პარლამენტში „თავდაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გადაიდო და მასზე მუშაობას საკანონმდებლო ორგანო „ეროვნული უშიშროების საბჭოს“ შესახებ ორგანულ კანონზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყებს, თუმცა თემას უკვე მოჰყვა გამოხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, უმაღლესი მთავარსარდლობა პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილებაა.
„პროექტს რა სახე აქვს დღესდღეობით, ეს არ ვიცით. როცა მასზე მუშაობა დაიწყება, მერე შეგვეძლება შეფასების გაკეთება, თუმცა, ზოგადად, არასერიოზულია პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებების შეზღუდვაზე საუბარი, რადგან მთავარსარდლობა არის პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილება - კონსტიტუციაში არის რიგი ფუნქციებისა, რომელიც მთავარსარდლობას უკავშირდება, ეს პრეზიდენტის პოლიტიკურ-სამართლებრივი ფუნქციაა. შესაბამისად, კანონში შეიძლება რაღაცეები ჩაიწეროს, მაგრამ კონსტიტუციას ვერავინ ვერსად გაექცევა“, - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობა შეჩერებულია. სავარაუდოდ, თემას უფრო მწვავე გაგრძელებაც მოჰყვება, როდესაც კანონპროექტზე დეტალური მუშაობა დაიწყება. რამდენად არის შესაძლებელი, მსგავსი გაუგებრობები სახელისუფლებო შტოებს შორის ღრმა კონფლიქტში გადაიზარდოს, ამ თემაზე ექსპერტი ირაკლი კობახიძე გვესაუბრება.
ირაკლი კობახიძე: კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე ნამდვილად არსებობს და ეს რისკი პირდაპირ არის დაკავშირებული იმ ბუნდოვან საკონსტიტუციო მოდელთან, რომელიც დღეს გვაქვს - ეს არის 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების ერთგვარი მემკვიდრეობა - მკაფიოდ არ არის გამიჯნული კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ასეთ დროს ყოველთვის არსებობს ინსტიტუციური კონფლიქტის გაღვივების საფრთხე.
რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის სფეროში პრეზიდენტის სტატუსს და უფლებამოსილებებს, აქ ერთი რამ არის დასაზუსტებელი - პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, უმაღლესი მთავარსარდალია კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ეს არის სტატუსი და არა უფლებამოსილება.
ასეთი სტატუსი შეიძლება, ატარებდეს როგორც სიმბოლურ, ასევე არასიმბოლურ ხასიათს. არის ქვეყნები, მაგალითად, აშშ, სადაც პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და ის ფაქტობრივადაც ასრულებს ამ ფუნქციას. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც იგივე სტატუსი აქვს მინიჭებული პრეზიდენტს, თუმცა იქ ამას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს მინიჭებული. მაგალითად, ესპანეთის მეფეც არის უმაღლესი მთავარსარდალი, თუმცა ეს არის მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მქონე კონსტიტუციური დებულება.
ანუ მთავარი არის არა სტატუსი კონსტიტუციურ სამართალში, არამედ - უფლებამოსილება, ანუ უფლებამოსილება განსაზღვრავს კონსტიტუციურ ძალაუფლებას და არა პირის სტატუსი.
ვიცით, რომ ძალიან ბევრი საპარლამენტო რესპუბლიკა მოქმედებს ევროპაში, ყველგან არის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური, ხშირ შემთხვევაში არის უმაღლესი მთავარსარდალიც, თუმცა საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი ატარებს მხოლოდ სიმბოლურ კომპეტენციებს.
საქართველოს შემთხვევაში როგორ არის?
- აქაც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, მართალია, პრეზიდენტი სტატუსით არის უმაღლესი მთავარსარდალი, თუმცა მისი უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში არის ძალიან შეზღუდული. თან ერთი რამ არის დასაზუსტებელი - კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი ახორციელებს მხოლოდ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ანუ კანონით, მას დამატებითი უფლებამოსილება ვერ მიენიჭება.
რაც შეეხება კონსტიტუციას, კონსტიტუციით მინიჭებულია მხოლოდ ფრაგმენტულად - რამდენიმე კომპეტენციაა მინიჭებული პრეზიდენტისთვის და მისი საერთო როლი თავდაცვის უზრუნველყოფის სფეროში არის ძალიან შეზღუდული.
კონსტიტუციაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობა არის პასუხისმგებელი ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე მთლიანად და ექსკლუზიურად - საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თავდაცვის პოლიტიკა.
თავდაცვის პოლიტიკაზე კონსტიტუციის თანახმად, საბოლოოდ პასუხისმგებელი არის არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობა. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობას ანიჭებს თავდაცვის სფეროშიც უპირატესობას საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კონსტიტუციში არ არის ბოლომდე კარგად გამიჯნული პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები და ასეთ პირობებში ყოველთვის არსებობს კონფლიქტის გაღვივების საფრთხე, მითუმეტეს ჩვენი ტიპის ქვეყანაში, სადაც სრულიად ახალია კონსტიტუცირი ტრადიციები - დემოკრატიული კონსტიტუციონალიზმის ტრადიცია არ გვაქვს, მხოლოდ 25-წლიანი ისტორია გვაქვს. მაგალითად, საპარლამენტო რესპუბლიკის არსში ვერც მოსახლეობა და ხშირ შემთხვევაში, ექსპერტებიც კი, სათანადოდ ვერ ერკვევიან.
თან ამ პრობლემას საფუძველი დაუდო იმ რიტორიკამაც, რომელსაც ხშირად მიმართავდა მმართველი პარტია 2010 წელს. ისინი არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ მოსახლეობას ახალი კონსტიტუციური მოდელის შესახებ, რომელიც უნდა დამკვიდრებულიყო 2013 წლიდან.
რეალურად ძალიან შეზღუდეს პრეზიდენტის კომპეტენციები, თუმცა მოსახლეობას ისე აწვდიდნენ ამას, რომ პრეზიდენტი კვლავაც რჩებოდა ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ის გაუგებრობები, რაც კონსტიტუციის ბუნდოვანებით არის გამოწვეული, უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს სახელისუფლებო შტოებს შორის?
- ბუნებრივია, შეიძლება, ვისაუბროთ ინსტიტუციური კონფლიქტის საფრთხეზე, რაც პირდაპირ არის კავშირში პოლიტიკური კონფლიქტის საფრთხესთან. ვიცით, რომ დღეს პრეზიდენტი და მთავრობა ერთ კოალიციას, ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, თუმცა ინსტიტუციურმა კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს ძალთა გადაჯგუფებები მმართველი კოალიციის შიგნით.
ანუ, რასაც ვაკვირდებით, ეს არის პოლიტიკური ძალაუფლბის გადანაწილებისთვის ერთგვარი დაპირისპირება, რომელიც ძალიან შორსაც შეიძლება წავიდეს.
არის თუ არა შესაძლებელი მოლაპარაკებით, მსჯელობითა და განხილვით მოგვარდეს ეს გაუგებრობები?
- ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, უკვე აღვნიშნე, რომ ხშირ შემთხვევაში, რთულია კომპეტენციების გამიჯვნა პრეზიდნტსა და მთავრობას შორის, კონსტიტუციის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, რაზედაც აქამდე იყო საუბარი, კომპეტენციების გადანაწილება ლოგიკურად შესაძლებელი იყო, იმიტომ, რომ კონსტიტუცია უმეტეს შემთხვევაში აძლევს მინიშნებას, თუ რომელი სუბიექტი რაზეა პასუხისმგებელი.
მაგალითად, იგივე ასოცირების შეთანხმების ან სახელმწიფო ჯილდოების თემები რომ გავიხსენოთ, იქ შეიძლებოდა, მარტივი იურიდიული ლოგიკის საფუძველზე იმის დადგენა, თუ ვის კომპეტენციას წარმოადგენდა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა. უმეტეს შემთხვევაში მაინც შესაძლებელია, იურიდიული განმარტების საფუძველზე დადგინდეს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელებაზე.
სამწუხაროდ, ასეთი დიალოგი, როგორც ვიცი, არ შემდგარა არც მხარეებს შორის და არც საზოგადოებაში. საზოგადოების დებატების და ფართო მსჯელობის საგანი ეს საკითხი არ გამხდარა და არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ კონსტიტუციის ჯეროვანი განმარტების საფუძველზე მოხდეს ძალიან ბევრი კონფლიქტის პრევენცია.
საკონსტიტუციო ცვლილებებს რაც შეეხება? - ვიცით, რომ რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, როგორ ფიქრობთ ამ ცვლილებების შედეგად საბოლოოდ დალაგდება და მოგვარდება ურთიერთობები სახელისუფლებო შტოებს შორის?
- პოლიტიკოსების და იურისტების უმეტესობა, პრინციპში, თანხმდება იმაზე, რომ ბევრი პრობლემის საფუძველი არის კონსტიტუციის პრობლემურობა. შესაბამისად, კონსტიტუციური დებულებების გასწორება მოგვცემს საშუალებას, რომ იმთავითვე ავიცილოთ კონფლიქტები ხელისუფლების განშტოებებს თუ სუბიექტებს შორის.
მთავარია, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ჯეროვნად იმუშავოს და შეიმუშავოს ისეთი მოდელი, რომელიც დაეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ერთ-ერთი არსებითი ნაკლოვანება ამ საკონსტიტუციო მოდელის სწორედ ის არის, რომ დარღვეულია ბალანსი ხელისუფლების განშტოებებს შორის, მათ შორის ეს ეხება ურთიერთობის მოწესრიგების პრობლემას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, ასევე პრობლემურია ურთიერთობის მოწესრიგება პარლამენტსა და მთავრობას შორის და ა.შ.
ანუ მთლიანობაში კონსტიტუცია შესაბამისობაშია მოსაყვანი კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან და რაც მთავარია, უნდა დაბალანსდეს პოლიტიკური ძალაუფლება ხელისუფლების განშტოებებს შორის.
რამდენად აქვს ამ დაპირისპირებას სუბიექტური საფუძველი და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი?
- როდესაც საუბარია პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილებაზე, აქ უკვე სუბიექტური ფაქტორები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ანუ, აქ საუბარია რეალურად იმაზე, რომ კონსტიტუცია გარკვეულ ძალაუფლებებს ანიჭებს ორ სხვადასხვა სუბიექტს, ეს არის მთავრობა და პრეზიდენტი და, რა თქმა უნდა, ორივე სუბიექტის ინტერესშია, რომ კონსტიტუციის დებულებები თავის სასარგებლოდ განმარტოს.
ანუ, მე უფრო შევაფასებდი ამ კონფლიქტს, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლას, ვიდრე სუბიექტურ დაპირისპირებას.
ჯანსაღი პროცესია თუ არა, როდესაც ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლას პერმანენტული ხასიათი აქვს?
- ზოგადად, კონფლიქტი ითვლება დემოკრატიის მამოძრავებელ ერთ-ერთ ძალად, ანუ კონფლიქტის საფუძველზე სუბიექტებს შორის საბოლოოდ ყალიბდება დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. მთავარია ეს კონფლიქტი ატარებდეს კონსტრუქციულ ხასიათს.
კონფლიქტი შეიძლება იყოს როგორც კონსტრუქციული, ასე დესტრუქციული თავისი ბუნებით. მთავარია, რომ ამ კონფლიქტმა არ შეიძინოს დესტრუქციული ხასიათი და შედეგად არ მოგვცეს სისტემის შემდგომი გაუარესება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ნიშნები იმისა, რომ არსებულმა კონსტიტუციურმა სისტემამ განაპირობოს არა მხოლოდ კონსტრუქციული კონფლიქტები, არამედ ზოგ შემთხვევაში, ამ კონფლიქტს დესტრუქციული ხასიათიც აქვს.
კიდევ ვიმეორებ, რომ აქ კონსტიტუციაშია პრობლემა, როდესაც კონსტიტუცია მკაფიოდ არ მიჯნავს კომპეტენციებს, რომელიმე სუბიექტს მაღალ სტატუსს და შეზღუდულ კომპეტენციებს ანიჭებს, აქ უკვე წარმოიშობა გარკვეული კონფლიქტის, მათ შორის დესტრუქციული კონფლიქტის გაღვივების საფრთხეც.