„საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთი უკრაინას არ ადანაშაულებს“

„საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთი უკრაინას არ ადანაშაულებს“

ბერლინში უკრაინის კრიზისის დარეგულირების თაობაზე ოთხმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. შეხვედრა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრაქტიკულად, ოთხვმხრივი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის განცხადებით, ბერლინში უკრაინის კრიზისის დარეგულირების თაობაზე გამართული მოლაპარაკებები დადებითი შედეგების გარეშე დასრულდა.

„კომპრომისს ადგილი არ აქვს იქ, სადაც სახელმწიფომ საკუთარი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს. უკრაინამ ეს ხაზი არ გადაკვეთა. ჩვენი პარტნიორების მხრიდან იგრძნობოდა მხარდაჭერა“, - განაცხადა პაველ კლიმკინმა. მისივე შეფასებით, 5 საათის განმავლობაში ბერლინში ურთულესი შეხვედრა მიმდინარეობდა, თუმცა ადგილიდან დაძვრისთვის ბევრი 5 საათია საჭირო.

ოთხმხრივი შეხვედრის თაობაზე განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც, რომელმაც გამართულ შეხვედრას რთული უწოდა. „მოლაპარაკებების მიზანი უცვლელი რჩება – მივაღწიოთ ზავს უკრაინაში და აღვკვეთოთ მსხვერპლი მომავალში“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2008 წელს, საქართველოს შემთხვევაში ომიცა და მოლაპარაკებებიც საკმაოდ სწრაფი ტემპით წარიმართა - მიაღწევს თუ არა დასავლეთი ცეცხლის შეწყვეტასა და ხანგრძლივი მოლაპარაკების დაწყების პროცესს, ამ შემთხვევაშიც, რაც უკრაინისთვის, პრაქტიკულად გაყინულ კონფლიქტს ნიშნავს, ამ თემაზე ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, ოთხმხრივი შეხვედრის თემა იყო ცეცხლის შეწყვეტა და ზავის დადება. რამდენად ჰგავს ეს პროცესი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რა პარალელები შეიძლება გავავლოთ?

- პარალელების გავლება შეიძლება, მაგრამ სერიოზული განსხვავებებიც არსებობს, თუნდაც ის, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის როლი არ იყო ასე აქტიურად გამოკვეთილი, მკაფიოდ დანახული დასავლეთის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მაშინაც, ჩვენ გარკვეული შეღავათები მივიღეთ - ყოველ შემთხვევაში, ისეთი დოკუმენტი მაინც დაიდო, რომელიც, როგორც დოკუმენტი, არ იყო ცუდი. დასრულდა ომი იმის გამო, რომ ამაში ჩაერია აშშ და ევროპა - ომი კი დასრულდა, მაგრამ მაშინ ჩვენ არ დაგვინახავს არც სანქციები რუსეთის მიმართ, არც მისი დადანაშაულება მომხდარა, გარდა რამდენიმე რეზოლუციისა. შეიქმნა შთაბეჭდილება იმისა, რომ რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს.

რაც შეეხება უკრაინას, ევროკავშირმაც და აშშ-მაც სანქციებიც დააწესეს - ისინი მზად არიან გაიღონ გარკვეული მსხვერპლი იმისათვის, რომ რუსეთი აიძულონ, უკან დაიხიოს. გარდა ამისა, ცალსახად უჭერენ მხარს და უკრაინის დადანაშულება არ ხდება არაფერში დასავლეთის მხრიდან - არავის უთქვამს, რომ უკრაინელები არასწორად მოიქცნენ, არასწორი პოლიტიკა გაატარეს და ა.შ.

მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში იყო ლაპარაკი, რომ საქართველოს შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა, მაგრამ ვერ აიცილა და ა.შ. უკრაინის შემთხვევაში პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინა არაფერ შუაში არ არის და რუსეთი ახორციელებს აგრესიას, ხელს უწყობს ტერორიზმსა და სეპარატიზმს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ალბათ მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება, როგორი შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი? - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს უკრაინისთვის...

- ის, რაც სურს რუსეთს, ამისი შესრულება უკრაინას არ შეუძლია - რუსეთი ითხოვს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ ერთი მხრივ, სეპარატისტები, მეორე მხრივ უკრაინის ხელისუფლება და მათ დაიწყონ მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ ვის რა უნდა და ვინ რას ითხოვს.

მაშინ, როდესაც უკრაინის მთავრობას არ აწყობს, რომ ისინი ცნოს, როგორც მხარე. თუკი ცნობს მხარედ, მაშინ მათ გარკვეული ლეგიტიმაცია ეძლევათ, გამოდის, რომ ვიღაცას, რაღაც ძალებს წარმოადგენენ და მათი მეშვეობით რუსეთი შეატრიალებს ამ კონფლიქტს ისეთი სახით, როგორც მას სჩვევია და როგორიც არის ყარაბაღში, დნესტრისპირეთში, როგორიცაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ა.შ. შემდეგ გაჩნდება არალეგიტიმური ხელისუფლება და მიეცემა მომლაპარაკებლის უფლება.

პრაქტიკულად, საერთაშორისო აღიარების დონეზე მიეცემათ უფლება, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ ამ ტერიტორიების მოსახლეობის სახელით - რა თქმა უნდა, სწორედ ეს სურს რუსეთს, რომ გაყინული კონფლიქტის სტადიაში გადაიყვანოს ყველაფერი და უკრაინამ ეს პრობლემა დიდხანს ვერ მოიშოროს.

უკრაინის ხელისუფლებას ეს არანაირად არ აწყობს და რაკი განსხვავებულია პოზიციები, მოლაპარაკება ვერ შედგება. შესაძლოა, დროებით ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ, მაგრამ ესეც აწყობს უფრო რუსეთს, ვიდრე უკრაინას - თუ რუსები ფართომასშტაბიან ჩარევას ვერ მოახერხებენ, მაშინ უკრაინას შეუძლია განდევნოს ტერორისტები - საკმაოდ შევიწროებული ჰყავთ და პრაქტიკულად, გამოკეტილი ჰყავთ ორ ანკლავში - დონეცკისა და ლუგანსკის გარშემო.

რუსეთს, რა თქმა უნდა, აწყობს ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკების დაწყება იმიტომ, რომ შეჩერდეს უკრაინის ჯარის წინსვლა. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ მხარეებმა, რუსებმა და უკრაინელებმა რამე შეთანხმებას მიაღწიონ და ცეცხლი შეწყდეს.

ამაში დასავლეთის როლს როგორ ხედავთ? - ჩვენს შემთხვევაში აქტიურად მოუწოდებდნენ მხარეებს, რომ ცეცხლი შეწყვეტილიყო...

- დასავლეთი რომ ხედავდეს, რომ შეტევები ხორციელდება და ლამისაა, კიევი აიღონ, რა თქმა უნდა, მოუწოდებდნენ, ცეცხლის შეწყვეტას და ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ცეცხლი შეწყვეტილიყო. არა იმიტომ, რომ უკრაინა თავისიანია, არამედ სამართლიანია უკრაინის ქმედება, რომ სეპარატისტებისა და ტერორისტებისგან გაათავისუფლოს ის რეგიონები, სადაც აბსულუტურად უმიზეზოდ ატეხეს სისხლისმღვრელი ომი. როდესაც შეიძლებოდა მოლაპარაკება მთავრობასთან იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც მათ აწუხებდათ და რა პრობლემებიც პრაქტიკულად, უკვე აღარც არსებობს.

დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს ამას და როდესაც უკრაინა პრაქტიკულად, იგებს ომს, მას არ უნდა, რომ ამ მომენტში შეწყდეს ცეცხლი და ამის შემდეგ ეს პრობლემა უკრაინას ჩამოეკიდოს გაყინული კონფლიქტის სახით. მათ ურჩევნიათ, დაეხმარონ უკრაინას, დაამყაროს კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე. ასეთივე მიდგომა ჰქონდათ მათ თავის დროზე ხორვატიის ომთან დაკავშირებითაც.

ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, ეკონომიკურ იზოლაციაში ექცევა რუსეთი, თვითონაც არის გარკვეული აკრძალვების ინიციატორი და დასავლეთის სანქციების წყალობითაც საგრძნობი შეზღუდვები დაუწესდა. ხომ არ არის მოსალოდნელი გაღიზიანებილი რუსეთი გახდეს უფრო აგრესიული? წინაარმდეგ შემთხვევაში, რას ნიშნავს ნატოს ჯარების სარდლის განცხადება, რომ თუ ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრება, ნატო მზადაა, აგრესორს სამხედრო პასუხი გასცეს? გარდა ამისა, ნატოს გაძლერების ინიციატივით გამოდის მერკელიც და ....

- ჯერ უკრაინის ორი რეგიონი ვერ მოუნელებია და არ მგონია, რუსეთმა ნატოს ტერიტორიაზე შეტევა მოინდომოს. უბრალოდ, ასეთი ტიპის განცხადება მაინც კეთდება პრევენციის სახით, მოსახლეობის დასაშოსმინებლად, სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ა.შ. მაგრამ, ასეთი განცხადებები კეთდება აგრეთვე იმისთვისაც, რომ რაღაც პატარა ეჭვი მაინც გაუჩნდეს რუსეთს, რომ უკრაინაში თუ მოხდება შეჭრა, შეიძლება, ამან გამოიწვიოს რაღაც კონფლიქტი ნატო-ს ქვეყნებთანაც - აქ რიტორიკის გაუხეშებაზეა საუბარი და, რომ არც განაცხადოს ნატოს ჯარების სარდალმა, სამხედრო პასუხს გავცემთო, ეს ისედაც იგულისხმება - ჩრდილო ატლანტიკური შეთანხმება სწორედ ამისთვის არის დადებული.

რაკი ეს რიტორიკა მაინც არსებობს, ხისტი რიტორიკის პირობებში უფრო ადვილია მოხდეს პროვოცირება რაიმე შეიარაღებული კონფლიქტისა და სულაც არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც შეჭრა მოხდეს ნატოს ტერიტორიაზე. შეიძლება, ჩამოაგდონ ნატოს თვითმფრინავი, რომელიც უკრაინას, მაგალითად, იარაღს მიაწვდის, ან ჩაძირონ ნატოს გემი, რომელიც შავ ზღვაში შევიდა და უკრაინის პორტში აპირებს შესვლას - ესეც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მოხდეს სამხედრო ძალის გამოყენება.

როგორც უკვე ჩანს, კონფლიქტმა ხანგრძლივი ხასიათი შეიძინა. არის თუ არა მოსალოდნელი, ყველაფერი დასრულდეს რუსეთის სრული იზოლაციით?

- მოსალოდნელია, თუმცა გაჩნია, რა დონემდე მივა რუსეთის თავხედობა. რაღაც ჰუმანირატული კონვოის შეყვანა მოიგონეს - იარაღის შეტანა უნდოდათ, არ გამოუვიდათ. ახლა მარტო ჰუმანიტარული ტვირტის შეტანა უნდათ და აქაც, რა თქმა უნდა, რაღაც ხრიკებია ჩადებული - სურთ იქ რუსული პერსონალი შეიყვანონ. ისიც არ არის გამორიცხული, დიდი ჰუმანიტარული მისიის გამო დროებით მოინდომონ ცეცხლის შეწყვეტა. ნებისმიერი ასეთი ხერხით თუ არ გამოუვიდათ ომის შეჩერება, არ არის გამორიცხული, რუსეთმა მიმართოს ღია აგრესიას და ასეთ შემთხვევაში, ის, რა თქმა უნდა, აღმოჩნდება იზოლაციაში.

პატრიარქის განცხადება გავრცელდა იმის თაობაზე, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა მტერი არ შემოიჭრას - რაკი ასეთი განცხადებები კეთდება ეს ნიშნავს, რომ საფრთხე უფრო ხელშესახები ხდება?

- თუ უკრაინაში ფარტომასშტაბიანი კონფლიქტი დაიწყება რუსეთის მონაწილეობით და შავ ზღვაში შეიარაღებული ძალები, რუსული და უკრაინული ფლოტი მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, საშიშროება არის, რომ საქართველოს რაღაცნაირად მაინც შეეხოს ეს კონფლიქტი.

შეიძლება მოინდომოს კიდეც რუსეთმა საქართველოს გარკვეული ტერიტორიის ოკუპირება სამხედრო მიზნებისთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს რეაგირება ამაზე და ალბათ, ნატოს ქვეყნებიც დაგვიჭერენ მხარს, რომ არ შემოვუშვათ არც რუსეთის ჯარი და ფლოტი ჩვენს პორტებში და ჩვენი ტერიტორიოები არ დავუთმოთ.

საქართველოს რა შეუძლია გააკეთოს, ეს ყველაფერი განცხადებების დონეზე შეიძლება გადაწყდეს?

- შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა ქვეყანას ყოველთვის შეუძლია, თუ ლოკალურ ოპერაციებზეა საუბარი. თუ ისინი მოინდომებენ დესანტის გადმოსხმას, მაგალითად ფოთის აკვატორიაში, შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია საქართველოს. ოღონდ, არ აქვს ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა.

თუმცა მეორე საკითხია, რამდენად უღირს რუსეთს იმდენი სამხედრო და ადამიანური რესურსის დახარჯვა საიმისოდ, რომ პლაცდარმად აქციოს საქართველო - ამაზეა საუბარი. თუ ჩვენ წინააღმდეგობისთვის მზად ვიქნებით, ისინი ამას ვერ გაბედავენ, მაგრამ თუ ჩვენ თავიდანვე დავთმეთ და ვთქვით, რომ თუ რუსეთი შემოვა ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, მაშინ შემოვლენ, იმიტომ, რომ იკავებენ იმ ტერიტორიას, სადაც წინააღმდეგობას ვერ ხვდებიან.