მთავრობა თანდათან უკან იხევს. ამჯერად ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, გამარჯვება უძრავი ქონების სეგმენტმა მოიპოვა. პრესის, უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო სექტორის შემდეგ, დაბეგვრას ქონების რეალიზაციაც გადაურჩა.
ხელისუფლება კერძო სექტორის სასარგებლოდ კიდევ ერთ დათმობაზე მიდის. ირკვევა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი ქონების რეალიზატორებს მოგების გადასახადს აღარ დააკისრებს. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
დღეს მოქმედი კანონით, ქონების რეალიზაცია მხოლოდ მაშინ იბეგრება, თუ საკუთრებაში 2 წელზე მეტი ხნით იყო. ახალი კოდექსის პროექტის თანახმად კი, თუ საკუთრებაში მყოფი ქონება საწყის ღირებულებაზე 30 ათასი ლარით ძვირად გაიყიდებოდა, რეალიზატორი 20%-იან მოგების გადასახადს გადაიხდიდა. ანუ დაბეგვრის არეალი იზრდებოდა, რის გამოც ექსპერტები უძრავი ქონების გაძვირებაზე ალაპარაკდნენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით მთავრობას უკანდახევა უწევს. პირველად კოდექსის შემქმნელებს ბეჭდვითმა მედიამ შეუტია. ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, მათ აღმასრულებელ ხელისუფლებას პარლამენტში პირობა დაადებინეს, რომ პრესას დღგ-თი აღარ დაიბეგრებოდა.
ამის შემდეგ უმაღლესმა სასწავლებლებმა გადაწყვიტეს თავდაცვა და საწადელსაც მიაღწიეს. დღგ-ს ბეგარა თავიდან მათაც აირიდეს და ბრძოლის დროშა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გადასცეს. საბოლოოდ, პირი მათაც არ შეურცხვენიათ და მთავრობას სამედიცინო აპარატურის დაბეგვრა გადააფიქრებინეს.
ფინიშის სწორზე კი უძრავი ქონების ბიზნესი გააქტიურდა და ქვეყნის მთავარ აღმასრულებელებს კიდევ ერთხელ მოუხდათ უკანდახევა. ქონების რეალიზაციისას ნამეტი მოგება საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება.
უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში ამტკიცებენ, რომ მთავრობას ამ დათმობაზე წასვლა იძულებით მოუხდა. უძრავი ქონების სააგენტო “გორო ჯგუფის” დირექტორ გიორგი ბარვენაშვილის განცხადებით, მთავრობა ქონების რეალიზაციისას მიღებული ნამეტი თანხის გაკონტროლებას მაინც ვერ შესძლებდა. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში არ არის ისეთი სოციალური მდგომარეობა, ხალხს ბინების და მიწის გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე გადასახადი გადაახდევინო. თუმცა, ბარვენაშვილი არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ ეს საკითხი 1-2 წლის შემდეგ რაღაც ფორმით ისევ გაააქტიუროს.
ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი დავით კოღუაშვილი ცოტა ხნის წინ პრესასთან საუბრისას აცხადებდა, რომ ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული ბაზის დაბეგვრის სირთულეებს აცნობიერებდა და მასზე მუშაობას აგრძელებდა.
“ფინანსთა სამინისტრო ამ პრობლემებს აცნობიერებს, ჩვენთანაქტიური კოორდინირებული მუშაობა მიდის. ჯერჯერობით, კოდექსისსაბოლოო ვერსიაზე ვერ შევჯერდით. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ,დაველოდოთ დაზუსტებულ და გადამუშავებულ პროექტს”, - აღნიშნავდაკოღუაშვილი.
მისი აზრით, ნამეტი შემოსავლის 20%-იანი საშემოსავლო გადასახდით გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯია. ამჯერად ბიზნესმენები ცდილობენ, მთავრობას წილების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან გათავისუფლებაც დაათმობინონ.