უკრაინაში ტერორისტებსა და უკრაინის არმიას შორის შეტაკებები გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, ტერორისტები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთში გაწვრთნილი 1200 მებრძოლისგან შემდგარი რაზმით გაძლიერდნენ. გარდა ამისა, მათ ათეულობით საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ტანკები მიიღეს.
უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ უცხოელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც რუსეთის „ჰუმანიტარულ კოლონას“ მოყვებოდნენ, გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსეთის საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების მოწმენი გახდნენ. რუსეთის ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
საფრანგეთი მიუწოდებს რუსეთს, საკუთარ თავზე უნდა აიღოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ვალდებულება. მანვე მოუწოდა უკრაინას, მოახდინოს თავშეკავების დემონსტრირება სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისას. გარდა ამისა დაგეგმილია საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, პირველი ნაბიჯი გახდეს ახალი სამიტის ჩასატარებლად, რომელიც მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში პოლიტიკური ვითარების დარეგულირებას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა ჯავშანტექნიკამ და სამხედრო სატვირთოებმა უკრაინის ტერიტორია გადაკვეთეს. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ანდრეი ლისენკოს გაცხდებით, რუსეთის მხრიდან, გამშვებ პუნქტ „იზვარინოდან“ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა შევიდა.
მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შესახებ ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
ბატონო სოსო, რუსეთი უარყოფს, მაგრამ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჯავშანტექნიკისა და სამხედრო მაქანების შეყვანის შესახებ...
- ეს უკვე აგრესიას ნიშნავს, ვინაიდან უკრაინის ხელისუფლების, ეუთოს და წითელი ჯვრის პოზიციით საზღვარზე უნდა შემოწმებულიყო ტვირთი და მერე შესულიყო. როდესაც ამ ტვირთმა გადალახა საზღვარი, როგორც ჩანს, რისი ნახვაც უნდოდა კიევს ეუთოს და წითელ ჯვარს, ის ვერ ნახეს და დიდი ალბათობით შეიარაღებაა ეს თუ სხვა რამ, უკვე მიიღეს სეპარატისტებმა.
ჰუმანიტარული ტვირთის გარდა საუბარია გამშვებ პუნქტ „იზვარინოდან“ მძიმე ტექნიკის შეყვანაზე...
- ეს ის გამშვები პუნქტია, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. რუსეთს გამოცდილება ძალიან დიდი აქვს, პუტინი რომ ასე ადვილად არ დათმობდა უკრაინას, ეს ცხადი იყო, მაგრამ რამდენად შორს წავიდოდა, ეს იყო კითხვის ნიშნის ქვეშ. რუსეთმა ნახა, ასეთი გამოსავალი, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შეეტანა. სურსათი იქნება ეს თუ ტყვია-წამალი, ჭამა და იარაღი ხომ სეპარატისტებსაც სჭირდებათ. შემთხვევითი არ იყო, რომ წინა დღეებში სეპარატისტებმა საარტილერიო დარტყმა მიაყენეს უკრაინის არმიას.
ახლა გამოჩნდება ევროპის პრინციპულობა და ის, თუ რისი თავი აქვს. ევროპა აცხადებდა, რომ სანქციებს მაშინ გაამკაცრებდა, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. პირველი განცხადებები რაც გაკეთდა, იყო ის, რომ დაველოდებით, თუ დადასტურდა... დადასტურებულიც არის და ყველაფერი - ევროპაში, როგორც ჩანს, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება და ახლა ბჭობენ, რა ქნან - თეთრზე თქვან რომ თეთრია თუ არა.
იალტის შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ ის შეაიარაღებს რუსეთის არმიას ისეთი თავდაცვითი და თავდასხმითი ტექნიკით რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებს არ გააჩნიათ. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს იყო მისი პირველი განცხადება ომის დაწყების შესახებ? რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი?
- პუტინმა მთელი თავისი პოლიტიკური მომავალი დადო ვა-ბანკზე. ოპერატიულად გამოაქვეყნეს რუსებმა ცნობა იმის შესახებ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა პუტინის რეიტინგი. კი ეს ასეა, მაგრამ უკანასკნელი თვენხევრის მანძილზე ორჯერ შემცირდა, უკრაინის მოვლენების გამო, მაგრამ ამას არ ამბობენ.
პოროშენკოც ვა-ბანკზე მიდის, თუ ახლა პოროშენკომ მოახერხა უკრაინის საზღვრების აღდგენა, ეს ბევრს ნიშნავს - პრაქტიკულად, დონბასი აღარ არსებობს, დონეცკი და ლუგანსკი, ეს ორი წამყვანი ქალაქი პრაქტიკულად, დანგრეულია და ეს შემდეგ უკრაინამ უნდა აღადგინოს.
მიდის ამაზე პოროშენკო, რადგან ეს უკვე სამოქალაქო ომია, ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ქვეყანას დაემართოს. მაგრამ, თუ ვერ აღადგინა და საზღვარი დარჩა ისევ სეპარატისტების კონტროლის ქვეშ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ერთი წუთით არ შეწყვეტს მათ დახმარებას და ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, უკრაინას მოუწევს რუსეთთან ომი, რისთვისაც უკრაინა მზად არ არის, უკრაინას არმიაც კი არ ჰყავს, წინა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა გაძარცვული და რაც მთავარია, არმიის გარეშე. მოასწრებს ახლა პოროშენკო არმიის შექმნას?!
რუსეთის კოზირი ის არის, რომ დაიწყება ახალი ომი, ახალი სისხლისღვრა, და მერე უკვე ევროპაც ნახავს „სოლომონის“ გამოსავალს, როგორიც ნახა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით - შეწყდეს ცეცხლი, დაიწყოს მოლაპარაკება. დასავლეთის იდეა-ფიქსი ხომ ეს არის, მოლაპარაკება... მოლაპარაკება.... და კიდევ ერთხელ მოლაპარაკება... რუსეთსაც ეს უნდა, აფხაზეთის სცენარი განმეორდება უკრაინაშიც - დონბასი რუკაზე, ტერიტორიულად იქნება რუსეთის მიერ აღიარებული უკრაინის შემადგენელ ნაწილად, რუსეთი ფორმალურად ცნობს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დამყარდება ორხელისუფლებიანობა. უფრო სწორად, ესეც არ იქნება, მხოლოდ სეპარატისტები იქნებიან.
კრიტიკულ მომენტში, როდესაც უკვე ხელის ერთი გაწვდენაღა იყო დარჩენილი უკრაინის გამარჯვებამდე - სეპარატისტების გაყრა და საზღვრის აღდგენა, ამ მომენტში „ცხენით სვლა“ გააკეთა რუსეთმა, ტლანქი, მაგრამ ეფექტური. დასავლეთმა ვერ გამოიჩინა სიმტკიცე.
პუტინი მშვენივრად იცნობს დასავლეთს, მან უკვე ნახა, დასავლეთი რისი მაქნისია და როგორ მოიქცეს ყირიმის შეერთების პროცესში. ის ორი დღე შემთხვევით არ იყო პუტინი ყირიმში ჩასული - ტვირთის ჩასვლას დაამთხვია თავისი ვიზიტი, რომ უფრო ახლოს იყოს მოვლენებთან და თანაც სეპარატისტებისათვის მისი იქ ჩასვლა იყო იმედისმომცემი - მორალური და რეალური დახმარება ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის სახით.
რამდენად შორს წავა რუსეთი, ეს კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია - ჟირინოვსკი აცხადებდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთს საფრთხეს უქმნის და პირველი დარტყმა მათზე განხორციელდება, თუ ფარტომასშტაბიანი ომი დაიწყება...
- ჟირინოვსკის თავისი ფუნქცია აქვს - ის ყოველთვის ხატავს ფანტასმაგორიულ სცენარებს, რომ დაფრთხეს დასავლეთი, დაფიქრდეს და შემდეგ პუტინი იმაზე ცოტა ნაკლებს აკეთებს, ვიდრე ჟირინოვსკი ამბობს - ესეც თამაშია.
დასავლეთიც მშვენივრადაა გარკვეული ამ თამაშში, მაგრამ აწყობს დასავლეთს ის, რომ თქვას, ხომ არ მივეცით საშუალება, ჟირინოვსკი რასაც ამბობდა, ის გაეკეთებინა პუტინსო. სწორედ ამიტომაა, რომ ვიდრე არსებობს პუტინის რეჟიმი, ჟირინოვსკი ყოველთვის იქნება რუსეთის სახე დუმაში.
თუ უკრაინაში განმეორდება აფხაზეთის სცენარი, რა ბედი ელის პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს?
- ჩანს, რომ პუტინი ამით დაკმაყოფილდება - უკრაინაა მისი მთავარი პრიზი და მთავარი ტრაგედიაც. დანარჩენ ქვეყნებთან რუსეთს სტატუს-კვო, ასე თუ ისე, აწყობს. იგივეა საქართველოსთანაც, რა საფრთხეს წარმოადგენს საქართველო მისთვის?- პრაქტიკულად - არანაირს. პუტინი დარწმუნებულია საქართველო არასოდეს არ იქნება ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ყოველ შემთხვევაში, 30 წელი მაინც - აქ სრულიად დამშვიდებულია. ცოტათი ძილი დაუფრთხეს სომხებმა და აზერბაიჯანელებმა, მაგრამ ესეც ჩაცხრა - რაღაც დღენახევარში მოაგვარა ეს პრობლემაც პუტინმა. სხვა მხრივ, ყველგან სტაბილური ვითარება აქვს.
სანქციებსაც დასავლეთი, ალბათ, მალე დაივიწყებს. სანქციების მთელი ეშხი იმაშია, რომ რუსეთისთვის ეს მხოლოდ საშიშია ხანგრძლივი მოქმედების თვალსაზრისით - თუ სანქციები გაგრძელდა ერთი ან ორი წლით, ეს საშიშია, მაგრამ პუტინმა კარგად იცის, რომ როგორც კი, ავად თუ კარგად, გადაწყვეტს უკრაინის პრობლემას, მაქსიმუმ 6 თვის შემდგ ერთი სანქციაც აღარ იარსებებს.
ისე, როგორც საქართველოს შემთხვევაში - სამ თვეში ერთი სანქციაც აღარ იყო - და ნატო-რუსეთის ორმხრივი კომისიის მუშაობაც აღდგა. იგივე განმეორდება ახლაც.
თუ დასავლეთმა არ გამოავლინა პოლიტიკური ნება და მოიქცა ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით, ეს კაზანტიპი მორალურად საშინელებაა, მაგრამ ბიზნესია და გაამართლა - დასავლეთსისთვისაც, ის რაც ხდება, მორალურად საშინელებაა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა ბიზნესია და ბიზნესი მთავარია. თუ ეს ტენდენცია მოედო მთელ მსოფლიოს, პუტინმა მშვენივრად იცის, რომ მალე სანქციებსაც დაივიწყებენ.
მაგრამ თუ სანქციები გაგრძელდა, ეს რუსეთის კატასტროფაა. ამიტომ პუტინი დიდ რისკზე მიდის, გამართლდება მისი რწმენა და სანქციები არ იქნება ხანგრძლივი, თუ - პირიქით? რაც მომაკვდინებელია რუსეთის ეკონომიკისათვის. თუმცა პუტინის რისკი ალბათ გათვლილია, მან კარგად იცის, ვისთანაც აქვს საქმე. მითუმეტს როცა ყველა სიკეთესთან ერთად ებოლას პრობლემაც დააწვა დასავლეთს, ამის გარდა ერაყი, ლიბია, სირია. ვნახოთ რა მოხდება.
ანუ ევროპა და ამერიკა დათმობენ პოზიციას?
- ვეჭვობ, რომ ევროპა ბოლომდე წავიდეს. ამერიკას თავისი პრობლემა აქვს, კონგრესის შუალედური არჩევნები, რეიგანისა და კენედის დრო წავიდა. რუსეთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიხევს, რეალური საფრთხე თუ დაინახა. პუტინი კი ტრაბახობს, მაგრამ იმ იარაღის შექმნას რაზეც საუბრობს, ისეთი მაკომპლექტებელი ნაწილები სჭირდება, რომელსაც რუსეთი ვერ აწარმოებს და მხოლოდ დასავლეთისგან უნდა მიიღოს.
არალის ზღვაში გიგანტური ნავთობმომპოვებელი სადგური რომ ჩადგეს, სულ ამერიკული და ნორვეგიული ტექნოლოგიით არის არჭურვილი - ესეც ბიზნესია, როდესაც სანქციებზე ლაპარაკობ და რუსეთს მარაგების შევსებაში ეხმარება - ლამის საუდის არაბეთის მოცულობის მარაგებია არქტიკაში, სადაც ამერიკა და ნორვეგია მშვენივრად თანამშრომლობენ რუსეთთან.
მთავარი ის არის, ჩვენ რა გაკვეთილს მივიღებთ - მთლიანად უცხოეთის იმედზე არ შეიძლება ვიყოთ, ვოლტერმა ორი საუკუნის წინ თქვა, ერთი კარგად მოწყობილი ფაბრიკა უფრო საჭიროა ქვეყნისათვის, ვიდრე ათი ხელშეკრულება უცხოეთის დახმარებაზეო. ჩვენს ეკონომიკას უნდა მივხედოთ და არ უნდა ვიყოთ ასოცირების ხელშეკრულების ან კაზანტიპის იმედზე, რომ თურმე ეს ბიზნესი ყოფილა...