„საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოს ბევრ სირთულეებს გაუჩენს“

„საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოს ბევრ სირთულეებს გაუჩენს“

„გავრცელდა ვერსიები და ლოგიკურია, რომ თუ მარგველაშვილი ეძებს პარტნიორებს, ალბათ, ის დაეყრდნობა საპარლამენტო ოპოზიციას და რაღაცა ჯგუფებს უკვე მმართველ პარტიაში. ეს ნაბიჯი თუ გადადგა მარგველაშვილმა, ეს გარაკვეულ პოლიტიკურ სირთულეებს გააჩენს“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, პრეზიდენტში ვულკანური ხასიათი უდაოდ არის, მაგრამ ამავე დროს, მისი თქმით, მარგველაშვილი ავადმყოფობამდე პატიოსანია საკუთარი თავისა და სინდისის მიმართ.

For.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მთვარობის საპარალამენტო მდივანი ამბობს, რომ წოდება მთავარსარდალი სიმბოლური ხასიათისაა. რამდენად სწორი და ადეკვატურია თადუმაძის შეფასება?

რამაზ საყვარელიძე: მთავრობის მხრიდან ეს კამათი მიჰყავთ მეორე-მესამე პირებს, ეს თავისთავად საინტერესო მოვლენაა. გეთანხმებით, რომ პრეზიდენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვტეილებას ომის დაწყება-არდაწყებაზე და ამ მხრივ ის მთავარსარდალია, თორემ საომარი მოქმედებების სტარტეგიაში და ტაქტიკაში პრეზიდენტის ჩართვა, ალბათ, სასრუველი არ იქნება. მისი უფლებები შეიძლება ვრცელდება, მაგრამ კომპეტენცია არაა. ის არაა სამხედრო პირი, რომელსაც  სამხედრო განათლება აქვს მიღებული. თუმცა, ეს არაა თადუმაძის, მარგველაშივილის და ღარიბაშვილის ბრალი. კონსტიტუციაშია ჩადებული ეს უაზრობა.

მეორე და მესამე პირს შორის დაწყებული დაპირისპირება შესაძლებელია კონფლიქტად ჩამოყალიბდეს?

- მეეჭვება სახიფათო იყოს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მთელი ძალაუფლება ერთ მხარეს არის თავმოყრილი, კერძოდ მთავრობის მხარეს, ხოლო მეორე მხარეს პოლიტიკური განცხადებების გარდა, სხვა ინსტრუმენტი არ გააჩნია. ასე რომ, ეს კონფლიქტი თუ კონფლიქტად ჩამოყალიბდა, ქვეყანას ვერ დაანგრევს. ქვეყანას კი ძალთა დაპირისპირება ანგრევს.

როგორ ფიქრობთ, ეს კონფლიქტი ბუნებრივია, თუ ადამიანთა კაპრიზის შედეგია?

- არა მგონია, რომ სწორი იყოს ადამიანთა კაპრიზად ამის აღქმა, რადგან თვითონ კონფლიქტი კონსტიტუციაშია ჩადებული. ეს მიშას კონსტიტუციაა.

თუმცა, საკონსტიტუციო კომისია არ ჩქარობს კონსტიტუციის საბოლოო ვერსიის შემუშავებას, რასაცნაციონალური მოძრაობაიყენებს.

- გეთანხმებით და უკვე პოლიტუკური თამაშის საგანი ხდება ეს თემა. მაგრამ ის, რომ დროს რატომ ტოვებს ხელისუფლება, ამ კითხვას ნუ დასვამთ მას მერე, რაც ხელისუფლებამ ორი წელიწადი ისე გამოტოვა, რომ ერთი მარტივი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო გადაწყვეტილების კვოტა ჰქვია ვერ გადაწყვიტა. ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილების არმქონე ახალ გუნდს ძალიან ხშირად შეცდომა მოსდის სწორედ მაგაში, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.

გითხრათ, რომ მესმის რატომ იქცევაინ ასე-თქო, მოგატყუებთ. პირველი, რაც უნდა გეკეთებინა ოცნებას, იყო ის, რომ კონსტიტუციური მოწყობის თემებზე ძირითადი საკითხები უნდა მოეგვარებინა. სამწუხაროდ, ეს აქამდე არ გააკეთეს და დღეს ამ სახით ვიმკით შედეგებს. საბედნიეროდ, ეს არაა გამოულევლად რთული მდგომარეობა. იმიტომ, რომ სააკაშვილმა ისე გააკეთა ეს თავისი კონსტიტუცია, რომ თუ იქნებოდა მისი გუნდის წევრი და მორჩილი პრეზიდენტი, ის როგორც პრემიერი, კონფლიქტის გარეშე გააგრძელებდა ცხოვრებას, ამაზეა გათვლილი კონსტიტუცია.

ბოლომდე კონსტიტუცია არც საპარლამენტო მოდელამდეა მიყვანილი. საპარლამენტო მოდელამდე რომ იყოს მიყვანილი, საგარეო ურთიერთობები, ომის გამოცხადება და ა.შ. ეს საკითხები არ უნდა იყოს პრეზიდენტის პრეროგატივა. რადგან ეს ელემენტები დაუტოვეს, ბუნებრივია, პრეზიდენტს უჩნდება პრეტენზია, რომ ამ მიმართულებებში მას ანგარიში გაეწიოს. ეს იწვევს გარკვეულ უფლებლივ ჭიდილს. დრამატული არაფერი ხდება, მაგრამ კარგად მიანიშნებს იმაზე, რომ დროულად უნდა გადაწყდეს ფუნდამენტური საკითხები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავს ავლენენ სახელმწიფოს განვითარების ეტაპზე.

რამდენად შესაძლებელია, რომ შტოებს შორის არსებულმა კინკლაობამ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანოს, ჩანს ეს სიმპტომები?

- არა მგონია, რომ ეს იყოს კინკლაობა, ეს უბრალოდ არის საკუთარი გავლენის სფეროების მონიშვნა თითოეული მხარის მიერ. როცა გაუგებარი სიტუაციაა, იქ ყოველთვის ტრიალებს კონფლიქტის სუნი და ყოველთვის დაპირისპირება შემოდის, როგორც იმის მეთოდი, რომ გაირკვეს ვისი უფლებები სანამდე ვრცელდება. პიროვნებები არკვევენ იმას, რაც წესით კონსტიტუციას უნდა გაერკვია. არ მგონია ამან ქვეყნის სტაბილურობაზე გავლენა იქონიოს. დაპირისპირება მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი ექნება. სხვა ტიპის დაპირისპირებებში ის არ გადავა და ამ ქვეყნის მდგომარეობაზე ის არ იმოქმედებს.

მაგრამ ბუნებრივია დგება საკითხი, შეიძლება თუ არა დაუშვან  ისეთი შეცდომები, რომელიც პროცესს უფრო გაართულებს...

- კი, ეს შეიძლება. გავრცელდა ვერსიები და ლოგიკურია, რომ თუ მარგველაშვილი ეძებს პარტნიორებს, ალბათ, ის დაეყრდნობა საპარლამენტო ოპოზიციას და რაღაცა ჯგუფებს უკვე მმართველ პარტიაში. ეს ნაბიჯი თუ გადადგა მარგველაშვილმა, ეს გარკვეულ პოლიტიკურ სირთულეებს გააჩენს. თუმცა, ისეთ სირთულეებს, რომელიც მერე მას მოუბრუნდება ძალიან ცუდად.

გიორგი მარგველაშვილი მზად არის იმისათვის, რომ ეს ნაბიჯები გადადგას? ასეთი მოსაზრებებიც მოვისმინე, რომ მან იცის მოთმინება, თუმცა რაღაცა ზღვარის შემდეგ უკვე ვულკანი ხდებაო...

- ასეა, ასე. რაღაცა ვულკანური მარგველაშვილში უდაოდ არის. მაგრამ ამავე დროს მარგველაშვილი ავადმყოფობამდე პატიოსანია. პატიოსანი პიროვნება, რომ არ ყოფილიყო საკუთარი თავისა და სინდისის მიმართ, ის დაიწყებდა თავის განზრახვების დაფარვას, დაუწვებოდა სიტუაციას და კომფორტულად იცხოვრებდა იქამდე, სანამ არ ექნებოდა თავისი ძალის გამოვლენის საშუალება. ასე ბევრი იქცევა დღეს ხელისუფლებაში. დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრი ჩუმადაა და პასიურია, იმიტომ, რომ მომგებიანია დღეს სიჩუმე. მარგველაშვილმა არ აირჩია პასიურობა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, რომ ეს მისთვის მომგებიანი იქნებოდა - აი, ეს არის მარგველაშვილი. ის ამ გაგებით, პოლიტიკოსი არ გამხდარა, დარჩა ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე, რომელმაც პრეზიდენტის უფლებამოსილება მიიღო. თავისუფალი მოქალაქე პრეზიდენტის სავარძელში, ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, იშვიათად ხდება და აგერ გვაქვს მარგველშვილის სახით.

რა ნაბიჯს გადადგამს თავისუფალი მოქალაქე, ამის პროგნოზი, ძნელია. იმიტომ, რომ მას ფანტაზიის თავისუფლებაც აქვს და ამავე დროს, ინტელექტუალური თავისუფლებაც აქვს. მან შეიძლება მოიფიქროს რამე ისეთი სვლები, რომელიც სხვას თავში არ მოუვა. მაგრამ, ამავე დროს, შეიძლება ემოციამ მოატყუოს. თქმა იმისა, რომ მარგველაშვილი ქვეყნის საწინააღმდეგოს ჩაიდენს შეგნებულად, ეს გამორიცხულია. შეცდომით ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სახიფათოა ნებისმიერი მათგანიდან შეცდომები. ერთ ეტაპზე საზოგადაოებამ ამ შეცდომებისგან გადაარჩინა ესენი - როცა ბევრი ხმაური ატყდა, ჭიქა მიუჭახუნეს ერთმანეთს. სასურველია საზოგადოებამ უბიძგოს თითოეულ მათგანს ისეთი მდგომარეობისკენ, რომელიც ამ პროცესს სამშვიდობოზე გაიყვანს. უნდა დაველოდოთ ყველანი ახალ კონსტიტუციას. თუ ისიც ისეთივე სულელური იქნა, როგორიც წინა იყო, ამაზეც რეაქცია უნდა მივცეთ.

თქვენ როგორ ფიქრობთ, მიმდინარე პროცესი ადასტურებს თუ არა იმას, რომ ქვეყანა საპარალამეტო რესპუბლიკისკენ მიდის?

- მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კონსტიტუცია სულელური იქნება. ვთვლი, რომ ძალიან ბერი პრობლემაა, რომელიც ახლა ამ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა და არის სწორედ იმის შედეგი, რომ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ. საპარლამენტო რესპუბლიკა ჩვენთვის დამღუპველია. კარგი, სწორად მოწესრიგებული საპრეზიდენტო რესპუბლიკა არის ჩვენი მოწყობის უკეთესი მოდელი. ამიტომ, ვთვლი, რომ რაც არ უნდა კარგი კონსტიტუცია დაიწეროს, თუ ის იქნება, და იქნება საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია, ეს საქართველოს ბევრ სირთულეებს გაუჩენს.