"თურქი ბიზნესმენების საქმე"-რეალური კორუფციული ფაქტი თუ მორიგი საეჭვო სკანდალი

ორი თურქი ბიზნესმენი - თურქული სამშენებლო კომპანია "აქსმშენის" გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე - შსს-მ ქრთამის მიცემის, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

შპს "აქსმშენი" ორთაჭალაში იუსტიციის სამინისტროს ახალ შენობას აშენებდა. ზედამხედველობა კი იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებს - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა ჩიჩუასა და მის მოადგილეს ზაზა გადელიას ევალებოდათ. მათ, ასევე, უნდა განეხორციელებინათ შესრულებული სამიშაოს მიღება-ჩაბარება, თანხების ანაზღაურება და ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების კოორდინაცია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ უკვე გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რის საფუძველზეც, ზაზა ჩიჩუას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ზაზა გადელიას - 6 წლით. შპს "აქსმშენის" გენერალურ დირექტორს იორჰან აქსუს ქრთამის მიცემის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამ ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 218-ე მუხლებიც დაემატა, რაც გადასახადების გადაუხდელობასა და ანგარიშფაქტურის გაყალბებას გულისხმობს. საბოლოოდ კი, თურქ ბიზნესმენს 12 წლით აღკვეთა თავისუფლება.რაც შეეხება მის მოადგილეს, ქრთამის მიცემის გამო, ქართულ საპყრობილეში ის 5 წელს დაჰყოფს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქრთამის გადაცემა არ განხორციელებულა, ანუ ქრთამის მიცემისა და აღების ფაქტი დაფიქსირებული არაა - არ მომხდარა ფარული ვიდეოგადაღება და ჩაწერა. საქმეში აღნიშნულია, რომ თურქი ბიზნესმენებისა და ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების მიზეზი სატელეფონო საუბარი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქრთამის აღების ფაქტი, ოფიციალურად, დადასტურებული არაა, ქართველი მაღალჩინოსნების ქმედებას მიეცა შემდეგი კვალიფიკაცია:

იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომელთაც ევალებოდათ იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობის მშენებლობაზე ზედამხედველობა, გარკვეულ დარღვევებზე თვალის დახუჭვის მიზნით ქრთამს იღებდნენ.

თურქი ბიზნესმენების და ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების საქმეში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ფიგურირებს. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს ზაზა გადელიას ედავებიან, რომ შპს "აქსმშენს" ფონიჭალაში სახლი ააშენებინა. მხედველობაში არაა მირებული, რომ გადელია "აქსმშენს" სახლის მშენებლობაში ფულს უხდიდა. სასამართლომ ამ ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ზაზა გედელია დამნაშავედ ცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საელჩო უკვე დაინტერესდა ამ საქმით და ოფიციალურ ნოტას ამზადებს. როგორც ვარაუდობენ, ებრაელი ბიზნესმენების დაკავების შემდეგ, შეიძლება, ეს საქმე კიდევ ერთ სკანდალად იქცეს, რაც, სავარაუდოდ, ასევე უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და არც უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.