ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ტოფიკ აბასოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღისთვის ფართომასშტაბიან ომს დაიწყებს, რომელშიც რუსეთიც იქნება ჩათრეული. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სოჭის შეხვედრა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტურ ვითარებას ვერ განმუხტავს და ომი აუცილებლად დაიწყება.
მართლაც, სოჭში სამმხრივმა მოლაპარაკებამ კონკრეტული შედეგის გარეშე ჩაიარა. ამ შეხვედრის ორგანიზატორ პუტინს მოწინააღმდეგე მხარეთა დაზავება არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, სოჭის შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაცვლად, სარგებელი ისევ პუტინმა მიიღო - ეს არის დაპირება სომხეთის მხრიდან, რომ სომხეთი აუცილებლად შევა საბაჟო კავშირში. ექსპერტების თქმით, პუტინი ერთადერთია, ვისაც ამ კონფლიქტის მოგვარება რეალურად არ აწყობს.
1991 წელს ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა საკუთარი არმია მნიშვნელოვნად გააძლიერა და ომისთვის ტაქტიკურად, ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად მოემზადა. ომის განახლების შემთხვევაში, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ნახჭევანიდან ერევნის საზღვრებს მიაღწიონ. არც სომხეთი ჩამორჩება სამხედრო მომზადებაში. სომხეთს გააჩნია ბალისტიკური რაკეტები, რომლის რადიუსიც 300 კილომეტრს აჭარბებს და ნებისმიერი აყვავებული ქალაქის ნანგრევებად ქცევა შეუძლია.
როგორ აისახება ყარაბაღის განმეორებითი კონფლიქტი საქართველოზე?!
„ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახლანდელი და 90-იანი წლების წინანდელი შეიარაღება განსხვავებულია. მასობრივი განადგურების იარაღი უკვე ორივე მხარეს აქვს და განადგურების ბევრად მეტი ტექნიკა და საშუალებებია. ასე რომ, ახლანდელი ომი ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება. თანაც, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც, ორივეს ძალზე ძლიერი ჯარი ჰყავს და ჩვენზე ალბათ ხუთჯერ მეტი შეიარაღება აქვთ.
გარდა ამისა, ყარაბაღის ომში შესაძლოა, რუსეთი და თურქეთი ჩაებას. ორივე ქვეყანა საქართველოს მის ტერიტორიაზე ჯარების გატარებას მოსთხოვს, რადგან თურქეთი შეეცდება, დაეხმაროს აზერბაიჯანს, ხოლო რუსეთი - სომხეთს. ამ შემთხვევაში, ჩვენ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვერ გავატარებთ ვერც ერთ და ვერც მეორე ჯარს და ამით გადავიკიდებთ სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც, რა თქმა უნდა, რუსებსა და თურქებსაც. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, ევროპამ და ნატომ გადაგვარჩინოს.
„თუ ყარაბაღში ომი გაჩაღდება, არ არის გამორიცხული, ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ შემოგვთავაზოს თავიანთი ჯარების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას, რადგან ჩვენი პორტები დაკავებული იქნება. თუ ნატოს ჯარები არ დაიკავებენ ამ პორტებს, მაშინ რუსეთის ჯარები ან თურქები დაიკავებენ. როგორც მინიმუმ, რუსები პირველნი დააპირებენ ფოთისა და ბათუმის აღებას და დესანტირებას. არ არის გამორიცხული, რუსებმა და თურქებმა ფოთი და ბათუმი დაიკავონ, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი თურქეთი უფრო ცივილიზებული სახელმწიფოა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში რას მოიმოქმედებს, უცნობია. ჯერ ახალი დაწყებულია ყარაბაღის კონფლიქტი და არავინ იცის, როგორ პროცესში გადაიზრდება. თუმცა ფაქტია, უკრაინის მაგალითი გადამდებია. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთის მარცხმა შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ყარაბაღის კონფლიქტის პროცესების პროვოცირება მოახდინოს, რადგან, თუ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში, მას მარცხი გარანტირებული აქვს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი და ფიქრობს, რომ თავისთავად, რუსეთი სომხეთს დაუჭერს მხარს, აზერბაიჯანს კი უბრალოდ, ეთამაშება.
რუსეთისთვის იდეალური ვარიანტია, აზერბაიჯანიც და სომხეთიც - ორივე დაიმორჩილოს, მაგრამ კარგად უწყის, რომ აზერბაიჯანის ერთადერთი გამოსავალი ალტერნატიული ენერგო მარშრუტების ათვისებაა და აზერბაიჯანს სულაც არ აწყობს, რუსეთის დაქვემდებარებაში იყოს ან რუსეთი ეუბნებოდეს, სად რა გაყიდოს და რამდენად. ასე რომ, მცდელობა, აზერბაიჯანი შეათრიონ საბაჟო კავშირში და რაღაცებსაც შეჰპირდნენ, ალბათ, რუსებს არ გამოუვათ, აზერბაიჯანელებს მათი არ სჯერათ. აზერბაიჯანში ხალხის განწყობა ბევრად უფრო რადიკალურ-ანტირუსულია, ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსების პირდაპირი ინტერვენცია არ ყოფილა. ასეთი განწყობა განაპირობა კულტურულმა ფენომენმა, რელიგიურ-ისტორიულმა დატვირთვამ. კერძოდ, ისინი ფიქრობენ, რომ ქართველების მიმართ რუსებს მეტი ლმობიერება ჰქონდათ, ვიდრე მუსულმანი ერების მიმართ, რომლებსაც იპყრობდნენ.
ყოფილი პოლიტპატიმარი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყარაბაღის ომის განახლების შემთხვევაში, შეიძლება ის რეგიონალური ომის ფორმატში გადაიზარდოს.
„რუსეთის მედიატორულმა მცდელობამ სრული კრახი განიცადა. სიტუაცია ქაოსურ ვარდნაში წავიდა, თანაც, აშკარად პასიურობენ მინსკის ჯგუფის სხვა წარმომადგენლები - ამერიკა, ევროკავშირი. პესიმიზმი არ მახასიათებს, მაგრამ მეც ვიზიარებ აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის მოსაზრებას, რომ ორივე მხარე მზად არის, დაიწყოს ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები. განსაკუთრებით, ეს აზერბაიჯანის ინტერესებშია და ის ყველანაირად მობილიზებულია. ვფიქრობ, აზერბაიჯანული მხარე ფაქტობრივად, ელოდებოდა თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ამიტომ, გარკვეულად, შეაყოვნეს საბრძოლო ოპერაციების განვითარება. ახლა, როცა ერდოღანის გამარჯვება აშკარაა, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, არმია დაიმორჩილა ერდოღანმა და პრეზიდენტი გახდა, ეს ნიშნავს, რომ ერდოღანის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება ომის შემთხვევაში. ომის დაწყებისას რუსეთი და თურქეთი აუცილებლად ჩაერთვებიან საბრძოლო კამპანიაში. რუსეთი სომხეთს დაუჭერს მხარს, თურქეთი - აზერბაიჯანს. საქართველოს როლი აქ უკვე აბსოლუტურად ნულია, არავინ არაფერს გვეკითხება, საქართველოს თავისი პრობლემები აქვს, შიდა და საგარეო კუთხით. დაახლოებით მეოთხე თაობის ომის მომენტი იქნება, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებით, უახლესი ტექნოლოგიებით, ორივე მათგანს გააჩნია „სმერჩის“ ტიპის, ასევე, ჩინური წარმოების საარტილერიო ზალპური სისტემები, რომელთა დაფარვის ზონა საკმაოდ მაღალია. აზერბაიჯანის ავიაციამ შეიძლება განახორციელოს დაბომბვები სომხეთის უშუალო ტერიტორიაზე, ისევე, როგორც სომხეთის ავიაციამ მიაყენოს დარტყმები აზერბაიჯანის ტერიტორიას. ბუნებრივია, ეს საქართველოზეც აისახება, რადგან კონფლიქტის გადმოდინების საფრთხე მაღალია,“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
იგი არ გამორიცხავს, საარტილერიო დაბომბვისას საქართველოს ტერიტორიაც მოჰყვეს, მოხდეს საჰაერო სივრცის დარღვევა როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ. აქვე გასათვალისწინებელია აზერბაიჯან-სომხური ადგილობრივი თემების ურთიერთობები, რაც ყველაზე რთულია. მესამე მომენტია ლტოლვილთა ნაკადი. ამ პროგნოზის გათვალისწინებით, ვახტამგ მაისაის ეეჭვება, ეს ამოცანები დღევანდელმა ხელისუფლებამ შეასრულოს.
„მორევი რომ ჩაითრევს ადამიანს, ისეა ჩვენი საქმე. შეიარაღებული კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის, თუმცაღა, რუსებმა შეიძლება აქედან რაღაც გეოსტრატეგიული მოგება მიიღონ, აქცენტი გადაიტანონ უკრაინიდან საქართველოსკენ და საქართველო თავისი გავლენის ორბიტის ზონაში მოაქციონ. ეს იქნება ლიბანიზაციის სცენარის განვითარება იმ ფონზე, როცა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ცივი ომის პირას არის მისული და შესაძლოა, ცხელი ომიც არ იყოს შორს.