რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რომან ხუდიაკოვი პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გამო, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან საკვებ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს. დუმის დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გააკეთეს არჩევანი და თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი პროდუქციის გაყიდვის საკითხი.
„თანაც, „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლები რეგულარულად პოულობენ ამ ქვეყნების პროდუქციაში დარღვევებს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გამო, ჩვენ სრულად უნდა ავკრძალოთ საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან პროდუქციის იმპორტი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი იაფფასიანი და უხარისხო ევროპული საქონლისგან“, - აცხადებს რუსი დეპუტატი.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის პრემიერი. დიმიტრი მედვედევის ადმინისტრაციას რუსი დეპუტატის ინიციატივაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
რუსეთის მხრიდან მორიგ ემბარგოს არ გამორიცხავს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძე განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო ახალ ვითარებას მოერგება.
„საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, რათა აღდგენილიყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ეს არის წარმატება აბაშიძე-კარასინის ფორმატისა. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული ახალი ემბარგო, თუმცა თუკი ეს ისევ განმეორდება, ჩვენ შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას“, - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს, ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ახალი ემბარგო დააწესოს.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთი კვლავ ახორციელებს საქართველოზე ეკონომიკური ბერკეტებით პოლიტიკურ ზეწოლას. შესაბამისად, კალანდაძე აცხადებს, რომ მოსალოდნელია საქართველოსთვის გარაკვეული შეზღუდვების დაწესება.
„ბოლო ორი-სამი თვეა ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ და ხელისუფლებას ვახსენებთ, რომ მოსაფიქრებელია და მოსამზადებელია გარკვეული ღონისძიებების მთელი პაკეტი, რომელიც რუსეთის მიერ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში საქართველოსთვის გარკვეული სახელმძღვანელო გახდება როგორ უნდა იმოქმედოს ქვეყანამ, რა ალტერნატივა არსებობს და რა ალტერნატიული მექანიზმები უნდა იყოს ამოქმედებული. თავად, ემბარგოს ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს.
თავისუფალაი ვაჭრობის ხელშეკრულება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, თავისთვად სრულ ჰარმონიზაციაშია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებთან, რომლის წევრი თავად რუსეთია და რუსეთის მიერ არის აღიარებული, ეს არანაირად არ ზღუდავს სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
მისივე განცხადებით, ის განცხადება, რომელიც თავის დროზე ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა, შემდეგ პრემიერმა მედვედევმა გაახმოვანა და ახლა უკვე რუსეთის დუმაში კონკრეტული საკანომდებლო ინიციატივით გამოდიან, ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, რომან ხუდიაკოვის მოთხოვნა აბსოლუტური უაზრობაა, რაც ექსპერტის ვარაუდით რუსეთისთვის სასარგებლო ვერ იქნება.
„რაც შეეხება საქრთველოს, ეს არ იქნება ისეთი მოქმედება, რომელიც სასუნთქ არხებს გადაუკეტავს ქართულ ეკონომიკას. გარაკვეული ბიზნესები, რა თქმა უნდა, დაზარალდებიან, მაგრამ საერთო გავლენა ქართულ ეკონომიკაზე ვერ იქნება ისეთი ნეგატიური, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ან ამ მდგომარეობის გამოსწორება ან ბაზრების ჩანაცვლება.
ჯერჯერობით არ არის ძალიან დიდი ბრუნვა რუსეთთან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე არხის გადაკეტვა სასურველი არაა. ჯერ კიდევ გაუგებარია აქედან უფრო მეტ ზიანს რუსეთი მიიღებს თუ საქართველო. ვფიქრობ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეს ემბარგო გაცილებით უფრო ნეგატიურად რუსულ მხარეზე აისახება იმ კრიზისის ფონზე, რაც დღეს უკვე ყალიბდება. დაველოდოთ მოვლენებს, არაფერი სახიფათო არაა. თუ რუსეთი დააწესებს ემბარგოს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და გავაგრძელებთ. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება რაიმე დიდი გავალენის მქონე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.
ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირიდან და ამერიკიდან სამრეწველო პროდუქციის შეტანაც აკრძალოს. რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ინფორმაციით რუსეთი ასეთ შეზღუდვებს იმ შემთხვევაში დააწესებს, თუ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს.
„ვედომოსტის“ წყაროს ცნობით, მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტს უკვე მიმართა წინადადებით, სრულად ან თითქმის სრულად აიკრძალოს ავტომობილების იმპორტი „არამეგობარი“ ქვეყნებიდან.
7 აგვისტოს რუსეთმა აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ნოვერგიიდან ღორისა და საქონლის, ასევე ფრინველის ხორცის, ხილის, ბოსტნეულის, ყველისა და რძის პროდუქტების შეტანა აკრძალა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა იმავე დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მომავალში კიდევ სხვა დამატებითი საპასუხო სანქციები დააწესოს. კერძოდ, აკრძალვა დაუწესოს ევროპულ და ამერიკულ ავიხაზებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რუსეთის გავლით ტრანზიტზე.