა
პოლიტიკური გარიგება, რომლის საბოლოო მიზანია საქართველო ჩამოაშოროს დასავლურ ინტეგრაციას. მისივე განცხადებით, საქართველოს მხრიდან აუცილებელია რადიკალური განცხადებები, ევროპის კავშირის მიმართ მოთხოვნა, რომ თუ ასე გინდათ, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ თანმიმდევრულად, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, ვინაიდან ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული საკითხები.
„ევროკავშირმა და ამერიკამ გამოაცხადეს სხვადასხვა სახის ეკონომიკური სანქციები რუსული კომპანიების და მათი მაღალჩინონების წინააღმდეგ, ამას საქართველო არ აყვა. ამის საპუსუხოდ რუსეთმა გამოაცხადა ემბარგო იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ სანქციებს აწესებენ. ახლა ევროკავშირი გამოდის და მოუწოდებს, რომ არ ჩაანაცვლოს ის პროდუქტი, რომელიც ამ ემბარგოს ქვეშ აღმოჩნდება.
საქართველო ევროპის ასოცირებული წევრია და რამენაირად საქმიანობის კოორდინაცია უნდა გააკეთეოს. თუ საქმიანობის კოორდინაცია ხდება, ევროკავშირსაც უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს ინტეგრაცია უნდა იყოს გარანტირებული, რომ საქართველომ საქმიანობის სინქრონიზაცია მოახდინოს. ვთვლი, რომ უნდა ყოფილიყო ლაპარაკი იმაზე, ვინც შემოგვიერთდებით, ჩვენ დავეხმარებით რაღაცით. როცა ეუბნები, რომ არ გააკეთო, მაშინ, შენ უნდა დადო საპირწონე. ამიტომ, ჩემი აზრით ცოტა არაკორექტული განცხადება იყო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა შეშელიძემ.