„დაპირისპირება არა, მაგრამ კოალიციის დაშლა მოსალოდნელია“

„დაპირისპირება არა, მაგრამ კოალიციის დაშლა მოსალოდნელია“

რა ხდება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, დიდი ხანია განხილვის საგანია, თუმცა გასული კვირის ბოლოსათვის პოლემიკამ შედარებით მწვავე სახე მიიღო, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეს, რისთვისაც „გრიფით საიდუმლო“ პრეზიდენტს უნდა მოეხსნა. ერთკვირიანი მიმოწერის შემდეგ - ვინ დაარღვია კანონი, თუ სახელმწიფო საიდუმლოება? - რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ სამოქალაქო სექტორიც მონაწილეობდა, ის იყო, დასრულდა, რომ თემამ ხელახლა გაიჟღერა - პრემიერმა პრეზიდენტს პროცესის გაწელვა შეახსენა და პრეზიდენტის პასუხმაც არ დააყოვნა.

რას ნიშნავს ეს ყვლაფერი და რამდენად არის შესაძლებელი, კინკლაობა სერიოზულ უთანხმოებაში გადაიზარდოს, მოყვება თუ არა ზოგჯერ ღიმილისმომგვრელ პოლემიკას სერიოზული შედეგები, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ბატონო ვაჟა, დაპირისპირების მორიგ ეტაპთან გვაქვს საქმე თუ რა ხდება?

- არ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს, რომელზეც ამ პაპანაქება ზაფხულში საზოგადოების ყურადღების გადატანა ღირს, იმდენად, რამდენადაც თუ ვინმემ რამე დაარვია, ამის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა იყოს გაკეთებული, შესაბამისი უფლებამოსილი ინსტიტუციის მიერ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ დარღვევა მოხდა, ეპისტოლარულ ჟანრში ამ პრობლემის გადატანას, ჯობდა შესაბამის უწყებას ეთქვა, დაირღვა თუ არა კანონი, ნორმატიული დოკუმენტი. ვფიქრობ, ეს თემით ჟონგლიორობაა, რაც იმის ბრალია, რომ არც ერთი შტო ჩვენი დღვანდელი ხელისუფლების, სერიოზული პრობლემებით დაკავებული არ არის.

რა არის სერიოზული პრობლემები, რომლითაც ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული?

- გაქანებული ტურისტული სეზონია და ტურისტული ინდუსტრიის უფრო გამართული მუშაობა და ფუნქციონირება. ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ტურისტული ნაკადების შემოდინების ხელშეწყობის პოლიტიკა იქნებოდა სერიოზული თემა. ასევე სერიოზული თემა იქნება ეკონომიკის ამუშავებაზე განსჯის დაწყება და როგორც ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სექტემბრიდან სერიოზული აქცენტის გაკეთება ეკონომიკის აღორძინებაზე. ასევე, ამ ეტაპზე, იმ პროექტების ავ-კარგიანობაზე მსჯელობა, რასაც ჰქვია „აწარმოე საქართველოში“, მიკროდაფინანსებისთვის ხელშეწყობა და მიკროსესხების გაცემა, სამართლიანობის აღდგენის პროცესის მიმდინარეობა და კიდევ უამრავი პრობლემა, რომელიც უკეთესი იქნებოდა იყოს როგორც პოლიტიკური ელიტის, ასევე მედიისა და არასამთავრობოთა ყურადღების ცენტრში, და - არა რაღაც წვრილმანი კინკლლაობა, ვინ ვის რა წერილი მისწერა, ვინ მოხსნა „გრიფით საიდუმლო“, ვინ დაადო და ა.შ.

სამწუხაროდ, ჩენს პოლიტიკურ ელიტას სიმწიფე აკლია იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი განლაგება დაალაგოს და იცხოვროს ახალი კონსტიტუციური წესრიგის პირობებში.

კარგად ვერ გავიაზრეთ რა მოხდა, შინაარსი შევუცვალეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილსაც, თავად პრეზიდენტ მარგველაშვილის სახით, სურს, რომ პრეზიდენტი განიხილებოდეს იმ ძალაუფლებისა და უფლებამოსილების მატარებელ პირად, რაც იყო საკონსტიტუციო ცვლილებებამდე.

ასე არ შეიძლება, რადგან აქცენტი საკონსტიტუციო ცვლილებებით გადადიოდა პრემიერზე, რაც სააკაშვილის გეგმით თავად უნდა ყოფილიყო. ამიტომ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. გამომდინარე აქედან, ავდგეთ და ამ უწყებებს შორის კინკლაობით გავერთოთ, ეჭვებს გადავაყოლოთ ქვეყანა და ვილაპარაკოთ იმაზე, ვინ სად და რას უნდა მოაწეროს ხელი და ა.შ. ეს არის ძალიან წვრილმანი და არაარსებითი საკითხებით გატაცება.

ეს ყველაფერი ხომ არ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გადაიზარდოს?

- ვერ ვხედავ მხარეებს დაპირისპირებაში გადაზრდილი სიტუაციისთვის. რამდენადაც, ცალკეული პიროვნებების პატივმოყვარეობა და ამბიციები არ შეიძლება გახდეს ასეთი დაპირისპირების მამოძრავებელი. აქ საჭიროა რაღაც სერიოზული ძალების არსებობა, რომ ეს დაპირისპირება ანგარიშგასაწევ პროცესად იქცეს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რაიმე სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვეს პრეზიდენტ მარგველაშვილის განაწყენებას რაღაც ფაქტებით, ან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მკვახე შეძახილს რაიმე ფაქტთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას ჰყავს კარგი პრემიერი და კარგი პრეზიდენტი. ახლა მთავარია, რომ მათ ეს თავიანთი პოტენციალი საქმეში აჩვენონ და არ დაკავდნენ წვრილმანი კინკლაობით.

თვითონ დაპირისპირების ბოლო თემა რამდენად სერიოზულია?

- არავინ არ უარყოფს, რომ სააკაშვილს ჰქონდა სურვილი, თან ეშენებინა, თან ეს ყველაფერი ეკეთებინა კანონის მიღმა. ბევრი პროექტის ხარჯთაღრიცხვაც არ არსებობდა, ისე მიმდინარეობდა გრანდიოზული მშენებლობა - ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია და უნდა გამოიძიონ, იმის მიუხედავად მავანი დასავლეთში მიიჩნევს თუ არა, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება. მაგრამ, ეს ყველაფერი არა კანონის დარღვევით, არამედ კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული თემაა, რადგან საზოგადოებას აქვს არც თუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ათეულობით თუ ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა არამიზნობრივად.

რაღაც საქმეც კეთდებოდა, მაგრამ ასევე არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ფულის დიდი ნაწილი გაურკვეველი არხებით მოძრაობდა და მათ შორის ვიღაცეების ჯიბეებშიც ილექებოდა. სწორედ ეს იყო ის, რასაც ჩვენ ვეძახდით ელიტურ კორუფციას.

სწორედ აქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის შედეგად სააკაშვილს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს, ამ თემაზე კინკლაობა საეჭვოდ არ გეჩვენებათ?

- სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმართაობის გამო ეს ყველაფერი სპონტანურ ხასიათს იღებს და ლოგიკურად არ ებმება მოვლენები ერთმანეთს. არის ეჭვი, რომ შესაძლოა, სისტემურ დანაშაულსაც ეხებოდეს ეს ყველაფერი, სადაც ყველა იყო ჩართული. ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით და ჩვენს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. მერია იყო ეს, თავისი მუნიციპალური განვითარების ფონდით თუ სხვა სტრუქტურებით, დაცვის სახელმწიფო სამსხური, პრეზიდენტის უზარმაზარი სასახლის მშენებლობა თუ სხვა, სადაც საიდუმლო გვირაბები გაჰყავდათ. ამ ყველაფრის მომიზეზებით ხდებოდა ძლიან დიდი ფულის უკონტროლო ხარჯვა.

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შესწავლა სჭირდება, მაგრამ ისე რომ ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებას არ დაემსგავსოს. როდესაც შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკებიდან ფულის ამოღება და გაურკვეველ ფონდებში აკუმულირება ხდებოდა.

პრინციპში, რაც ახლა ხდება ამას დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან ბევრი რამ გამომდინარეობს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან, როდესაც ის, ვისაც ხმა მისცა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს, პოლიტიკიდან წავიდა. ამან გააჩინა სერიოზული პოლიტიკური ვაკუუმი და შექმნა პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმურობის პრობლემა.

ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, იმ პოლიტიკური სუბიექტებისადმი, რომლებიც შეადგენენ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ის ხმები, რაც მათ მიიღეს საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე, მასში სერიოზული როლი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს. ფორმალურად, ის გასულია პოლიტიკური არენიდან, ხოლო არენაზე დარჩა ის ხალხი, რომლის რეიტინგი არ შეესატყვისება იმ პროცენტებს, რომელიც ამ არჩევნებზე იქნა მიღებული. სწორედ ეს ქმნის ლეგიტიმაციის პრობლემებს და წარმოიშობა ისეთი პრობლემები, რომელიც გვაქვს. ეს იწვევს გარკვეული სუბიექტური ფაქტორების წამოწევას წინა პლანზე, მაგალითად - მარგველაშვილი ივანიშვილის ფავორიტი უკვე აღარ არის, რამაც ის შესაძლოა, ადამიანურად გაანაწყენა. აქედან გამომდინარეც ხდება მისი იგნორირება პრემიერის და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.

ეს პიროვნულად და ადამიანურად იწვევს გულისტკენას, რაც, არ არის გამორიცხული, გარკვეული პოლიტიკური პროცესების მაპროვოცირებელიც კი გახდეს. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, არენაზე ივანიშვილის და მისი მომხრეების მიერ პროგნოზირებული კოალიციის დაშლის შემდეგ მივიღოთ ახალი პოლიტიკური ძალა, მარგველაშვილი, თავისუფალი დემოკრატები და ლევან ვასაძე ერთად - მე ასეთი კონფიგურაციის პოლიტიკური ძალა წარმომიდგენია, თუ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა და რასაც „ქართული ოცნების“ სუბიექტები თავიდანვე პროგნოზირებდნენ.

ასეთ კონფიგურაციას ვხედავ ჰიპოთეტურად, რომელმაც შეიძლება ორი წლის შემდეგ შეცვალოს საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნების“ რეალურ საპირწონედ ჩამოყალიბდეს.

არ მგონია, რომ კათარზისის ბოლომდე არგანმცდელი ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. არადა კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება აუცილებელია. 2016 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ეს ძალიან უნდათ, ისინი ვერ წარმომიდგენია რეალურ პოლიტიკურ ძალად.

ასეთ ძალად უფრო წარმომიდგენია „ქართული ოცნების“ დაშლის პროდუქტის შედეგად ჩამოყალიბებული ალიანსი, მარგველაშვილი-ალასანია-ვასაძე. ალასანია, როგორც დასავლეთისთვის მისაღები ლიდერი და ვასაძე, როგორც საზოგადოებაში რეიტინგული ფიგურა.

გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოდანაც წასულია და პოლიტიკიდანაც და დაუსწრებლად, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელიც უცხოეთშია და თავის ფუნქციას იქიდან ასრულებს. ესეც სპეციფიკური და გასათვალისწინებელი მომენტია. ასე არ შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს, სააკაშვილი ან უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ან საქართველოში დაბრუნდეს და ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. სხვანაირად ეს პროცესი იქნება ყოველგვარ შინაგან ლოგიკას მოკლებული და არ განვითარდება - ერთი რეიტინგული ძალის ლიდერი (ივანიშვილი) პოლიტიკიდან გასულია, მეორე - უცხოეთშია (სააკაშვილი). მესამე ძალა ჯერ კიდევ არ ჩანს, რომელიც შეიძლებოდა დაეკავებინა ბურჯანაძეს ან პატრიოტთა ალიანსს. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და სწორედ ამიტომ ველი, პოლიტიკურ სპექტრში გარკვეულ ცვლილებებს - მგონია, რომ ეს წაადგება ქვეყანას.

ეს უთანხმოებაც, სახელისუფლებო შტოებს შორის, საამისო პრელუდიაა?

- ესეც ამისი შემადგენელი პატარა ნაწილია, რადგან როდესაც არ ვითარდება პოლიტიკური პროცესი, ლოგიკის შესაბამისად, თავს იჩენს არასერიოზული, წვრილმანი საკითხები, რომელიც ზედაპირზე ამოდის. სინამდვილეში ამას პოლიტიკური პროცესის სერიოზული ჩიხი განაპირობებს.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა როგორ წარმოგიდგენიათ?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლოს თავისი საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, შეიცვალოს აღკვეთის ეს სახე და მიეცეს უფლება პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს, პარალელურად კი გამოძიებასთან ითანამშრომლოს. შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტს ის დამნაშავეა თუ არა.

არ ვამბობ, რომ ეს ხვალ და ზეგ მოხდება, მაგრამ ისიც ლოგიკურია, რომ მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ლიდერი უნდა იყოს საქართველოში და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდეს. თუ არ მონაწილეობს - უნდა წავიდეს პოლიტიკიდან.

ესეც განაპირობებს ძალთა სერიოზულ გადალაგებას პოლიტიკურ ველზე თუ სწორედ ეს არის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი?

- იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოვლენები ვითარდება, პოლიტიკურ სპექტრში ცვლილებები, უბრალოდ, აუცილებელია.