სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, - ეს ის სამი მთავარი საკითხია, რომელიც საქართველოში კვლავ ყველაზე პრობლემურად მიიჩნევა. საზოგადოებრივი განწყობის შესახებ NDI-მ ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
NDI-ის კვლევები ჟურნალისტებისთვის, ამჯერად, ლუის ნავაროს არ წარმოუდგენია. პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ „NDI საქართველოს“ ამჯერად დირექტორის მოვალების შემსრულებელი ჰყავს და შესაბამის ფუნქციებს კრისტინა ვილფორი ასრულებს. იგი განმარტავს, რომ ლუის ნავარო NDI-ის თანამშრომელი აღარ არის.
„ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ, რომ ამ ადამიანთან წლების განმავლობაში ვიმუშავეთ. ის ჩემი ახლო მეგობარია. სწორედ, მან ურჩია NDI-ს ჩემი დახმარება ამ გარდამავალ პერიოდში - დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. ლუის ნავარო, არა NDI-ს სახელით, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძალიან ახლოს დარჩება ამ ადამიანის გულთან“,- განაცხადა კრისტინა ვილფორმა.
For.ge-ს კითხვაზე, ლუის ნავაროს NDI-დან წასვლის მიზეზი იყო თუ არა მისთვის სამსახურებრივი კონტრაქტის ამოწურვა, ვილფორი ასე პასუხობს: „NDI-ის 68 ოფისი აქვს სხვადასხვა ქვეყანაში და როგორც წესი, თანამშრომლები ორი-სამი წელი რჩებიან ხოლმე დირექტორის პოზიციაზე. 5 წელი საკმაოდ დიდი დროა ამის გათვალისწინებით. ეს NDI-ს ოფისების მართვის ჩვეული სტილია“.
რაც შეეხება უშუალოდ ბოლო კვლევას, ის 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და 3338 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. თუმცა, კვლევა, გარკვეულწილად, წინა პერიოდების გამოკითხვებსაც ეფუძნება.
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოში არ შეცვლილა მდგომარეობა სამუშაო ადგილების შექმნის, სიღარიბის დაძლევის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით.
უფრო კონკრეტულად კი: გამოკითხულთა 5% მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოში სამუშაო ადგილების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდა, 69% ფიქრობს, რომ - ამ მხრივ, მდგომარეობა არ შეცვლილა, 22%-ის აზრით მდგმარეობა გაუარესდა, ხოლო 3%-მა არ იცის, რა შეიცვალა ამ კუთხით.
გამოკითხული რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოში სამართლიანი არჩევნები ტარდება. 42% აცხადებს, რომ ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესდა, 46% ის აზრით, მდგომარეობა არ შეცვლილა, 5%-ის აზრით, გაუარესდა, ხოლო 6%-მა არ იცის, რა შეიცვალა ამ თვალსაზრისით.
NDI-ის კითხვაზე, „ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ“... რესპონდენტებმა, ქვეყნის მასშტაბით, ასეთი შედეგი აჩვენეს: 12% ფიქრობს, რომ უკეთესადაა, 71% მიიჩნევს, რომ იგივე მდგომარეობაშია, ხოლო, 17% აცხადებს, რომ უარესადაა.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების დამაბრკოლებელ მიზეზებად კვლევა შემდეგ მთავარ კრიტერიუმებს გამოჰყოფს: მაღალი გადასახადები, მაღალი ფასები საწვავზე, და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გასატარებელ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმებს შორის მოწინავე პოზიციებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და შრომის კოდექსის რეფორმა იკავებს.
გამოკითხულთა 26% სრულად, 24% კი ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. აღნიშნული 50%-დან 36 % ამგვარ ქმედებას ამართლებს, 53% - არ ამართლებს. 10% ამბობს, რომ „არ იცის“ ამართლებს თუ არა, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე ინფორმაცია NDI-ს გამოკითხულთა 71%-ს აქვს. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 69% ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ამართლებს, 8% - არ ამართლებს, 22% ამბობს, რომ „არ იცის“, ხოლო, 1% უარს ამბობს პასუხზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი „ვამართლებ“ საქართველოს ცალკეულ ქალაქებში განსხვავებული პროცენტული მონაცემებით აირჩიეს. კერძოდ, ყველაზე მეტად საქართველოს მიერ ევროკავშირათან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას თელავში - 79%-ით ამართლებენ. ყველაზე ნაკლებად კი ბათუმში - 54%-ით. თუმცა, ბათუმში საკმაოდ დიდია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც არათუ საპირისპირო პასუხს, არამედ, „არ ვიცის“ ირჩევენ. ბათუმში ამ კატეგორიის გამოკითხულთა რაოდენობა 33%-ს შეადგენს. ხოლო, თელავში 16%-ს.
გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობის უმრავლესობა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ადამიანის უფლებების გაუმჯობესებასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებას მოელის.
აგვისტოს გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 42% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 36% ფიქრობს, რომ რუსეთის საფრთხე არსებობს, მაგრამ გაზვიადებულია, სხვაგვარად ფიქრობს 15% - მათი აზრით, რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ხოლო, 6% კი აცხადებს, რომ „არ იცის“ საფრთხეს წარმოადგენს თუ არა რუსეთი საქართველოსთვის.
NDI-ს კვლევაში სპეციალური ქვეთავი მედიას ეთმობა. გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება. ამგვარად ფიქრობს, გამოკითხულთა 84%. მხოლოდ 8%-ისთვისაა ტელევიზია ინფორმაციის მისაღებად მეორე არჩევანი. ტელევიზიის შემდეგ მეორე ადგილს ინტერნეტი იკავებს. კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა 8%-ისთვის ინტერნეტი ინფორმაციის მიღების პირველი წყაროა, 13%-ისთვის კი მეორე არჩევანი. რაც შეეხება ჟურნალ გაზეთებს. ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ ბეჭდური მედია გამოკითხულთა 1%-ისთვის რჩება, მეორე არჩევანის შემთხვევაში კი მას 12% ირჩევს.
პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გადაცემებს ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტად „რუსთავი2-ზე“ და „იმედზე“ უყურებენ. აღნიშნული ტელევიზიების ყურებას გამოკითხულთა 82-82% ადასტურებს. „მაესტროს“ გამოკითხულთა ხმების 58% აქვს, „პირველ არხს“ 55%. „აჭარის ტელევიზიასა“ და „ობიექტივს“ 22-22%. „კავკასიას“ და „ერთსულოვნებას“ 21-21%. TV3-ს და „მეორე არხს“ – 14-14%, „ტაბულას“ – 9, ხოლო „პალიტრა TV-ს“- 7%.
გამოკითხვა ტელეკომპანიების მიერ გადაცემული ინფორმაციის დეტალებსაც ეხება. კერძოდ, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ესა თუ ის არხი. კვლევის თანახმად, 42% მიიჩნევს, რომ „რუსთავი2“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გამოხატავს. 20% ფიქრობს, რომ არცერთის, 2%-ის აზრით, „რუსთავი2“ „ქართული ოცნების ინტერესებს“ გამოხატავს, 35%-მა არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს ამბობს.
რაც შეეხება „იმედს“, აღნიშნულ ტელეკომპანიას გამოკითხულთა 16% „ქართული ოცნების“ ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს, 41%- არც ერთის, 3% - „ნაციონალური მოძრაობის“, 39%-მა არ იცის, ვის ინტერესებს გამოხატავს „იმედი.“
„მაესტროს“ შემთხვევაში გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა - 1%- „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი, 15%- „ქართული ოცნება“. 33% - არც ერთის, 50% - „არ ვიცი“.
„პირველი არხი“ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამომხატველად 4%-ს მიაჩნია; ამდენივე მიიჩნევს, რომ აღნიშნული არხი „ქართული ოცნების“ ინტერესის გამომხატველია. 40% აცხადებს, რომ არც ერთის ინტერესს არ გამოხატავს არხი, ხოლო, 51% ამბობს, რომ „არ იცის“.
NDI-ს გამოკითხვის სულ ბოლო ქვეთავი დემოგრაფიას ეხება, უფრო კონკრეტულად კი იმას, რამდენად პოლიტიზებულია საქართველოს მოსახლეობა და, ძირითადად, სად და ვისთან საუბრობენ პოლიტიკაზე.
გამოკითხულთა უმრავლესობა, 42% პოლიტიკაზე ოჯახში საუბრობს, 20%-მეგობრებთან, 18% - მეზობლებთან, 8% - ნათესავებთან 41% კი აცხადებს, რომ საერთოდ არ საუბრობს პოლიტიკაზე. ისინი კი ვინც პოლიტიკაზე საუბრობენ, საამისოდ, ძირითადად, სახლში ან ბირჟაზე იცლიან, გაცილებით მცირე ნაწილი ადასტურებს რომ პოლიტიკაზე სუფრაზე და სამსახურშიც საუბრობს. კვლევის თანახმად, ერთადერთი ადგილი, სადაც პოლიტიკაზე საერთოდ არ საუბრობენ, ეკლესიაა.
ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას რელიგიური მრწამსი ძალიან მნიშვნელოვანი 26%-ისთვისაა, მნიშვნელოვანი -55%-ისთვის. ნეიტრალური - 16%-ისთვის, 1%-ისთვის უმნიშვნელოა, ასევე 1%-ისთვის სრულიად უმნიშვნელოა, ხოლო კიდევ 1% აცხადებს, რომ „არ იცის“.
„რაც შეეხება მოსახლეობის ზოგად განწყობას, ის მნიშვნელოვნად არ იცვლება და გარკვეული ტიპის უძრაობა შეიმჩნევა. რაც იმას ნიშნავს, რომ მეტ მოქმედებას ელიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისაგან. თუ ამ კვლევას შევადარებთ წინა კვლევას, რომელიც ჩატარდა ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვხედავთ, რომ ბევრად ნაკლებად პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს მოსახლეობა და ბევრად უფრო სკეპტიკურად უდგებიან საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ არსებობს გარკვეული ძვრები და სიტუაცია უმჯობესდება მიკროეკონემიკური კუთხით“,- აცხადებს „NDI საქართველოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კრისტინა ვილფორი.