„ჰანტინგტონის ძველი თეორია გამართლდა- ცივილიზაციათა ომი დღეს მკვდრეთით აღდგა“

„ჰანტინგტონის ძველი თეორია გამართლდა- ცივილიზაციათა ომი დღეს მკვდრეთით აღდგა“

ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობამ მსოფლიო შეძრა. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიაში დაკარგულ ამერიკელ ფოტოჟურნალისტ ჯეიმს ფოულს სულ ახლახანს თავი მოკვეთეს.

ჯეიმს ფოულს წააკითხეს შეტყობინება, რომ მისი რეალური მკვლელი ამერიკაა. მისი დასჯის ამსახველი ვიდეოს დასასრულს, კადრში კიდევ ერთი ტყვე ჩანს, რომელიც იდენტიფიცირებულია. იგი ამერიკელი ჟურნალისტი სტივენ სოთლოვია. მის გამოჩენას კადრში გაფრთხილებაც ახლავს, რომ მისი ბედი დამოკიდებულია პრეზიდენტ ბარაკ ობამას შემდეგ ნაბიჯზე.

თუ რა იქნება ობამას შემდგომი ნაბიჯი, ამას მისი ნათქვამი ცხადყოფს. ობამა მიიჩნევს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილი ოცდამეერთე საუკუნეში არ არის“. ამიტომ მოუწოდებს ხელისუფლებას და ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობას, გაანადგურონ ტერორისტული დაჯგუფებები, რომელსაც იგი „ავთვისებიან სიმსივნეს“ უწოდებს.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციათა დაპირისპირების შესახებ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

გამოიღებს თუ არა ამერიკის კონტრზომები შედეგს და რა პერსპექტივა აქვს .. „ისლამურ სახელმწიფოს“?

- როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ჯეიმს ფოული უკანასკნელი მსხვერპლი არ იქნება. 20-ზე მეტი ევროპელი ჟურნალისტი ისლამისტებს ისევ ტყვედ ჰყავთ და წელიწადში, ან წელიწადნახევარში თითო-თითოს მაინც დახოცავენ. განსკუთრებით საშიში მომენტია დასავლეთისთვის, რომ მკვლელი, ვინც ვიდეოზე იყო ასახული, ინგლისის მოქალაქეა. ინგლისმა თავის დროზე ასი ათასობით მუსლიმანი მიიღო. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ როდესაც ვერცერთი ევროპელი ლიდერი მამაკაცი ვერ ბედავდა ეღიარებინა, რომ ისლამისა და ქრისტიანობის შერიგების მულტიკულტურულმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, ანგელა მერკელმა ეს პირველმა აღიარა და მას ეყო ამის გამბედაობა. როგორც ჩანს, ევროპისთვის დღეს არსებულ პრობლემათა შორის ეს ყველაზე რთული, საშიში და ძნელად გადასაჭრელი პრობლემაა, ვინაიდან უკვე ევროპაში რამდენიმე მილიონი ისლამისტია. მათგან ვინ არის დასავლეთის პოტენციური მტერი, შეურიგებელ, რადიკალურ ისლამს რომ ეძახიან, და ვინ არის უკვე ვესტერნიზებული, ძალიან ძნელი სათქმელია. მთელ მსოფლიოში ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა და ჰანტინგტონის ძველი თეორია - „ცივილიზაციათა ომი“ დღეს მკვდრეთით აღდგა. ერთი პერიოდი, სკოლის მოწაფეები და უნივერსიტეტის სტუდენტები რეფერატებს წერდნენ, თუ როგორ შემცდარა ჰანტინგტონი და მისი თეორია - „ცივილიზაციათა ომი“ ბლეფი აღმოჩენილა. სინამდვილეში, ეს სულაც არ აღმოჩნდა ბლეფი. ის, რომ სირიაში ისლამისტთა მხარეს რამდენიმე ასეული მხოლოდ ინგლისის მოქალაქე იბრძვის, ჩემი აზრით, განგაშის სიგნალზე მეტია. ეს უკვე ტრაგედიის სიგნალია, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, იქ არიან საფრანგეთის, ალბათ, გერმანიის მოქალაქეებიც, მაგრამ ისლამისტთა მხარეს უფრო ჩანან ინგლისის მოქალაქეები. ხომ არ შეიძლება, მილიონობით ადამიანის გაძევება?! 21-ე საუკუნეა, პრაქტიკულად, ეს შეუძლებელია. აი, სადამდე მიიყვანა დასავლეთი ამ ულტრალიბერალურმა ტოლერანტობამ, როდესაც ლონდონის ცენტრში - ჰაიდ პარკში თუ სხვაგან, ისლამის მქადაგებლის, უსინათლო შეიხის ქადაგება ისმოდა, რომელიც პირდაპირ ამბობდა, ქრისტიანები უნდა ხოცო, არ შეიძლება მათთან შერიგება, ისლამია მთავარი. ინგლისის ხელისუფლება ამას მშვიდად უყურებდა და არავითარ ზომებს არ ღებულობდა. ეს უკვე დასავლეთს ბუმერანგივით უბრუნდება.

ანუ ჯობდა რეაქცია გამოეხატათ და არ მიეჩქმალათ ეს ფაქტი?

- სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს მზა რეცეპტი, მაგრამ უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ იმ მხრივ, რომ დასავლეთი, ევროპა თვითონ მიდის საკუთარი კატასტროფისკენ. დავანებოთ თავი ამ რადიკალურ ისლამს, ყოველდღიურად იტალიიდან ევროპაში, ხოლო ევროპიდან ბრიტანეთში სირიის ასობით მოქალაქე გადადის. რატომღაც, განსაკუთრებულად ინგლისი მოსწონთ, რომ არაფერი ვთქვათ, პაკისტანელ მიგრანტთა ნაკადზე. ზოგი ცურვით, ზოგი ნავით გადადის ევროპაში, იხოცებიან, იხრჩობიან, იღუპებიან, მაგრამ მაინც გადადიან და გადადიან. ამის საწინააღმდეგო რეცეპტი არ აქვს დასავლეთს. ეს უკვე კატასტროფის ფორმებს იღებს, რადგან სირიაში, ლიბიაში, ერაყში იქაური ისლამური მოსახლეობა, რომელიც დემოგრაფიულ ბუმს განიცდის ახლა, დაუშრეტელ რეზერვუარად იქცა რადიკალური დაჯგუფებებისთვის. თვითონ ეს „ისლამური სახელმწიფოც“ როგორ შეიარაღდა? ახლა უკვე ნელ-ნელა ირკვევა ის ფაქტები, რომ დასავლეთი ბრიყვული სიჯიუტით ერთსა და იმავე ცოცხზე აბიჯებს ფეხს. როგორც თავის დროზე ბინ ლადენი დასავლეთის პროექტი იყო ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ესენიც, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებიც თავის დროზე დასავლეთმა შეაიარაღა, რომ ასადის წინააღმდეგ ებრძოლათ სირიაში. აბა, საიდან გაუჩნდათ სუპერთანამედროვე იარაღი „ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლებს? ამერიკას უკვე ჯარის გაგზავნა არ უნდა, ევროპასაც ჯარის გაგონება არ უნდა და ახლა საჰაერო წერტილოვანი დარტყმები მხოლოდ ერთჯერადი აქციაა. სანამ ფეხოსანთა არმია, ქვეითი ჯარი არ დაიკავებს ქალაქს და არ მოახდენს იქ გაწმენდას, ჰაერიდან რამდენიც გინდა, იმდენი ურტყი და ბომბე. ამის მაგალითია ისრაელი და პალესტინა, ისრაელისთვის ყოველი ჯარისკაცის დაღუპვა ტრაგედიაა. თუ რამდენიმე ათეულს მიაღწია მსხვერპლმა, მაშინ ნებისმიერი მთავრობა ისრაელში, მათ შორის, ვერც ნეთანიაჰუ და ვერც ლიბერმანი ვერ გაუძლებს ამას. ამიტომ საჰაერო დარტყმების იმედი აქვთ, მაგრამ საჰაერო დარტყმა არის ბრმა იარაღი. აქ მშვიდობიანი მოსახლე, მეომარი- ყველა ერთნაირად იხოცება. გამოსავალი აქედან არ არსებობს. ხშირად ჩვენ ასეთი მოვლენებისადმი სალონური ინტერესი გვაქვს, ეს არის „დაუინტერესებელი მეთვალყურე“, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ახალგაზრდა, 40 წლის ცნობილ ჟურნალისტს ცხვარივით ყელი გამოჭრა ვიღაც ფანატიკოსმა, მაგრამ ერთ ოცს კიდევ ელის ასეთი ხვედრი. მაგრამ აქედან ჩვენ დასკვნა გამოვიტანეთ? არანაირი დასკვნის გამოტანას არ ვაპირებთ არც უკრაინის მოვლენებიდან, არც ემბარგოს საკითხებიდან, არც ცივილიზაციათა ასეთი კრიზისიდან. საქართველოშიც იყო ამის ნაპერწკლები, ანუ ისლამისტების გააქტიურება. ინგლისშიც ასე იწყებოდა, ევროპაშიც ასე იწყებოდა 15-20 წლის წინ. ისინი ამბობდნენ, არაფერი არ გვინდა, პატარა მეჩეთის აშენების უფლება მოგვეცით, რომ შევიდეთ და ვილოცოთ, თორემ ჩვენ ლოიალურები ვართ, არავის ვერჩით, პირიქით, ევროპული დემოკრატია, ცივილიზაცია ჩვენთვის მისაღებია, ოღონდ პატარა მეჩეთის უფლებას ვითხოვთო.

ისლამური სახელმწიფოსაკუთარ თავს მთელი მსოფლიოს მუსლიმანების რელიგიურ ავტორიტეტად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, კავკასია რამდენად შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესებში? რამდენად შეეცდებიან ისინი .. ვაჰაბიტების გამოყენებას?

- ეს ვაჰაბიტებზე უარესია. „ისლამისტური სახელმწიფოს“ რელიგიური ანატომია ვაჰაბიზმზე საშინელებაა. როგორი უნდა იყოს კავკასიის უსაფრთხოება? ეს თქვენ გაინტერესებთ, თორემ, სამწუხარო ის არის, რომ ეს არ აინტერესებთ ჩვენს ოფიციალურ კვლევით დაწესებულებებს. ჩვენთან დღეს ყველას აინტერესებს, შეიცვლება თუ არა პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის უფლებები?! ამ დროს, რა მთავარსარდალი, რის მთავარსარდალი, რომელი ომის თავი გვაქვს და ვის უნდა ვეომოთ?! ჩვენთან პრეზიდენტის თანამდებობა რომ დეკორაციაა, არავინ იცის? გულახდილად ვთქვათ, ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან, დღეს აღარ არის ის დრო, რომ ერეკლეს მსგავსი მაგარი მთავარსარდალი გვჭირდებოდეს ან დავით აღმაშენებელივით მთავარსარდალი, რომ ახალ ბასიანში გავიმარჯვოთ. ეს ხომ ზღაპარია. ჩვენ დაკავებული ვართ პრემიერის და პრეზიდენტის ფარიკაობით.

ისლამური სახელმწიფოსკონტექსტში კავკასიის ჩართვის ალბათობა დიდი იქნება?

- ეს რეალურია. ვერ ვიტყვი, ეს ალბათობა დიდია თუ მცირე, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს ჩართვა მოხდება. უკანასკნელი 2-3 წელია, რუსეთმა კურსი იქითკენ აიღო, რომ რაც ხდება დაღესტანში, მიჩუმათებულია. დროდადრო გამოჩნდება ცნობა იმის თაობაზე, რომ დაღესტანში მოკლეს ორი პოლიციელი, რომ იქ აფეთქება მოხდა, მაგრამ ის, რომ დაღესტანი დუღს, არ აფიშირდება. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში იგივე ჩეჩნეთი სად აღმოჩნდება, ამაზე უფიქრიათ? დაღესტნიდან მოსკოვამდე 2 ათასი კილომეტრია, მაგრამ საქართველომდე - 15-20 კილომეტრია. ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს. ეს უკვე საქართველოსგან ითხოვს სხვა სტრატეგიას. „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“, - ეს სიტყვები გამუდმებით მესმის, მაგრამ სანთლით ვეძებ ამ დოკუმენტს. თავის დროზე რამდენჯერაც ოფიციალურად მოვითხოვე, ჩვენი უშიშროების საბჭო რაღაც სისულელეებს მაჩვენებდა. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც, ახლა ხელი ჩავიქნიე, რადგან ეს „სტრატეგია“ უცხოეთიდანაა გადმოწერილი, რაღაც კლიშეებია. არადა, აქ საჭიროა აკადემიური, საუნივერსიტეტო წრეების ჩართვა და არა - დილეტანტების მუშაობა.

კი ბატონო, პრეზიდენტმა შეკრიბა რამდენიმე ექსპერტი, ზოგიერთი მათგანი ჩემი ახლობელია, ისინი მიჩვერულნი არიან ჩემგან პირში თქმას, რომ არცერთი მათგანი სპეციალისტი არ არის, საბაზო განათლება არცერთს არ აქვს. ჩვენ ერთი 40-50 ექსპერტი მაინც გვყავს, შეიძლება, 500 ექსპერტიც გვყავდეს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ირქმევს რელიგიის, ომის და მშვიდობის, უსაფრთხოების ექსპერტის სახელს. ამ მხრივ დაუცველები ვართ. ახლა ნატოში რომ არ გვიღებენ და ალასანია დღეში ხუთჯერ გვახსენებს, რომ უელსის სამიტის მერე უფრო მეტად დაცული იქნება საქართველო, ვისგან იქნება დაცული საქართველო? - რუსეთისგან? რუსეთს ომი არ სჭირდება საქართველოსთან.

ისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ გამოსვლა რთული იქნება, რადგან რელიგიის ფაქტორს ვეხებით. როგორ უნდა დაიცვან ოქროს შუალედი? ჩვენ გვახსოვს ჯვაროსანთა ლაშქრობა, ქრისტეს საფლავის გათავისუფლების მოტივით, რამაც ერთ-ერთი პირველი სერიოზული ანტაგონიზმი წარმოშვა დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროს შორის. ალბათ, გამოსავალი მარტო ის არ არის, რომისლამური სახელმწიფოტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა აშშ-მა, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, კანადამ, საუდის არაბეთმა.

- რაც შეეხება ოქროს შუალედის, უფრო სწორად, „მოდუს ვივენდის“ ძებნას, რომ არც ომი და არც გულუბრყვილო, სულელური თვალის დახუჭვა, არც სირაქლემის პოზიცია და არც ლომ-ვეფხვის პოზიცია, რომ არიქა, დავგლიჯოთ, შევჭამოთ მოწინააღმდეგე, მე ვფიქრობ, აქ არ არსებობს შუალედი. ამ დაპირისპირების დინამიზმს რომ შევხედოთ, არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. განა შეიძლება ფანატიკოსთან დიალოგი? ბინ ლადენი ცოცხალი რომ იყოს, დავარწმუნებდით, რომ ტერორისთვის თავი დაენებებინა? აგერ, გუშინწინ ისლამური სახელმწიფო უკვე ამერიკას დაემუქრა, ძვირად დაგისვამთო. რასაკვირველია, იქნება ტერორისტული აქტები, რასაც მოჰყვება წერტილოვანი დარტყმები. თუმცა ეს სტრატეგია არ არის. არც ის იყო სტრატეგია, რომ ბინ ლადენი უნდა მომკვდარიყო. ხომ ხედავთ, მოკლეს ბინ ლადენი, რა, შემცირდა მას მერე ტერაქტები? პირიქით, უფრო გაიზარდა. „ალ ქაიდა“ მოკვდა? ეს არის რეაქციული პოლიტიკა - ისლამისტებმა რაღაც გააკეთეს და ამას მოჰყვა დასავლეთის რეაქცია. ახლაც მოკლეს ჟურნალისტი და დასავლეთიც წერტილოვან დარტყმებს მიაყენებს, მაგრამ მათთვის ეს არაფერი არ არის. ერთი მოკლულის ადგილზე ათი ისლამისტი გამოვა.

როგორც ჩანს, ამართლებს გამოთქმა, რომ არსებობს ორი ფილოსოფია - დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი აღმოსავლეთი და ისინი ვერასდროს შეხვდებიან (ან გაუგებენ) ერთმანეთს. ანუ ეს დასავლეთის უსუსურობაა?

- რადიარდ კიპლინგის ეს ფრაზა, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ვერასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს, მართალია. ჯერჯერობით გამოსავალი კი არა, უარესდება მდგომარეობა, სულ უფრო და უფრო შეურიგებელ ფორმებს იღებს ცივილიზაციათა კონტაქტები. თანაც, ევროპა ხომ არ ჩადის აღმოსავლეთში? თავად ეს ტერორისტები ჩადიან ევროპაში, სწორედ ევროპაში ხდება აფეთქებები. ეტყობა, ყველაზე ოპტიმალური იყო, დაენებებინათ თავი სადამ ჰუსეინისთვის. თუ დასავლეთი აღიარებს იმ ფორმულას, რომ ნებისმიერ ხალხს ჰყავს ის მთავრობა, რომელსაც ის იმსახურებს, მაშინ, ეტყობა, ერაყელები იმსახურებდნენ სადამ ჰუსეინს, ეტყობა, ლიბია იმსახურებდა კადაფს, როგორც ჩანს, ასადსაც იმსახურებენ სირიელები. ამ ჩარევას რა მოჰყვა? დემოკრატია აღდგა სადმე? ალჟირშია დემოკრატია, იემენში თუ მაროკოში? სად არის დემოკრატია? ეს არის ფაქტები, მაგრამ ეს არაპოპულარული ფაქტებია. ამის შესახებ ვინმე რომ გამოვიდეს და თქვას, დაესევიან და მონაგონი იქნება „კაზანტიპთან“ ურთიერთობა. დღეს საქართველოს მოსახლეობის 98% „კაზანტიპის“ წინააღმდეგია, მაგრამ „კაზანტიპის“ მომხრეთა ხმაურიანი, აგრესიული 2% ფარავს ყველაფერს. საოცარი რამ ხდება, ერთად არეული უვიცობა და თავხედობა აშკარაა. „მაესტროზე“ ვუყურებდი, ვიღაც ქალბატონი გამოვიდა, 60 წელს მიღწეული, რაღა დროს მის მიერ „კაზანტიპის“ დაცვა და რაღა დროს მისი პლაჟზე სექსი და უბედურებაა? სხვადასხვა არხებზე გამოდიან ეს მატრონები, 50-60 წლის დედაკაცები და, ჩვენი ახალგაზრდობა „კაზანტიპით“ წინ უნდა წავიდესო. როცა ვამბობთ, რომ ქვეყანა თურმე წინ მიდის, როცა პლაჟზე გატიტვლდებიან, რატომ არავის აინტერესებს, რამდენი სკანდალი მოჰყვა ყირიმში ნარკოვაჭრობის თაობაზე ამ „კაზანტიპს“? 5-6 უდიდესი სკანდალი დაფიქსირდა. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მიმართებითაც ასეა, არაპოპულარულია ეს თემა, ვინ გაბედავს და იტყვის, მორჩა, ჩვენ საერთო ენას ვერ გამოვნახავთ ისლამთან და ამიტომ სტრატეგია შევცვალოთო. არა, ისევ ტოლერანტობა, მოლაპარაკება, მაგრამ ფაქტები, სამწუხაროდ, სულ სხვას მიგვანიშნებს.