მიშას ნახმარი პიჯაკები - პოლიტტექნოლოგიური ხერხი მეტოქის დასამარცხებლად

მიშას ნახმარი პიჯაკები - პოლიტტექნოლოგიური ხერხი მეტოქის დასამარცხებლად

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები. მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სწორედ ეს პიჯაკები და პალტო მიიტანა და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდა. ნივთები მთავრობის ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა, მოხდა ინცინდენტიც - ამ ეტაპზე ისტორია იმით დამთავრდა, რომ სააკაშვილის პიჯაკები პატრულის განკარგულებაში გადავიდა იქამდე, ვიდრე არ გაირკვევა, ვის უნდა გადაეცეს ისინი.

რაში დასჭირდა სააკაშვილს პიჯაკების შოუს მოწყობა საკმაოდ მძიმე ბრალდებების ფონზე, აქვს თუ არა ამ ყველაფერს რაიმე სხვა დატვირთვა; რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილს ან რისი შანსი; რას ნიშნავს ამგვარი დამოკიდებულება პროკურატურის ბრალდებების მიმართ, ამ თემაზე ექსპერტი, ნანა დევდარიანი გვესაუბრება.

ნანა დევდარიანი: აქ შოუზე კი არ არის ლაპარაკი - ერთი, რომ ყველანაირად გამომწვევად იქცევიან, როგორმე ხელისუფლებამ რაღაცა ზომას რომ მიმართოს მათ წინააღმდეგ. მეორეა, რომ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების ყველაზე კარგი იარაღი დაცინვაა. გაიხსენეთ, რომელიღაც დეპუტატს სავარცხელს უგზავნიდნენ, ვიღაცეებს - მეტსახელებს არქმევდნენ და ასე მიმართავდნენ, დასამცირებლად. ეს მაგათი სტილია, პოლიტტექნოლოგიებში ათვისებული ხერხი და ამას იყენებენ.

დააკვირდით, რა აქტია, - „სექენთ ენდივით“, ხელისუფლებას ჩააბარეს მიშას ნახმარი პიჯაკები - ეს არის ყურადღების მიქცევის და დაცინვის მცდელობა. ხელისუფლება ამისათვის მზად უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ პირველად არ მიმართავენ ამ ხერხსა და ტექნოლოგიებს.

ყურადღების მიქცევა გასაგებია, მაგრამ ნაციონალების მთავარი მიზანი ახლა პასუხისმგებლობისგან გადარჩენაა...

- მარტო ყურადღების მიქცევა არა, თუ მოახერხებენ, რომ ვინმეს ხელი დააკარებინონ, ფიზიკურად შეეხონ, დღეს ეს მათთვის წამალია. ადამიანები, რომლებიც ძალადობით მართავდნენ ქვეყანას, დღეს ცხვირზე თუ წაარტყამს ვინმე ან ჭიქას ჩაარტყამს, წამებულების მანტიით დადიან.

ანუ დაჩაგრულის პოზაში თავის წარმოჩენაა მიზანი?

- თავისი ნახმარი პიჯაკების გაგზავნა მთავრობისთვის, გამომწვევი და თავხედური აქტია. სააკაშვილი წამებულის როლში არასდროს არ ჩადგება, ძალიან უყვარს საკუთარი თავი. არიან რიგითი ნაციონალები, რომელსაც ამისთვის იყენებენ.

სხვათა შორის, უგულავაც ამ ტექნოლოგიას იყენებდა ივანიშვილთან საუბრისას...

- ყოველთვის, როდესაც ავტორიტეტს ებრძვი, არის ორი გზა - ან, უნდა დაუპირისპირდე ძალით - როცა ამისი საშუალება ჰქონდათ სწორედ ძალით უპირისპირდებოდნენ საზოგადოებას და როცა ძალის გამოყენების საშუალება არ აქვს, მაშინ - დამცირება, დაცინვა და ა.შ.

სხვადასხვა გზით მუშაობენ ხელისუფლების ავტორიტეტის შელავხაზე - ქვეყნის გარეთ სხვანაირად აკეთებენ ამას, ქვეყნის შიგნით - სხვანაირად.

სააკაშვილის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ქვეყნის გარეთ ბევრად უფრო ეფექტურად იმუშავეს.

- განცხადებები ნელ-ნელა შემცირდა აღარც ის ინტენსივობაა, აღარც ის რაოდენობაა სენატორების, ვინც ხელს აწერდნენ მიმართვებს - ყველაფერს აქვს საზღვარი, ამას დაუსრულებლად ვერ გამოიყენებ. მითუმეტეს, რაც ხელისუფლებში აღარ არიან ის ფინანსური შესაძლებლობები აღარ აქვთ და ეს ის ხალხი არ არის, თავისი ჯიბიდან ამოიღოს და დახარჯოს იმისთვის, რომ ლობისტური კომპნიების მხარდაჭერის იგივე დონე შეინარჩუნოს.

ბილდტმა რამდენი განცხადებაც არ უნდა აკეთოს, საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რამდენი მილიონი აქვს მიღებული მის ფირმას სააკაშვილის ლობისტობაში.

ჩვენი ხელისუფლება ასეთ საკითხებზე ხმამაღლა უნდა აკეთებდეს განცხადებებს და მიმართავდეს შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებს, გაარკვიოს, რამდენად ნორმალურია, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირის კომპანიას მილიონები აქვს მიღებული ლობისტურ საქმიანობაში და იგივეს აგრძლებს. 12-ჯერ თუ13-ჯერ არის ჩამოსული საქართველოში ბილდტი მიშას დასაცავად.

ყოველთვის ვამბობდი, რომ საერთაშორისი კორუფციას ფარდა უნდა აეხადოს და მგონია, რომ ნელ-ნელა ეს პროცესი იწყება.

საქართველომ შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი?

- რატომაც არა, ვიღაც ყოველთვის არის პირველი, მითუმეტეს, რომ ეს ვნებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს.

იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მძიმე ბრალდებები არსებობს ნაციონალების წინააღმდეგ, მათ აზრადაც არ მოსდით საზოგადოიებისთვის ბოდიშის მოხდაც კი, პირიქით შეტევაზე გადადიან. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათი ვარაუდით, ხელისუფლებაში მობრუნების ჯერ კიდევ სჯერათ?

- ეს სინამდვილეში ძალიან მარტივი საკითხია - მათი მომხრეები იმიტომ კი არ უჭერენ მხარს, რომ კარგები და კეთილები, ზნეობრივები არიან, არამედ - სისასტიკის გამო. საზოგადოებაში ყოველთვის არის რაღაც ნაწილი, რომელიც თვლის - უსაფრთხოდ რომ იყოს და კეთილდღეობაში, ვიღაცა შეიძლება მოკლა, ციხესი ჩასვა, გააუპატიურო - ამ კატეგორიის ადამიანების თვალში რაც უფრო აგრესიულები გამოჩნდებიან, მათი რეიტინგი უფრო ამაღლდება - ეს ერთი.

მეორე - მათ კარგად იციან, რომ რაღაც აქტივობებით როგორმე თავი უნდა შეინარჩუნონ - ესეც პოლიტექნოლოგიების ნაწილია - პოლტიკური ლიდერები რომ იღვიძებენ და ოფისებში მიდიან, იწყებენ ფიქრს, იმ დღეს რა გააკეთონ ისეთი, რომ შექმნან საინფორმაციო საბაბი. ეს დაუწერელი კანონია, როგორი პოლიტიკური ძალაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ასე იქცევა. ამათ თუ რაღაც აქტივობები არ განახორციელეს და აგრესიის გარდა, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, სხვა აქტივობა მაშინაც არ ჰქონდათ, თავს ვერ შეინარჩუნებენ.

საკითხის მესამე ნაწილია, რომ ორი წელია დარჩენილი საპარლამენტო არჩევნებამდე. ფაქტობრივად, ახალი ხელისუფლება გარდა იმისა, რომ ტერორს არ იყენებს საკუთარი საზოგადოების წინაღმდეგ, ჯერჯერობით ახალს არაფერს არ სთავაზობს მოსახლეობას. არც - საგარეო, არც - საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. რიტორიკა არის იგივე - ნატო, ევროკავშირი.

გაიხსენეთ, რა ბედნიერები იყვნენ ნაციონალები ასოცირების ხელმოწერის გამო - ეს იმიტომ კი არა, რომ ევროპაზე გიჟდებიან ან იდეის ხალხია, - არაერთხელ უთქვამთ, რომ ევროპა არის რაღაც გაურკვეველი წარმონაქმნი, რომელიც წალეკეს არაბებმა და მაროკოელებმა და ა.შ. რომ ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს ამერიკა, დუბაი და სინგაპური. ეს კი ევროპა ნამდვილად არ არის.

ნუთუ ხელისუფლებაში არავის დაებადა კითხვა, მაშ რატომ იყვნენ ასეთი გახარებულები? - მათ კარგად იციან, რომ ის გადაჭარბებული მოლოდინები, რაც ხელისუფლებამ შეუქმნა ხალხს, რომ საქართველო ასოცირების ხეკლშეკრულების ხელმოწერით აშენდება, ძალიან მალე გამოიწვევს დიდ იმედგაცრუებას.

ხოლო ნაციონალები ფიქრობენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, სწორედ ამ იმედგაცრუებით ისარგებლებენ, ამას გამოიყებნებენ, რომ ეგებ როგორმე მოიპოვონ უმრავლესობა, მაგრამ ეს გამორიცხულია.

სააკაშვილის და ნაციონალების სხვა ლიდერების მიმართ უამრავი ბრალდებებია და სამართლებრივი დევნაა დაწყებული, ეს ყველაფერი მათ რა შანსებს უტოვებს მომავალი არჩევნებისთვის?

- იციან, რომ თუ ეს ორი წელი როგორმე თავს გაიტანენ, მერე გამარჯვებულებს უკვე აღარავინ არ ასამართლებს. ჯერ ერთი სააკაშვილი ყველაფერს იზამს, რომ თავი არ დააჭერინოს, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდა და თან ამათ რაღაც გზებით არჩევნებიც მოიგეს, მერე ციხიდან გამოვა, როგორც გმირი - როგორც ჩანს, ეს იმედები აქვთ ნაციონალებს და უბრალოდ, არ ესმით, რომ პოლიტიკური პროცესები წავიდა სულ სხვა მიმართულებით და ეს აღარ არის 2003 წლის საქართველო.

თუ იმედგაცრუება იქნება, იმედგაცრუებული ხალხი არჩევანს გააკეთებს მესამე ძალის და არა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ და ეს ადგილობრივმა არჩევნებმაც დაადასტურა.