უცნობია, რა ბედი ელის საქართველოს საერთაშორისო დავებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან გამორიცხული არაა, რუსეთი საერთაშორისო სამართლის იურისდიქციიდან გავიდეს.
რუსეთის სათათბიროს დეპუტატები არაფორმალურად ადასტურებენ, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება. უფრო მეტიც, ვლადიმერ პუტინმა ყირიმში სათათბირო ორგანოს ფრაქციის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი ცალმხრივად დატოვებს საერთაშორისო შეთანხმებებს.
კონკრეტულად, პუტინმა არ გამორიცხა რუსეთის გამოსვლის შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან, რომლის ბევრ გადაწყვეტილებასაც პოლიტიზირებული უწოდა. ამიტომ, თუ ეს „პრაქტიკა“ კვლავაც გაგრძელდება, რუსეთი მისი იურისდიქციიდან გამოვა.
რუსეთისთვის ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში კიდევ ერთი საერთაშორისო დავა წააგო. კერძოდ, „იუკოსის“ საქმესთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა. აღარაფერს ვამბობთ პირველ დავაზე, სადაც რუსეთიდან ქართველების მასობრივად გამოძევების გამო (2006 წელს) სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის საწინააღმდეგო განაჩენი დადგა.
სავარაუდოდ, რუსეთისთვის მორიგი წამგებიანი განაჩენი დადგება მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის დანაშაულობებსა და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით განაჩენს გამოიტანს.
ამ თემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასის“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ დიდი ხანია, რუსეთი საერთაშორისო სამართლის სივრციდან გასულია, რაც მას საბოლოოდ იზოლაციაში მოაქცევს.
იურისტი თამარ აბაზაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი პუტინი საერთაშორისო სამართლის იურისდიქციიდან გასვლას მართლაც გეგმავს, რუსეთის გაგებით ეს ნიშნავს, რომ მასზე აღარ გავრცელდება საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები, ქვეყნის სუვერენული და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, რაც რუსეთისთვის შემბოჭველი არ იქნება. ამიტომ რუსეთი შევა იმ სახელმწიფოში, რომელშიც უნდა და მას დაიპყრობს.
რაც შეეხება ჩვენს უშუალო დავებს ევროპულ სასამართლოში, იმისთვის, რომ არ გავრცელდეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და აღსასრულებლად სავალდებულო არ იყოს რუსეთისთვის, რუსეთი შეწყვეტს ევროპის საბჭოს წევრობას. როგორც კი დატოვებს ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთისთვის სავალდებულო აღარ იქნება.
სხვა შემთხვევაში, თუკი რუსეთი დარჩება ევროპის საბჭოს წევრად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის სავალდებულო შესასრულებელი იქნება და ის ბერკეტები, რასაც იყენებს ხოლმე ევროსაბჭო ურჩი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რუსეთზეც გავრცელდება ისე, როგორც არსებობდა 4 და 5 წლის წინ.
„ჩვენს სახელმწიფოს ორი საჩივარი აქვს რუსეთის წინააღმდეგ. ერთი - 2006 წელს ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტაციის გამო, რომელზეც უკვე გამოცხადდა გადაწყვეტილება და მეორე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემებზე სახელმწიფოს გარდა, საჩივრები გაგზავნილი აქვს საია-ს, რომელიც 2008 წლის ომთან მიმართებით ევროპულ სასამართლოში იცავს 400-მდე დაზარალებულის ინტერესს. ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტაციის გამო ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონვენციის 41-ე მუხლთან მიმართებით საკითხი მზად არ არის გადაწყვეტილების მისაღებად. ანუ, 41-ე მუხლი ეხება სარჩელის სამართლიან დაკმაყოფილებას. საუბარია იმაზე, რომ საქართველო კომპენსციას ითხოვდა რუსეთისგან. თუმცა ეს საკითხი ერთი წლის ვადით გადაიდო. ამ დროის განმავლობაში მხარეებს-რუსეთსა და საქართველოს ევროპულმა სასამართლომ საშუალება მისცა, თავად მორიგდნენ ამ თემაზე. ხოლო, თუ ვერ მორიგდებიან, ერთი წლის შემდეგ საკითხის განხილვა განახლდება ევროპულ სასამართლოში. თუ რუსეთი იტყვის, რომ არანაირი კომპენსაციის გადახდას არ აპირებს და არაფერი დაუშავებია, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპულ სასამართლოს კვლავაც მიმართოს და ამ ღია საკითხის გადაწყვეტა მოითხოვოს. ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს კომპენსაციის ოდენობას“, - აცხადებს თამარ აბაზაძე.
ამასთან, ვერ აკონკრეტებს, უშუალოდ რომელ საკითხს უნდა უკავშირდებოდეს პუტინის უარყოფითი განწყობა ევროპული სასამართლოს მიმართ, რადგან რელურად, სტრასბურგის სასამართლოში ძალზე ბევრი გადაწყვეტილებაა რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი შედის იმ ქვეყნების სამეულში, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მეტი საჩივარი განიხილება ევროპულ სასამართლოში. მათ შორის, თავად რუსეთის მოქალაქეების არაერთი სარჩელი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ის, რომ რუსეთი ყოველთვის ურჩ სახელმწიფოდ ითვლებოდა, ეს ევროპელებისთვის უცხო არ არის. რუსებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება ყოველთვის უჭირდათ. ასე მოხდა ჩეჩნურ საქმეებთან მიმართებითაც. თავდაპირველად, როცა აღნიშნული საქმის გამოძიება დაავალა სტრასბურგის სასამართლომ, რუსებმა ეს არ განახორციელეს და მხოლოდ კომპენსაციის გადახდით ძლივს შემოიფარგლნენ.
დღესაც იურისტი ეჭვობს, რომ პუტინის სავარაუდო გადაწვეტილება მხოლოდ სტრასბურგის საქმეებს უკავშირდებოდეს. იგი არ გამორიცხავს, ეს ყირიმის ანექსიით და რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციებითაც იყოს განპირობებული, რადგან ბევრ რუს მაღალჩინოსანს გაეყინა ანგარიში საზღვარგარეთ. ამიტომ თამარ აბაზაძის აზრით, ეს, ალბათ, უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების ეშინია რუსეთს.